#ბს-259-255(კ-15) 8 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - გ. ქ-ე, თ. ქ-ე, ლ. ქ-ე, თე. ქ-ე, პ. ს-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 19 სექტემბერს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა - პ. ს-ი, გ., თ., თე. და ლ. ქ-ეები.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 ივლისის №882014394007-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და მესამე პირების საკუთრებაში არსებულ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის №882014394007-04 გადაწყვეტილებით შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის №AA2013042652-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 გადაწყვეტილებით მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2020 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი №... საკადასტრო კოდით.
მითითებული საარქივო ცნობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილებით მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით ასევე აღირიცხა 964 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით.
მოსარჩელის მითითებით, საკომლო წიგნის ამონაწერიდან ვლინდებოდა, რომ თ. ქ-ის კომლს სოფელ ... გააჩნდა 1,26 ჰა მიწის ნაკვეთი. ხოლო 1990 წლის 25 აგვისტოს „ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის“ თანახმად დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო თ. ქ-ის საცხოვრებელი სახლი, შეადგენდა 1264 მ2-ს, მაშინ, როდესაც პ. ს-ს, გ., თ., თე. და ლ. ქ-ეებს სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გადაეცათ საკუთრების უფლება 2020 მ2 მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №... . ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები.
მოსარჩელემ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურიდან განცხადებით მოითხოვა სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა, კერძოდ, 1992-1999 წლებში მ. ა-ისა და თ. ქ-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები და ზეღდულეთის საკრებულოს ის ოქმი და მის სახელზე გაცემული დადგენილება, რომელიც შეეხებოდა მ. ა-ისათვის და თ. ქ-ისათვის მიწის განაწილებას.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 21 ივლისის №AA2014041726-03 და 2014 წლის 21 ივლისის №AA2014041725-03 საარქივო ცნობებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 აგვისტოს №160815 და 2014 წლის 2 აგვისტოს №160822 გადაწყვეტილებებით მ. ა-ს ეცნობა, რომ მათთან მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არ იყო.
მოსარჩელემ 2014 წლის 31 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „...“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
შპს „...“ 2014 წლის 11 აგვისტოს №5 დასკვნის თანახმად, მ. ა-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და საჯარო რეესტრში მესამე პირების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ მ. ა-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 370,56 მ2 მდებარეობს საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით მესამე პირების თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მ. ა-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით მესამე პირების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ მ. ა-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 212,02 მ2 მდებარეობს საჯარო რეესტრში მესამე პირების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 და 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილებების მიღების დროს, იგი არსებითად განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით უკანონოდ აღირიცხა თავისი კუთვნილი ფართის ნაწილი, რაც მისი საკარმიდამო მიწის შემადგენელი ნაწილია.
ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, მესამე პირებს უფლების დამდგენი დოკუმენტაციით ეკუთვნით 1264 მ2 მიწის ნაკვეთი, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ მათ სახელზე აღრიცხა 2020 მ2, ანუ 756 მ2-ით მეტი.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 და 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილებები და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 სექტემბრის №185828 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 2020 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის გ. (პ/ნ...), თ. (დაბ. 2005 წლის 3 თებერვალს), თე. (პ/ნ ...), ლ. (პ/ნ ...) ქ-ეების და პ. ს-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში - №...საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა - 370 მ2 ფართის ნაწილში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 964 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის მესამე პირების საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა - 212,02 მ2 ფართის ნაწილში. ამასთან, მოსარჩელემ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 სექტემბრის №185828 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 2020 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის გ., თ., თე., ლ. ქ-ეების, პ. ს-ის საკუთრებაში №...საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 გადაწყვეტილება შპს „...“ 2014 წლის 11 აგვისტოს №5 დასკვნის №2 დანართზე მითითებული 370 მ2 ფართის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 964 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის გ., თ., თე., ლ. ქ-ეების, პ. ს-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილება შპს „...“ 2014 წლის 11 აგვისტოს №5 დასკვნის №3 დანართზე მითითებული 212.02 მ2 ფართის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მ. ა-ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 სექტემბრის №185828 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების (საჩივრის) საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეესწავლა მითითებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელისა და მესამე პირების (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით მიეღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონის სოფელ ახალსოფელის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით თ. ქ-ის კომლის წევრები არიან ლ, გ., თ. ქ-ეები და პ. ს-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 90 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1980 წელს; მიწის განაწილების სიებში 1993-1998 წლების მდგომარეობით თ. ქ-ის სახელზე ირიცხება 1,26 ჰა მიწა (პირველი კატეგორია).
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის №AA2013042652-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, 2014 წლის 7 მარტს მესამე პირების საკუთრებაში №...საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 2020 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), საცხოვრებელ სახლთან ერთად და №... საკადასტრო კოდით 964 მ2 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ფართები.
გორის რაიონის სოფელ ... 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, მ. ა-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 230 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1976 წელს და 0,25 ჰა მიწის ფართობი; მიწის განაწილების სიებში 1993-1998 წლების მდგომარეობით მ. ა-ის სახელზე ირიცხება 0,86 ჰა მიწა (პირველი კატეგორია), ხოლო 1996-2007 წლების საკომლო წიგნში გადახაზულია და მითითებულია, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში.
მითითებული საარქივო ცნობის საფუძველზე, მ. ა-მა მიმართა გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, რომელზეც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №...და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება; შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ხოლო მ. ა-ის საჩივარი სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე განუხილველად დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ მიერ 2014 წლის 11 აგვისტოს გაცემული დასკვნის თანახმად, მ. ა-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის ადგილი ჰქონდა გადაფარვას: №...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე - 370 მ2-ის ნაწილში, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე - 212,02 მ2-ის ნაწილში.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ა-სა და მესამე პირებს უფლების დამდგენი დოკუმენტის - საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, თუმცა ამ დოკუმენტაციით უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები არ დგინდება.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში მესამე პირების სახელზე საკუთრების სადავო რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით და მხოლოდ მათ მითითებებზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტს არ ეყრდნობოდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, მესამე პირების საკუთრებაში მოექცა მის ეზოსთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც ადრიდანვე მისი მშობლები ფლობდნენ და სარგებლობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მესამე პირების საკუთრებაში სადავო რეგისტრაციით აღირიცხა მის ეზოსთან მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომლებზეც უტყუარად და სრულყოფილადაა გასარკვევი მოსარჩელისა და მესამე პირთა (ან სხვა პირთა) საკუთრების უფლება.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული იქნა ო. ვ-ი, ა. ბ-ი, მ. ს-ე, ა. და ნ. მ-ები. მესამე პირების შუამდგომლობით დაკითხული იქნა - მ. ე-ი, ს. ყ-ი და რ. ჯ-ი.
ო. ვ-ის (მ. ა-ის შორეული ნათესავი, თ. ქ-ის კლასელი, მიწის განაწილების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე), ა. ბ-ის (საკრებულოს ყოფილი გამგებელი), მ. ს-ის (თ. ქ-ესთან ჰქონდა მცირე კონფლიქტი), ა. და ნ. მ-ების (მოსარჩელისა და მესამე პირების მეზობელი) განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის ა-ების მამა-პაპის მფლობელობაში იყო. შემდგომში ეს ადგილი ნაგავსაყრელად იქცა, თუმცა ა-ებმა სატვირთო ავტომანქანებით მიწა გამოიტანეს, ამოავსეს, დარგეს კაკლისა და სხვა ნარგავები; საავტომობილო გზის გაყვანის გამო ალავარდაშვილების კუთვნილი მიწა ორად გაიყო - სახლი და მიწის ნაკვეთის ნაწილი გზის ერთ მხარესაა, ხოლო მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილი გზის მეორე მხარეს; სადავო მიწას ესაზღვრება ე.წ. „...“; მ. ა-ის დედამ, ქ-ეების თხოვნის საფუძველზე, მათ დაუთმო დაახლოებით 4 მეტრი სიგანის მიწა, სადაც ქ-ეებმა გაავლეს რკინა-ბეტონის ღობე.
მ. ე-ის ჩვენებით (მხარეთა მეზობელი), სადავო მიწის ადგილზე იყო ნაგავსაყრელი, რაც ურიკისა და ავტომანქანის საშუალებით მიწით ამოავსეს ქ-ეებმა და მათ მფლობელობაშია.
ს. ყ-ის ჩვენებით (მხარეთა მეზობელი, თ. ქ-ის ყოფილი თანამშრომელი), სადავო მიწის ადგილზე იყო ნაგავსაყრელი, რომელიც არავის საკუთრებაში არ იყო.
რ. ჯ-ის ჩვენებით (მხარეთა მეზობელი) სადავო ნაკვეთთან მდებარე წყაროს ჰქვია „ყ...“. იქ არსებული ნაგავსაყრელი არა კონკრეტულად რომელიმე ოჯახმა, არამედ მთელმა სოფელმა ამოავსო მიწით, რომელიც დღეს ქ-ეების მფლობელობაშია.
რაიონული სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს მესამე პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა და თვით საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო მონაცემებს, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებს. დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მესამე პირების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ზოგადად ქმნიდა უძრავი ქონების მათ სახელზე აღრიცხვის საკმარის საფუძველს, თუმცა საკომლო წიგნის ჩანაწერში მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არ არის, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო დამატებითი ზომები, რათა ზუსტად განესაზღვრა მათი საკუთრების ადგილმდებარეობა და ამით გამოერიცხა სხვა პირთა უფლებების შელახვა.
რაიონული სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მაშინ, როდესაც აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული გარემოებების დადგენა გორის სარეგისტრაციო სამსახურის ვალდებულებაა. კერძოდ, საკითხის ხელახლა განხილვისას მან უნდა შეისწავლოს სადავო მიწის ნაკვეთებზე მხარეთა (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით მიიღოს გადაწყვეტილება ამ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
რაიონული სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, მათ შინაარსს. შეაფასოს ამ ჩვენებათა ურთიერთშესაბამისობა, ურთიერთწინააღმდეგობა და სისწორე საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, და სანდოობისა და დამაჯერებლობის ხარისხის მიხედვით, გაითვალისწინოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ უნდა დაეზუსტებინა აპელანტთა ვინაობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით დააზუსტა აპელანტი მხარეები და აპელანტებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა განსხვავებული სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ და რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი მხოლოდ მაშინ, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესა და მესამე პირებს, მართალია, საარქივო ცნობის საფუძველზე ერიცხებათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ საარქივო ცნობაში არ არის მითითებული მათი ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე, არც სხვა რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი არსებობს, რომლითაც დადგინდებოდა მოსარჩელისა და მესამე პირების კუთვნილი მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დაადგინონ სადავო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძლოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოებისათვის აღნიშნული გარემოების დადგენის დავალდებულება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მარეგისტრირებელმა ორგანოებმა ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე, ამავე მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები კანონს არ ეწინააღმდეგება. ამასთან, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად განსაზღვრულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთების მესამე პირების სახელზე აღრიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საჯარო რეესტრში წარდგენილი როგორც მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ასევე 2013 წლის 28 ოქტომბრის საარქივო ცნობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით მესამე პირების საკუთრებად აღირიცხა ის მიწის ნაკვეთიც, რომელიც მანამდე მის კანონიერ სარგებლობაში იმყოფებოდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობით ვერ დგინდება მ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, შესაბამისად, ვერ დგინდება, რომ მესამე პირების სახელზე აღირიცხა სწორედ ის მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, რომელსაც მანამდე ფლობდა მოსარჩელე მ. ა-ი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნისა და მასში არსებული მონაცემების გაზიარება ვერ მოხდებოდა სასამართლოს მიერ, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის საკითხის დადგენა წარმოადგენს არა ექსპერტის კომპეტენციას, არამედ სამართლებრივ კატეგორიას და, შესაბამისად, სასამართლოს კომპეტენციას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრებ პირთა ნაწილის მიერ შედგენილ აქტზე, რომლის თანახმად, მასზე ხელმომწერი პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ე.წ. „...“ უბანში მდებარე ბუნებრივი წყაროს მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფლის საუბნო გზა, ჩრდილო-დასავლეთიდან მდინარე ბერშოულა, სამხრეთის მხრიდან - ... გზა (გზის ამ მონაკვეთზე სამხრეთით მდებარეობს მ. ა-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი), დასავლეთის მხრიდან - თ. ქ-ის ოჯახის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოსაზღვრულია ღობით - ნაწილობრივ ე.წ. „სეტკით“, ნაწილობრივ ე.წ. „ბეტონით“, ხოლო აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფლის საუბნო გზა. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს მ. ა-ის ოჯახის კუთვნილ მამა-პაპურ მიწას. 40-იან წლებში ორივე მიწის ფართი - საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ბუნებრივი წყაროს მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა მ. ა-ის ოჯახის საკუთრებას. შემდგომში ცენტრალური საავტომობილო გზის გაყვანასთან დაკავშირებით ეს მთლიანი ნაკვეთი გზამ გაყო ორ ნაკვეთად, ერთი დარჩა გზის ჩრდილოეთით (ბუნებრივი წყაროს მიმდებარე ტერიტორია), ხოლო მეორე გზის სამხრეთით (მ. ა-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი). ბუნებრივი წყაროს მიმდებარე ტერიტორია წლების წინ წარმოადგენდა დამრეც ფერდობს, რომელშიც შემდგომში დიდი რაოდენობით (დაახლოებით 100-მდე სატვირთო მანქანით) მიწა შეიტანა მ. ა-ის ოჯახმა და გააშენა კაკლის ნარგავები. ორივე ამ მიწის ფართი დღემდე მ. ა-ის ოჯახის მფლობელობაშია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის შედეგადაც მიღებული იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-მა საარქივო ცნობის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების დარეგისტრირება სადავო უძრავ ქონებაზე, თუმცა უარი ეთქვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო.
კასატორის მოსაზრებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა არა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი სამართლებრივი აქტით არ დასტურდებოდა მისი საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, არამედ იმის გამო, რომ ადგილი ჰქოდნა ინსტრუქციით გათვალისწინებულ ზედდებას. რაც იმას ნიშნავს, რომ მ. ა-ს მესამე პირებზე ადრე რომ მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით, მარეგისტრირებელი ორგანო დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რადგან იმ დროისათვის არ იარსებებდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ მ. ა-ი და მისი ოჯახი ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით და ასეა დღესაც. აღნიშნულს ადასტურებს როგორც მისი შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ახსნა-განმარტებები, ასევე ის ფაქტიც, რომ მესამე პირების სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი მის მიერ შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთის ნაწილშია მოქცეული.
კასატორმა მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მას უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 და 96.2 მუხლები, ამავე კოდექსის 53.1 და 53.5 მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლი და აღნიშნავს, რომ მესამე პირების სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციით დაირღვა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, ვინაიდან მას გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმის გამო, რომ მესამე პირებზე უფრო ადრე არ მიმართა საჯარო რეესტრს.
კასატორის მითითებით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების საკითხი და დავის საგანი შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, მტკიცების ტვირთი ეკისრებათ ადმინისტრაციულ ორგანოებს და არა მოსარჩელეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 25 ივლისს მ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და გორის არქივის 2014 წლის 24 ივლისის №AA2014040035-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 854,3 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებას დაურთო 1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, 3) საარქივო ცნობა.
მ. ა-ის 2014 წლის 25 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 ივლისის №882014394007-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და მესამე პირების სახელზე საჯარო რეესტრში №...და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად, მ. ა-ს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის №882014394007-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო.
2014 წლის 11 აგვისტოს მ. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 და 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 სექტემბერის №185828 გადაწყვეტილებით მ. ა-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
საქმეში წარმოდგენილია გორის არქივის 2013 წლის 28 ოქტომბრის №AA2013042652-03 საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ გორის რაიონის სოფელ ა-ის 1996-2007 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით თ. ქ-ის კომლის წევრები არიან ლ, გ., თ. ქ-ეები და პ. ს-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 90 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1980 წელს. მიწის განაწილების სიებში 1993-1998 წლების მდგომარეობით თ. ქ-ის სახელზე ირიცხება 1,26 ჰა მიწის ნაკვეთი (პირველი კატეგორია).
მითითებული საარქივო ცნობის საფუძველზე, მესამე პირებმა 2014 წლის 28 თებერვალს მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებას თან დაურთეს 2013 წლის 28 ოქტომბრის №AA2013042652-03 საარქივო ცნობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით და კომლის წევრთა პირადი მონაცემები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 გადაწყვეტილებით მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2020 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №...საკადასტრო კოდით. ასევე, ამავე სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 7 მარტის №882014106495-03 გადაწყვეტილებით მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 964 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით, მდებარე გორის რაიონი, სოფელი ა-ი.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გორის არქივის 2014 წლის 24 ივლისის №AA2014040035-03 საარქივო ცნობის თანახმად, გორის რაიონის სოფელ ... 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, მ. ა-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 230 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1976 წელს და 0,25 ჰა მიწის ფართობი. მიწის განაწილების სიებში 1993-1998 წლების მდგომარეობით მ. ა-ის სახელზე ირიცხება 0,86 ჰა მიწის ნაკვეთი (პირველი კატეგორია).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მესამე პირების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უპირობოდ ქმნიდა თუ არა საკუთრების უფლების მათ სახელზე რეგისტრაციის საფუძველს იმ პარამეტრებითა და საზღვრებით, რაც მათ მიერ იქნა მოთხოვნილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ამონაწერი საკომლო წიგნიდან, რაც მ. ა-ს გააჩნდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მ. ა-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი გორის არქივის 2014 წლის 24 ივლისის საარქივო ცნობაზე, რომლის საფუძველზეც, მ. ა-ის სახელზე ირიცხება მიწის ნაკვეთი, თუმცა არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები. ასევე, მიუთითებს მ. ა-ის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის ა-ების მფლობელობაში იყო. შემდგომში ეს ადგილი ნაგავსაყრელად იქცა, თუმცა ა-ებმა სატვირთო ავტომანქანებით მიწა მოიტანეს, ამოავსეს, დარგეს კაკლის ხეები და სხვა ნარგავები. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმაზე, რომ მესამე პირების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციით მ. ა-ის მიერ მყარი მიჯნით (ნაწილობრივ ე.წ. „სეტკით“, და ნაწილობრივ ე.წ. „ბეტონით“) შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ნაწილი მოექცა მესამე პირების საკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს განსახილველი საქმისადმი მ. ა-ის კანონიერი ინტერესის არსებობას.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინიდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მ. ა-ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ასევე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მ. ა-მა ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით მესამე პირების საკუთრებად აღირიცხა ის მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც მანამდე მის კანონიერ სარგებლობაში იმყოფებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან აღნიშნული აქტებით სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირების სახელზე, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს წარმოეშვათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას. ასეთი აქტის გამოცემით დაინტერესებულ მხარეს, მოცემულ შემთხვევაში მესამე პირებს, კანონიერი ნდობა წარმოეშვათ აქტის მიმართ. ამდენად, აღნიშნული მუხლი კრძალავს კანონსაწინაარმდეგო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობას, როდესაც დადგენილია დაინტერესებული მხარის - აქტის ადრესატის, კანონიერი ნდობის უფლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მაშინაც კი, თუ იგი კანონსაწინააღმდეგოა. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან ამ აქტებით სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მესამე პირების სახელზე. მათი ბათილად ცნობა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდება, რომ ამ აქტების გამოცემით, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში მესამე პირების სახელზე რეგისტრაციით, არსებითაც ილახება მ. ა-ის უფლებები და კანონიერი ინტერესები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა მესამე პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში, მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან - კანონიერების პრინციპთან, არამედ აღნიშნული აქტებით არსებითად ილახება მ. ა-ის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მოთხოვნა უგულვებელყოფილი იქნა მარეგისტრირებელი ორგანოების მიერ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს, ისევე როგორც მესამე პირებს, უფლების დამდგენი დოკუმენტის - საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, საკუთრების უფლება გააჩნიათ უძრავ ქონებაზე, თუმცა აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტებით უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები არ დგინდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთების მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით და მხოლოდ მათ მითითებეზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტს არ ეყრდნობოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, მართალია, ფორმალურად ქმნიდა უძრავი ქონების მათ სახელზე რეგისტრაციის საფუძველს, თუმცა საკომლო წიგნის ჩანაწერში მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არ იყო. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ერთობლივი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოებს ზუსტად უნდა განესაზღვრათ მესამე პირების საკუთრების ადგილმდებარეობა კონფიგურაცია და საზღვრები, რომლის მეშვეობითაც გამოირიცხებოდა სხვა პირთა უფლებების შელახვა. ამასთან, გორის სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა ტექბიუროს არქივში დაცულ დოკუმენტაციასა და რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან. დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა და განესაზღვრა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს მ. ა-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 400 ლარის ოდენობით (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით; სულ – 400 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 სექტემბრის №185828 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მარტის №882014106474-03 და №882014106495-03 გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის (100+300) ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი