საქმე =ბს-551-538(3კ-14) 29 ოქტომბერი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, წარმომადგენელი: ნ. მ-ა (25.08.2014წ. =64678 მინდობილობა); გ. ა-ე, წარმომადგენელი: ჯ. ქ-ი (04.04.2014წ. =140332062 მინდობილობა); მ.ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე, წარმომადგენელი: ი. ნ-ი (16.09.2014წ. =141004536 მინდობილობა); შპს ,,...“
დავის საგანი - სააღსრულებო მოქმედებების გაუქმება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ.მ-ემ 18.03.2013წ. განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, კერძოდ, ქ.ბათუმში, ... ქ.45/...ქ.79-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2013წ. განჩინებით მ.მ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ... ქ.45/...ქ.79-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შესახებ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, განჩინება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
მ.მ-ემ 28.03.2013წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების მ.ზ-ის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს ,,...“ მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის და კერძო აღმასრულებელ მ.ზ-ის მიერ ჩატარებული სააღსრულებო წარმოების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასსა და გ.ა-ეს შორის 04.03.2012წ. დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ.მ-ეს გადაეცა 40 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 4%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.მ-ის საკუთრებაში რიცხული, ქ.ბათუმში მდებარე უძრავი ქონება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 27.08.2012წ. ნოტარიუს ლ.ჭ-ას მიერ იპოთეკარ გ.ა-ის მიმართვის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი მ.მ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსასრულებლად გადაეცა კერძო აღმასრულებელ მ.ზ-ეს, რომელმაც მოსარჩელის თქმით მას არ შეატყობინა ის ფაქტი, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში აპირებდა მისი ქონების რეალიზებას აუქციონის მეშვეობით. არასწორია საფოსტო უკუგზავნილზე გაკეთებული აღნიშვნა, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე (ქ.ბათუმი, ... ქ. 45) არ ცხოვრობს და ფართი გაქირავებულია, რადგან მოსარჩელე იმყოფებოდა ბათუმში და მუშაობდა საარჩევნო შტაბში. მოსარჩელე თვლის,რომ იძულებით აუქციონზე მისი უძრავი ქონება გაიყიდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რადგან მ.მ-ეს არ ჰქონდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების დაწყების, ქონების დაყადაღების და აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანის შესახებ, შესაბამისად, მას არ მიეცა საშუალება ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების გზით თავიდან აეცილებინა ქონების იძულებითი რეალიზაცია. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 14.6, 25.6 და 25.7 მუხლებზე მითითებით მ.მ-ემ აღნიშნა, რომ აღმასრულებელმა არ მოითხოვა საფოსტო სამსახურისგან სათანადო წესით გზავნილის ჩაბარება, მიიღო არასათანადოდ შევსებული უკუგზავნილი და დაუსაბუთებლად გამოიყენა ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ წინადადების საჯარო გამოქვეყნება. აღმასრულებელს აგრეთვე არ შეუდგენია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი, რითაც დაარღვია ,,საარსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მოთხოვნები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.2013წ. განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ.ა-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2014წ. გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ.ზ-ის მიერ 30.08.2012წ. შედგენილი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება, მ.მ-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ 31.12.2012წ. გამართული იძულებითი აუქციონის შედეგები და აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 04.04.2012წ. მ.მ-ესა და გ.ა-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 40 000 აშშ დოლარზე, სამი თვის ვადით, თვეში 4 %-ის დარიცხვით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.მ-ის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ... ქ. =45/...ქ. =79-ში მდებარე 55,61 კვ.მ ფართის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მ.მ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27.08.2007წ. იპოთეკარმა გ.ა-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლ.ჭ-ას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 27.08.2012წ. ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მ. მ-ეს გადასახდელი ვალდებულება შეადგენდა სულ 52 754 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. 27.08.2012წ. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით 30.08.2012წ. წარედგინა კერძო აღმასრულებელ მ.ზ-ეს, რომელმაც იმავე დღეს შეადგინა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ და შპს ,,...“ მეშვეობით ორჯერ გაუგზავნა მ.მ-ეს, რომელსაც გზავნილი არ ჩაბარდა, ჩაუბარებლობის მიზეზად მიეთითა, რომ ფართი გაქირავებული იყო და მ. მ-ე იქ აღარ ცხოვრობდა. 20.09.2012წ. მ.ზ-ემ ადგილზე მისვლით მოახდინა მ.მ-ის იპოთეკით დატვირთული ქონების აღწერა და დაყადაღება, რაზეც შეადგინა შესაბამისი აქტი. მ.ზ-ემ შეადგინა ოქმი, რომელშიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მოვალისათვის ჩაბარების მიზნით გამოცხადდა მოვალის მისამართზე, სადაც გაირკვა, რომ მოვალე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ერთი წელია ფართი გაქირავებულია მ.დ-ზე და შენობაში ფუნქციონირებს კაფე-ბარი, მ.დ-ის განცხადებით მ.მ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მ.ზ-ემ მიიჩნია, რომ მ.მ-ისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფობითი შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების სხვა საშუალებები ამოწურული იყო და 26.09.2012წ. მიიღო განკარგულება წინადადების საჯარო გამოქვეყნების შესახებ, რომელიც 27.09.2012წ. განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე. მ.ზ-ის მოთხოვნით შესრულებული 02.12.2012წ. დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, დაყადაღებული ფართის ღირებულებამ შეადგინა 120 000 ლარი. 31.12.2012წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი, რომელზეც გატანილ იქნა მ.მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება. უძრავი ქონების მესაკუთრე აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულებით გახდა კრედიტორი - გ. ა-ე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ზ-ის მიერ აღსრულების დაწყებისა და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადების საჯარო გამოქვეყნების პერიოდში მოვალე მ.მ-ეს არ ჰქონია შეცვლილი საცხოვრებელი მისამართი და არც მისი ადგილსამყოფელი იყო უცნობი, აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო მოვალის მისამართი, უძრავი ნივთის მდებარეობა: ქ.ბათუმი, ... ქ.45/...ქ.79. საფოსტო უკუგზავნილში მითითებული იყო, რომ მოვალე მისამართზე არ იმყოფება, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ ნიშნავს მისთვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობას და სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობას, რადგან მართალია მოვალე ფაქტობრივად არ იმყოფებოდა მისამართზე, თუმცა შეცვლილი არ ჰქონია საცხოვრებელი ადგილი, ის პერიოდულად მიდიოდა დამქირავებელთან, ამასთანავე 2012 წლის 01 სექტემბრიდან ამავე წლის 01 ოქტომბრამდე იყო ქ.ბათუმში, =52 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ აღსრულების მიმდინარეობის პერიოდში ადვოკატი ა. ბერია იყო მ. მ-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რადგან მინდობილობა გაცემულია 08.10.2012წ., ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ წინადადება შედგენილია 30.08.2012წ. და გამოქვეყნებულია 27.09.2012წ.. ამასთანავე, მართალია ა.ბერია 08.10.2012წ. მივიდა კერძო აღმასრულებელთან მოვალე მ.მ-ის მიმართ მიმდინარე საარსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თუმცა არ წარუდგენია სათანადო მინდობილობა, მინდობილობა აღმასრულებელს მხოლოდ იძულებითი აუქციონის გამართვის შემდეგ წარედგინა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ბ-ასთვის მ.მ-ის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ შეიძლება ჩიათვალოს მოვალისათვის ინფორმაციის მიწოდებად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“146, 147, 25-ე, სსკ-ის 71-ე, 73.1, 70.3, 73.7, 73.8, 74.3, 78-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ უნდა შეფასდეს რამდენად არსებობდა კერძო აღმასრულებლის მიერ სსკ-ის 78-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რისთვისაც უნდა დადგინდეს იყო თუ არა ამოწურული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული კორესპონდენციის ჩაბარების ყველა საშუალება.სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოების სამართლებრივ შედეგს ხშირად წარმოადგენს მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების მისი საკუთრებიდან იძულებითი გამოსვლა და რეალიზაცია, რაც განსაკუთრებით ზრდის სააღსრულებო წარმოების მნიშვნელობას. შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს მხარეთა უფლებების დაცვა იმ მხრივ, რომ მხარეს დროულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო მოქმედებებისა და მათი სამართლებრივი შედეგების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ზ-ის მიერ არ ყოფილა ამოწურული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისიწნებული გზავნილის ჩაბარების შესაძლებლობა, რადგან განხორციელებულ მოქმედებებთან ერთად აღმასრულებელს უნდა გამოეყენებინა სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ, მ.ზ-ეს შეეძლო უფლებამოსილი ორგანოებისგან მოეთხოვა ინფორმაცია მოვალის საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის ან სამუშაო ადგილის შესახებ, ასევე შეეძლო დაედგინა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მ.მ-ე საზღვარგარეთ ან მოვალის მოძებნა დაევალებინა პოლიციის შესაბამისი განყოფილების უბნის ინსპექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. სასამართლოს მოსაზრებით აღმასრულებელს უნდა ეცადა მ.მ-ეს დაკავშირებოდა მ.კ-ას მეშვეობით, რომელიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იყო მ.მ-ის წარმოამდგენელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დადგინდებოდა, რომ შეუძლებელია კორესპონდენციის მ.მ-ისათვის ჩაბარება, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნებოდა გამოეყენებინა სსკ-ის 78-ე მუხლი. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არასწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 78-ე მუხლი, თუმცა მიუთითა, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ აღნიშნული ქმედება არ ყოფილა ჩადენილი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალე მ.მ-ის მიმართ სააღსრულებო მოქმედებები ხელახლა უნდა იქნას ჩატარებული.
რაც შეეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულებას, სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183, 69.1, 75.3, 147.7, 147.8, 147.12 მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ. =21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესის და პროცედურების“ 1.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ მ.ზ-ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით მიმართვის შემდეგ, ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლის წარდგენილ დოკუმენტაციაზე ხარვეზი არ დადგენილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია ყველა გარემოება, რაც უკავშირდებოდა არსებული დოკუმენტაციის კანონშესაბამისობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ზაკ-ის 601 მუხლის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაუცველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გ. ა-ემ და მ. ზ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, გ. ა-ის და მ. ზ-ის საპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ სსკ-ის 78-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საჯარო შეტყობინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალებაა, რომელსაც უფლებამოსილმა პირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ ამოწურულია მხარის ინფორმირების სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა რესურსი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გზავნილები მ.მ-ეს გაეგზავნა მისამართზე: ქ. ბათუმი, ... ქ.=45, თუმცა მ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონების სრული მისამართია: ქ.ბათუმი, ... ქ. =45/ ...ქ. =79, ამასთან ფოსტის მუშაკის ჩანაწერებით პირველ შემთხვევაში გზავნილის მიმღებად მითითებულია მ.დ-ი, როგორც ,,ამხანაგი“ და ,,საიმედო პირი“, ხოლო იმავე თარიღის გზავნილის ეგზემპლარზე მითითებულია, რომ ფართი იყო გაქირავებული და მ.მ-ე აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. აღნიშნულ მისამართზე ადრესატის არყოფნის შესახებ მითითებულია აგრეთვე მეორე გზავნილზე. პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული საფოსტო დოკუმენტები არ იძლეოდა მ.მ-ის ადგილსამყოფელის შესახებ უტყუარ ინფორმაციას მათი ბუნდოვანების და ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს სსკ-ის 73-74-ე მუხლების მოთხოვნებს, შესაბამისად კერძო აღმასრულებელს არ უნდა მიეჩნია საჯარო შეტყობინების გამოყენების წინაპირობები შესრულებულად. არ იყო ამოწურული მხარის ინფორმირების ყველა რესურსი. ამასთანავე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.13წ. განკარგულების კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიუროს გააჩნდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 147 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის გამოყენების ვალდებულება, რის გამოც სახეზეა ზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გ. ა-ემ და მ. ზ-ემ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განჩინებაში მოყვანილი არგუმენტაცია გაუგებარი და ლოგიკურ მსჯელობას არის მოკლებული, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს დაავალა ისეთი სამართლებრივი ტვირთის ზიდვა, რომელიც სცილდება კანონმდებლობის ფარგლებს, ნერგავს რა უწყების ჩაბარების ახალ პრაქტიკას. სააპელაციო პალატას ჩიხში შეჰყავს აღსრულების და თავად სასამართლოს საქმიანობა, სასამართლო დაეყრდნო მოგონილ გარემოებებს და გასცა მოწინააღმდეგე მხარისათვის მაქსიმალურად მისაღები განმარტება. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლო ცვლის საპროცესო ნორმების გამოყენების აქამდე არსებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, მოითხოვს აღმასრულებლისგან ისეთი ქმედებების ჩატარებას, რომელსაც თავად სასამართლო არ ახდენს უწყების ჩაბარებისას. კასატორი თვლის, რომ ახალი სტანდარტი მორგებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე.
გ. ა-ის საკასაციო საჩივარში აღინიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აღმასრულებელმა მ.მ-ის ადგილსამყოფილის დასადგენად განახორციელა ყველა შესაძლო ქმედება, ამოწურა კანონით დადგენილი ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდგომ გამოიყენა საჯარო გამოქვეყნება, რისი უფლებაც მას მინიჭებული ჰქონდა ,,საარსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად. სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია, რადგან განჩინებაში ერთი მხრივ დადგენილია, რომ მ.მ-ეს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მეორე მხრივ გაზიარებულია მოწმის ჩვენება, რომ მ.მ-ე მიდიოდა გაქირავებულ მისამართზე თანხის ასაღებად, რაც თავისთავად გამორიცხავს აღნიშნულ მისამართზე მ.მ-ის ცხოვრებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სკ-ის მე-20 მუხლი ითვალისწინებს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კასატორმა აღნიშნა, რომ მ.მ-ემ თავის საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ბათუმი, ... ქ. 45, ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ აღმასრულებელს უნდა მოეძიებინა მ.მ-ის სხვა საცხოვრებელი მისამართი არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და საქმის მასალებიდან. კასატორმა მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.6, სსკ-ის 70-ე, 71-ე, 73-ე, 78-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მ.მ-ეს სარჩელში იგივე მისამართი ჰქონდა მითითებული, რომელიც აღმასრულებლისათვის იყო ცნობილი და რომელ მისამართზეც ორჯერ გაიგზავნა შეტყობინება. გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე მოვალის არყოფნის გამო, მითითება მისამართის უსწორობაზე გაკეთებული არ ყოფილა. ამდენად, წინმსწრები ქმედებების გათვალისწინებით, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო საჯარო შეტყობინების გზით მოეხდინა მოვალის ინფორმირება. ამასთანავე, მისამართის შეცვლის შემთხვევაში მოვალე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს აღმასრულებელს, თუმცა ეს ქმედება მ.მ-ეს არ განუხორციელებია, რადგან იგი განზრახ არიდებდა თავს ვალდეულების შესრულებას.
კასატორმა, კერძო აღმასრულებელმა მ. ზ-ემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განჩინებაში ასახული სსკ-ის 70-78 მუხლების განმარტება წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასა და დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან, სასამართლოს მითითებების პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელია.კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოყენებული იქნა მოვალის ინფორმირების ყველა შესაძლო გზა, რაც სასამართლომ საკმარისად არ ჩათვალა, თუმცა არ მიუთითა რა ღონისძიებების გატარება იქნებოდა საკმარისი. განჩინებით კერძო აღმასრულებელს უწესდება გზავნილის ჩაბარების ისეთი სტანდარტი, რომელსაც თვითონ სასამართლო არ იცავს. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მოსაზრება მოვალის პოლიციის მეშვეობით ძებნის სავალდებულოობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვერ შეძლებს საკუთარი რესურსებით სასამართლოს მითითებების შესაბამისად გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ.ა-ის, მ.ზ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ მ.მ-ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27.08.2012წ. იპოთეკარმა გ.ა-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლ.ჭ-ას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 27.08.2012წ. ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ. მ-ის გადასახდელი ვალდებულება შეადგენდა სულ 52 754 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, დადგინდა იპოთეკის საგნის: უძრავი ქონების რეალიზაცია, მოვალის საცხოვრებელ მისამართად მიეთითა: ქ.ბათუმი, ... ქ. 45. 27.08.2012წ. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით 30.08.2012წ. წარედგინა კერძო აღმასრულებელ მ.ზ-ეს, რომელმაც იმავე დღეს შეადგინა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ და შპს ,,...“ მეშვეობით ორჯერ 05.09.2012წ. და 10.09.2012წ. გაუგზავნა მ.მ-ეს, რომელსაც გზავნილები არ ჩაბარდა.
სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირება წარმოადგენს აღმასრულებლის ინიციატივით მოვალეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულებას (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.7 მუხ.). აღმასრულებლის ინიციატივით მოვალეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროის და ადგილის შესახებ აღმასრულებელს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით არ ევალება. სააღსრულებო წარმოების მხარეებს თავად შეუძლიათ გაეცნონ იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროის და ადგილის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ზრდის აღმასრულებლის მიერ აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირების ვალდებულების ზედმიწევნით კანონის მოთხოვნათა დაცვით შესრულებას, თუმცა არ ადასტურებს აღმასრულებელზე კანონით გაუთვალისწინებელი სტანდარტების დამკვიდრებას. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონი (17.7 მუხ.) აღმასრულებელს აკისრებს ვალდებულებას მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.6 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით. სსკ-ის 71-ე მუხლის მიხედვით, უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (1 ნაწ.), თუ პირს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება (მე-2 ნაწ.). ამავე კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. სკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, პირს შეუძლია ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება თუ იგი განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს. სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელე მის საცხოვრებელ ადგილად უთითებდა ქ.ბათუმში, ... ქ. =45-ში მდებარე ფართს, უკეთუ მოვალე მ.მ-ეს გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ადგილი, მ.მ-ეს უნდა მიეთითებია მისი მისამართი. მ.მ-ის სხვა მისამართი აღმასრულებლისათვის უცნობი იყო, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ ჩაბარდა მ.მ-ის ამ მისამართზე არყოფნის გამო. 04.04.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის (გამსესხებლის) მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემდა სააღსრულებო ფურცელს. ამდენად, მ.მ-ეს უნდა ჰქონოდა სააღსრულებო წარმოების მოლოდინი. აღნიშნულის მიუხედავად მ.მ-ეს კრედიტორისთვის არ უცნობებია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ზ-ის მიერ წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ მოვალე მ.მ-ეს ორჯერ (05.09.2012წ. და 10.09.2012წ.) გაეგზავნა სააღსრულებო ფურცელში (ტ.1, ს.ფ.16) მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, ... ქ. 45, თუმცა ფოსტის თანამშრომლებმა ვერ უზრუნველყვეს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება იმის გამო, რომ ფართი გაქირავებულია და მ.მ-ე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს (ტ.1, ს.ფ.19-21). დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საფოსტო დოკუმენტების წინააღმდეგობრივი შინაარსის და სსკ-ის 74.3 მუხლით განსაზღვრული ფორმადაუცველობის გამო დაუშვებელია მათი სარწმუნოდ მიჩნევა. სსკ-ის 74-ე მუხლი ამოქმედების დღიდან შედგება მხოლოდ ორი ნაწილისგან, ნორმას არ აქვს მე-3 ნაწილი, რომლის დარღვევაზეც უთითებს სააპელაციო სასამართლო. სსკ-ის 74.2 მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას, არ არის იმპერატიული ხასიათის, ვინაიდან კორესპონდენციის ჩამბარებელი გზავნილის გამგზავნისთვის დაბრუნებისას უთითებს იმ მონაცემებს, რომელიც მას მიაწოდეს მისამართზე მყოფმა პირებმა. ფოსტის მუშაკს არ აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს ადრესატთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ან აიძულოს მესამე პირები გასცენ ასეთი ინფორმაცია, შესაბამისად, ადრესატის მისამართზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილის ჩამბარებელს ყოველთვის არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს სსკ-ის 74.2 მუხლის მოთხოვნა და უწყების მე-2 ეგზემპლარზე მიუთითოს თუ სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას, რადგან შესაძლოა გზავნილის ჩამბარებელს მსგავსი ინფორმაცია არ მიაწოდონ, მით უფრო, რომ მ.დ-ი არ არის მ.მ-ის ოჯახის წევრი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 74.2 მუხლით დადგენილი მოთხოვნის შესრულების ვალდებულება გზავნილის ჩამბარებელს ეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მას ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში საფოსტო დოკუმენტებში მიეთითა, რომ ფართი გაქირავებულია და მ.მ-ე აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფოსტო დოკუმენტები წინააღმდეგობრივია, თუმცა ვერ უთითებს თუ რაში ვლინდება მათი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსი. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში დაცული სააღსრულებო მოქმედების განხოციელების შესახებ ოქმით (ტ.1, ს.ფ.104) დგინდება, რომ გზავნილის გაგზავნის მომენტში ფართი გაქირავებული იყო მ.დ-ზე, რომლის განმარტებით მ.მ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. 2012 წელს მ.მ-ის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტზე მითითება ხდება აგრეთვე დაზარალებულად ცნობის შესახებ 28.01.2013წ. დადგენილებაში (ტ.1, ს.ფ.29). სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა კერძო აღმასრულებლისათვის დაბრუნებულ გზავნილებში ასახული ინფორმაციის საქმის მასალებთან შესაბამისობაზე. ამასთანავე, არ გაითვალისწინა, რომ მ.მ-ეს საკუთარი ახსნა-განმარტებების გარდა არ წარმოუდგენია საფოსტო დოკუმენტების არანამდვილობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
გზავნილების ორჯერ გაგზავნის შემდეგ კერძო აღმასრულებელი მ.ზ-ე 20.09.2012წ. გამოცხადდა მოვალის მისამართზე: ... ქ./...ქ. 45/79, შეადგინა აღწერა-დაყადაღების აქტი (ტ.1, ს.ფ.102) და სააღსრულებო მოქმედების განხოციელების შესახებ ოქმი (ტ.1, ს.ფ.104), რომლებშიც მიეთითა, რომ ფართში განთავსებულია კაფე-ბარი, მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფებოდა, ფართი გაქირავებულია მ.დ-ზე, რომლის განმარტებით მ.მ-ეს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ აქვს, იგი იმყოფება საზღვარგარეთ და ქირის მისაღებად თავად უკავშირდება დამქირავებელს. აღნიშნულის შემდგომ 26.09.2012წ. მ. ზ-ემ მიიღო განკარგულება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების თაობაზე წინადადების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ (ტ.1, ს.ფ.105), წინადადება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 27.09.2012წ. (ტ.1, ს.ფ.106). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უფლებამოსილმა პირმა ისე გამოიყენა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალება - საჯარო შეტყობინება (სსკ-ის 78-ე მუხ.), რომ არ იყო ამოწურული მხარის ინფორმირების სსკ-ის 73.1 მუხლით გათვალისწინებული ყველა რესურსი. სააპელაციო სასამართლოს ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმის მასალების ჯეროვან ანალიზს. ამდენად, არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 147.8 მუხლი, რომლის მიხედვით აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. კერძო აღმასრულებელი მოვალის დაყადაღებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით და წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციას, მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის მასალებს, აგრეთვე იხდის შესაბამის საფასურს (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 147.5 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება კერძო აღმასრულებელ მ.ზ-ის მიერ წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის კანონშეუსაბამობა, ან კერძო აღმასრულებლის სააუქციონო განაცხადისათვის ხარვეზის დადგენის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, შესაბამისად არ არის დასაბუთებული სააპელაციო პალატის მითითება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 147.8 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დარღვევაზე.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა რა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.02.14წ. გადაწყვეტილება, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ.ზ-ის მიერ არ ყოფილა ამოწურული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული გზავნილის ჩაბარების შესაძლებლობები, რადგან განხორციელებულ მოქმედებებთან ერთად აღმასრულებელს უნდა გამოეყენებინა სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ, მ.ზ-ეს შეეძლო უფლებამოსილი ორგანოებისგან მოეთხოვა ინფორმაცია მოვალის საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის ან სამუშაო ადგილის შესახებ, ასევე შეეძლო დაედგინა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მ.მ-ე საზღვარგარეთ ან მოვალის მოძებნა დაევალებინა პოლიციის შესაბამისი განყოფილების უბნის ინსპექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 73-ე მუხლში (მე-7 და 71 ნაწილებში) ასახული ქმედებები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისთვის (უბნის ინსპექტორებისთვის), გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალება წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. მართალია, სააღსრულებო წარმოების სამართლებრივი შედეგი ხშირად არის უძრავი ქონების მოვალის საკუთრებიდან იძულებითი გამოსვლა და რეალიზაცია, რაც მოვალის ინტერესების დაცვის კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სააღსრულებო ქმედებების მართლზომიერად და გულისხმიერად განხორციელებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. სასამართლოს მოსაზრება, რომ აღმასრულებელს შეეძლო უფლებამოსილი ორგანოდან გამოეთხოვა ინფორმაცია მოვალის საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შეცვლის ან სამუშაო ადგილის შესახებ, არ ქმნიდა აუქციონის შედეგების გაუქმების პირობას. სსკ-ის 73-ე მუხლის მითითება, რომ სასამართლოს (განსახილველ შემთხვევაში - აღმასრულებელს) შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული შესაძლებლობები პირის მოსაძიებლად, აღმასრულებელს აღჭურავს უფლებით, თუმცა არ აკისრებს მას ვალდებულებას. მოწესრიგების დისპოზიციური ხასიათი გამორიცხავს სააღსრულებო ქმედების გაუქმების შესაძლებლობას, რადგან უკეთუ აღმასრულებლის მიერ შესრულებულია კანონით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილებების გამოუყენებლობა არ ქმნის სააღსრულებო ქმედებების გაუქმების წინაპირობებს. კანონმდებლობის მოთხოვნების ფორმალური დაცვა, სააღსრულებო ქმედებების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება, მოვალის უფლებათა დაცვასთან ერთად გულისხმობს ეფექტურ და რეალურ აღსრულებას, კრედიტორის ინტერესების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები, კერძოდ: ფოსტის მეშვეობით გზავნილის პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის შემდგომ, მეორედ გააგზავნა კორესპონდენცია სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც დამატებით კერძო აღმასრულებელი თავად გავიდა მისამართზე. მხოლოდ აღნიშნული ქმედებების შემდეგ იქნა მიღებული განკარგულება წინადადების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ამდენად, სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ მითითებული ქმედებების (შს ორგანოებისათვის ან თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიმართვა) უშედეგობის, მ.მ-ისათვის კორესპონდენციის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი იქნებოდა უფლებამოსილი გამოეყენებინა სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო გამოქვეყნება, არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძო აღმასრულებელი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი, სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედი ფიზიკური პირი (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 146 მუხ.), მოქმედებს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე, შესაბამისად დაუშვებელია კერძო აღმასრულებლისათვის იმაზე მეტი ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ კორესპონდენცია ადრესატისათვის არასწორ მისამართზე გაიგზავნა, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ გზავნილში უნდა მითითებულიყო არა ქ. ბათუმი, ... ქ. 45, არამედ ქ. ბათუმი, ... ქ. 45/ ...ქ. 79. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში, კერძოდ, 27.08.2012წ. სააღსრულებო ფურცელში (ტ.1, ს.ფ.15), 04.04.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (ტ.1, ს.ფ.24), მ.მ-ის მიერ 08.10.2012წ. გაცემულ მინდობილობაში (ტ.1, ს.ფ. 107), აგრეთვე თავად მ.მ-ის სარჩელში (ტ.1, ს.ფ.1) მ.მ-ის მისამართად მითითებულია: ქ. ბათუმი, ... ქ. 45. სწორედ ამ მისამართზე გააგზავნა აღმასრულებელმა კორესპონდენცია, რადგან არ არსებობდა მითითება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ (სსკ-ის 76-ე მუხ.).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ - 27.08.2012წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო მოვალე მ.მ-ის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონი გაიმართა 31.12.2012წ., სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულებით აუქციონზე უძრავი ნივთის შემძენი გახდა კრედიტორი გ.ა-ე. საქმეში დაცული სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 21.10.2012წ. ოქმით (ტ.1, ს.ფ.108) დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებელი მ.ზ-ე აუქციონის გამართვამდე ორი თვით ადრე - 21.10.2012წ. 13:27 სთ-ზე ესაუბრა მოვალე მ.მ-ის წარმომადგენელს ა.ბ-ას, რომელსაც განემარტა, რომ მოვალე მ.მ-ის მიმართ, მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მოსალოდნელი იყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, მოვალის მიერ ვალდებულების დაუყონებლივ შეუსრულებლობის ან მხარეთა შორის მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში. უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მ.მ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული საუბარი არ უნდა იქნეს მიჩნეული მოვალისათვის შეტყობინების ჩაბარებად, რადგან იმ პერიოდში აღმასრულებლისთვის არ იყო წარდგენილი ა.ბ-ას სახელზე გაცემული მინდობილობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.მ-ემ 08.10.2012წ. გასცა =121086947 მინდობილობა 1 წლის ვადით, რომლითაც ა.ბ-ას მიენიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა მ.მ-ე სააღსრულებო ბიუროში ან კერძო აღმასრულებელთან მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისას. სსკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით შეტყობინება ბარდება მხარეს ან მის წარმომადგენელს,რომელიც ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მარწმუნებელს. შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამასთანავე, შეტყობინება მხარეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებელია ჩაბარდეს არამარტო ფოსტის, არამედ ტექნიკური საშუალების (ტელეფონის, ფაქსის) გამოყენებით, რის შესახებაც უნდა შედგეს სათანადო აქტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის შეტყობინების ჩაბარებას (სსკ-ის 73-ე მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ აუქციონის გამართვამდე თითქმის ორი თვით ადრე კერძო აღმასრულებელი მ.ზ-ე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მოვალე მ.მ-ის წარმომადგენელ ა.ბ-ას და მიაწოდა მას ინფორმაცია იძულებითი აღსრულების მიმდინარეობის და თანმდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ. სატელეფონო საუბრის დროისათვის - 21.10.2012წ. ა. ბ-ა 08.10.2012წ. მინდობილობის თანახმად უკვე იყო მ.მ-ის წარმომადგენელი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოებებს მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ასახული მოსაზრებები არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების ყოველმხრივ შესწავლას და შეფასებას, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას მ.მ-ის საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ბათუმი, ... ქ. 45, თუმცა მეორე მხრივ დაზარალებულად ცნობის შესახებ საქმეში დაცული 28.01.2013წ. დადგენილებით (ტ.1, ს.ფ.29), ფართის დამქირავებელ მ.დ-ის და თავად მ.მ-ის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ 2012 წელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მ.მ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ქ. მოსკოვში. იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ, სააპელაციო პალატას უნდა გაერკვია მ.მ-ის მისამართზე დროებით არყოფნის პერიოდი და აღნიშნულის კავშირი აღსრულების პროცესთან.
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისაგან, განჩინება არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების არგუმენტაციას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა-ის, მ.ზ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი