Facebook Twitter

№ბს-10-10(2კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. ხ-ა

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, შპს ,,საპარტნიორო ფონდი“, შპს ,,...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 14 თებერვალს ო. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, სს „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ,,...“ მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2001 წლის 13 ივნისიდან ფლობს და განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ზუგდიდის რ/ნ სოფ. ..., საკადასტრო კოდით .... 2013 წლის 9 დეკემბერს მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფ. ..., საკადასტრო კოდით ....

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606381-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, რომლის საკადასტრო კოდია ..., მისი ნაკეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებაში, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2014 წლის 13 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882013606381-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან წარდგენილ არ იქნა ახალი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 13 ნოემბერს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის რეგისტრაცია მოხდა სახელმწიფოს სახელზე, რომლის რეგისტრაცის საფუძველი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა. 2012 წლის 2 აგვისტოს სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა სს ,,საპარტნიორო ფონდს“, საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების საფუძველზე, ხოლო ამავე წლის 28 სექტემბერს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი გადაეცა შპს ,,...“, 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანებისა და 2012 წლის 22 აგვისტოს სს ,,საპარტნიორო ფონდის“ №დ127-პრ-35 გადაწყვეტილების საფუძველზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606381-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 იანვრის №882013606381-05 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების, სს ,,საპარტნიო ფონდის“ 2012 წლის 22 აგვისტოს №დ127-პრ-35 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882009368999 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012422834 გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის სს ,,საპარტნიორო ფონდზე“ რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012949635 გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის შპს ,,...“ რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას მოახდინოს ცვლილებების რეგისტრაცია წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების, სს ,,საპარტნიო ფონდის“ 2012 წლის 22 აგვისტოს №დ127-პრ-35 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012422834 გადაწყვეტილების სადავო მიწის ნაკვეთის სს ,,საპარტნიორო ფონდზე“ რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012949635 გადაწყვეტილების შპს ,,...“ რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობის ნაწილში ო. ხ-ას სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად და მათი განხილვა შეჩერდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არ დაკმაყოფილდა სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართვლოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვის ბათილად ცნობის თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის №882009368999 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი ...) შესახებ - ო. ხ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (საკადასტრო კოდი ...) ზედდების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილების ო. ხ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606381-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება №882013606381-05 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ სადავო საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 13 ივნისს ო. ხ-ამ საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა დაუზუსტებელი მონაცემებით 567,6 მ2 მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ....

2013 წლის 9 დეკემბერს ო. ხ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბერს №882013606381-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა ო. ხ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის მონაცემებთან და დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენა.

მოსარჩელემ ვერ წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რის გამოც 2014 წლის 7 თებერვლს #882014004156-04 გადაწყვეტილებით ო. ხ-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ო. ხ-ას საკუთრებაში არსებული ნივთი 2009 წლის 20 ნოემბერს მოექცა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საზღვრებში, რეგისტრაციის საფუძველი იყო მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა.

სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი მოგვიანებით 2012 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა სს ,,საპარტნიორო ფონდის", ხოლო 2012 წლის 6 ოქტომბრიდან შპს ,,...“ საკუთრებაში.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ყველა გასაჩივრებულ აქტთან დაკავშირებული მოსარჩელის ძირითადი შედავება შეეხება მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემების ზედდებას.

სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას (უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...) მარეგისტრირებელმა ორგანომ დროულად არ დაფიქსირა ო. ხ-ას უკვე რეგისტრირებულ საკუთრებასთან (უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...) არსებული ზედდება, რასაც შედეგად მოჰყვა იმავე ნივთზე ახალი მესაკუთრის აღრიცხვა, ხოლო მეორე შემთხვევაში წინა მესაკუთრის სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტება და მესაკუთრის უფლებების რეალიზაცია შეუძლებელი გახდა, რადგან ნივთზე ახალი მესაკუთრე ისე დარეგისტრირდა, რომ წინა მესაკუთრეს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება.

მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის /საქმე №ბს-367-363 (კ-12)/ მიერ გაკეთებული განმარტებით.

სასამართლოს განმარტებით, სადავო შემთხვევაში ო. ხ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი სადავო არ გამხდარა და არ გაუქმებულა. არ არსებობს სადავო ქონებაზე საკუთების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ისე ო. ხ-ას საკუთრების მონაცემების დაზუსტებაზე უარის თქმისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, როგორიცა ნაკვეთების მონაცემების (საზღვრების) გადაფარვის მდგომარეობა, თარიღი, მიზეზი, ამ ნაკვეთის თავდაპირველი რეგისტრაციის მონაცემების ფიქსაცია ახალ კოორდინათა სისტემაში და ა.შ.

რაიონულმა სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის აქტი, რომელიც მიწის ნაკვეთების იდენტურობას დაამტკიცებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, მთლიანად მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადატანა არ შეესაბამება კანონით დადგენილ სტანდარტს. ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშიც.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომ მის კომპეტენციაა მხოლოდ არაელექტრონული მონაცემების შედარება არაელექტრონულთან ან ელექტრონულისა ელექტრონულთან და არაელექტრონული ინფორმაციის შედარება ელექტრონულთან მას არ ევალება. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის უპირველესი ფუნქციაა გამოირიცხოს უკვე რეგისტრირებული უფლების რეგისტრაცია სხვა პირის სასარგებლოდ სათანადო საფუძვლის გარეშე და ამ მიზნის მისაღწევად ტექნიკური პროცედურების გავლა მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრს შეუძლია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ო. ხ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართვლოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვის ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ხ-ას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №882009368999 სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი ...) შესახებ - ო. ხ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (საკადასტრო კოდი ...) ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილება ო. ხ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606381-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება №882013606381-05 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო რეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ აღნიშნული მიმართვა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ის არის მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადება და განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი სამართლებრივი აქტია, რომელიც წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოთხოვნის უფლებას.

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად წარმოადგენს ასევე იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც არის ქონების რეგისტრაციის ერთადერთი სამართლებრივი პირობა და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება. ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკრეტულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება, სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მომართვის წარდგენა, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ. იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობდა დაუზუსტებელი (თუმცა იდენტიფიცირებადი) მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო. საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემები ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.6 მუხლის, ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო და ხელმისაწვდომია. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ (სზაკ 95.2 მუხ.).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ მიღებულია საფუძველზე და ორივე ადმინისტრაციული ორგანოს -რეგისტრაციის სამსახურის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა დავის საგანს შეადგენს, ამასთანავე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია რეგისტრაციის შესახებ მიმართვის საფუძველზე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4

ნაწილის საფუძველზე აქტის გამოცემა უნდა დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

სააპელაციო პალატის მითითებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ სააგენტოს მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლეს წრმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (რომელიც მართავს და განკარგავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს), რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისადმი ახალი მიმართვის შედგენამდე, უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცეს მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიმართვის შესახებ.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. ო. ხ-ას უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება 2012 წლის 12 ივნისის მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულებით, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს 1999 წლის 10 დეკემბრის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობისა და კონფიგურაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც იმ დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელშიც აისახებოდა უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაცია. სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემოდა ,,სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე, სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული პირველადი სარეგისტრაციო მონაცემებს საფუძვლად დაედო აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოები. 1999 წლის 10 დეკემბერს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს უფლების სუბიექტის და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. მოწმობაში შეტანილი ჩანაწერები შესრულებული და დადასტურებულია რეგისტრატორის მიერ. კ. კ-ს სახელზე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე, აღნიშნული მოწმობასა და მის საფუძველზე 2001 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მითითებული მონაცემებით განხორციელებულია ზუგდიდის რაიონის, სოფელ ... მდებარე 567,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაუზუსტებული რეგისტრაცია

საჯარო რეესტრში. ამდენად საფუძველს არის მოკლებული ო. ხ-ას საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. რეგისტრატორის მიერ სახელმწიფოს სახელზე სადავო ნაკვეთის აღრიცხვისას რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი 1996 წლის 14 ნოემბრის ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია, დაინტერესებული მხარე ვალდებული იყო დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა რეგისტრაციისათვის. მითითებული. კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.).

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილი და 31-ე მუხლის მე-4 ნაწილები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ რომ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ნაკვეთის სხვა მახასიათებლებთან ერთად, შეიცავს აგრეთვე საკადასტრო გეგმას 1:1000 მასშტაბში ო. ხ-ას საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრებს, რაც ასევე იძლეოდა ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის საკმარის შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1999 წლის 10 დეკემბერს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის და 7.2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადავო ნაკვეთის აღწერილობის პარამეტრების გარდა შეიცავდა აგრეთვე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემებსაც, საკადასტრო გეგმას, უკანასკნელი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრის განკარგულებაში, ვინაიდან საჯარო რეესტრი პასუხისმგებელია უძრავიქონების საკადასტრო მონაცემების შექმნასა და შენახვაზე, ამასთანავე, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეესტრში რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მეზობლად მდებარე ნაკვეთი, რაც იძლეოდა ელვერსიით შედგენილი საკადასტრო ნახაზში სადავო ნაკვეთის მოსარჩელეზე აღრიცხვის დადგენის შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ო. ხ-ას სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითავლისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე

პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. აღნიშნული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება, რომლის საფუძველზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც საფუძვლად დაედო 2001 წლის 12 ივნისის მიწის ნაკვეთის ო. ხ-აზე გასხვისების ხელშეკრულებას არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში. საკადასტრო აღწერის შედეგების (საკადასტრო აზომვითი ნახაზის) WGS 84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში წარმოდგენა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ო. ხ-ას საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებოა აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად ო. ხ-ას სახელზე იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა ო. ხ-ას სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. ამდენად არ იკვეთება სადავო რეგისტრაციის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა აპელანტის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო. ხ-ას არ გაცნობია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, შესაბამისად აპელანტის მოთხოვნა სარჩელის ხანდაზმულადცნობის შესახებ ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ხ-ას სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №#2-16/163 გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ არ წარმოადგენს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის უფლებამონაცვლეს და განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 10.09.2004 წლის №77 დადგენილების (19.09.2012 წლამდე მოქმედი რედაქცია) მე-7 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს, ხოლო მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. ანუ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც საქართველოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენდა სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტროს 11.09.2012 წლის №1-1/1742 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.07.2007 წლის №1-1/24 ბრძანება. იქიდან გამომდინარე, რომ სამხარეო სამმართველოები წარმოადგენდენ ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, მათ მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც მოცემულ დავაში მონაწილეობდა მოპასუხის სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (12.11.2009 წლის 2-16/163 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში) და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ (20.11.2009 წლის №882009368999; 13.12.2013 წლის №882013606381-03; 13.01.2014 წლის №882013606381-05 და 06.02.2014 წლის №26157 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწლში), რაც შეეხება სსიპ ქონების მართვის სააგნეტოს იგი მართალია დასახელებულია მოპასუხედ, თუმცა სააგენტოს მიერ გამოცმეული აქტი გასაჩივრებული არ არის შესაბამისად კასატორის მოსაზრებით, იგი წარმოადგენს არასათანადი მოპასუხეს.

კასატორის მითითებით, ო. ხ-ა არასდროს ყოფილა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლებზეც ეკონომიკის სამინისტროსა და მისი სამხარეო სამმართველოს მიმართვების საფუძველზე განხორციელდა რეგისტრაციები. სასამართლოს არ დაუდგენია მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ დავაში დადგენილი იყო მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება გულისხმობს ახლად წარმოდგენილი მონაცემების უკვე არსებულ ზოგად საკადასტრო მონაცემებთან დამთხვევას. მიუხედავად იმისა, რომ დაუზუსტებელი მონაცემების დაზუსტება იმთავითვე მოიაზრებს არსებული მონაცემების შეცვლას, თავის მხრივ ცვლილება უნდა ემყარებოდეს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენული აზომვითი ნახაზის, უკვე არსებულ საკადასტრო რუკასთან ურთიერთშეჯერებით დაზუსტებულ მონაცემებს. თუმცა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც ო. ხ-ას მიერ იქნა წარდგენილი სააჯარო რეესტრში, შესრულებულია მისი დაკვეთით და იმ საზღვრების მინიშნებით, რომელიც მოსარჩელე მხარემ ცალმხრივად მიუთითა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის თაობაზე, საქმეში არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და სადავო რეგისტრაციით განხორციელებული მიწის ნაკვეთი ქმნიდა თუ არა მათი იდენტურობის თაობაზე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნული გარემოებების შეუფასებლობა დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, ქმნის გადაწყვეტილებიდ გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

კასატორი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმათან მიმართებაში, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრში ერთსა და იმავე ნაკვეთზე რეგისტრირებული იყოს ორი საკუთრების უფლება, მაგრამ სამინისტროსათვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ დავა მიმდინარეობს იდენტურ მიწის ნაკვეთებზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების შეფასება სასამართლოს არ მოუხდენია. სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, იყო თუ არა ო. ხ-ას საკუთრებად 2001 წელს დარეგისტრირებული და სახელმწიფო საკუთრებად 2009 წლიდან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტური. ასევე არ უმსჯელია იმ გარემოებაზე თუ რა სახით იქნა დარღვეული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონი.

კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობა არ დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ვინაიდან ო. ხ-ას ქონებასა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას მინიჭებული აქვს სხვადასხვა საკადასტრო კოდები.

მოსარჩელის ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისატრაცია განხორციელებულია საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა.

კასატორის მითითებით, ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად, არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიცირების საშუალებას და პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი მონაცემების შედარება არაელექტრონულ მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია იქმნება წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით, ობიექტის მკაცრად განსაზღვრული ატრიბუტიკის აღნიშვნით, რომლებიც ტოპოლოგიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი ელემენტები არ გააჩნია ქაღალდის ვერსიას, შესაბამისად, მათი შედარებით იდენტიფიცირება ვერ განხორციელდება. კასატორის განმარტებით, იმის გამო, რომ ო. ხ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ფართი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, არ იძლევა მისი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება), მოცემულ დავასთან მიმართებაში არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, არ შეუფასებია სახეზე იყო თუ არა გამოყენებულ გადაწყვეტილებაში ასახული და არსებული დავის ფაქტობრივ გარემოებათა იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის გადაწყვეტისათვის, არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ პროცესუალურ საფუძველს ქმნის.

საქმის მასალების თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართვლოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის №882009368999 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი ...) შესახებ - ო. ხ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (საკადასტრო კოდი ...) ზედდების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილების ო. ხ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606381-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების №882013606381-05 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ სადავო საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ო. ხ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ხ-ას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №882009368999 სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი ...) შესახებ - ო. ხ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (საკადასტრო კოდი ...)ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილება ო. ხ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606381-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება №882013606381-05 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1999 წლის 10 დეკემბრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე კ. კ-ას გამოეყო 567,6 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონ, სოფელ .... აღნიშნული ნაკვეთი 2001 წლის 12 ივნისის №2-1673 მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ო. ხ-ას (იხ. ტომი II, ს.ფ. 148).

2001 წლის 13 ივნისს ო. ხ-ამ საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაუზუსტებელი სახით დაირეგისტრირა 567,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით .... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება №2-1673 (იხ. ტომი I, ს.ფ. 39).

2013 წლის 9 დეკემბერს ო. ხ-ამ განცხადებით მიმართა საჯარ რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსი (იხ. ტომი I, ს.ფ. 13).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 დეკემბერს №882013606381-03 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის მონაცემებთან და დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენა (იხ. ტომი I, ს.ფ.15).

მოსარჩელემ ვერ წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რის გამოც 2014 წლის 7 თებერვლის №882014004156-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (იხ. ტომი I, ს.ფ.16).

აღნიშნული გადაწყვეტილება ო. ხ-ამ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის 2014 წლის 6 თებერვლის №26157 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტომი I, ს.ფ. 25-27).

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2009 წლის 20 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 3196,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 40; ტ.1).

სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ..., მოგვიანებით 2012 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა სს ,,საპარტნიორო ფონდის", ხოლო 2012 წლის 6 ოქტომბრიდან შპს ,,...“ საკუთრებაში(იხ. ტომი I, ს.ფ. 41; 42).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კი საქართველოს კანონმდებლობა იცავს და აღიარებს მესაკუთრის უფლებას. პირის ამ ძირითადი უფლების დაცვა ქვეყანაში არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლება – საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითად უფლებათაგანია, თუმცა იგი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიგს. ეროვნული კანონმდებლობები ითვალისწინებენ შემთხვევებს, როდესაც აღმატებული საჯარო ინტერესის სასარგებლოდ შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.

მოსარჩელე მხარე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც დაუზუსტებელი სახით დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში (იხ. ს.ფ. 39; ტ.1).

საქმის მასალების თანახმად, მითითებულ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფორმით რეგისტრაციის თაობაზე ო. ხ-ას წარმომადგენლის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით გამოიცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო, კერძოდ, ზედდება დაფიქსირდა დაზუსტებული ფორმით განხორციელებულ სარეგისტრაციო მონაცემებთან.

სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. ანუ უფლების ახალ მესაკუთრეზე გადასვლით ძალას კარგავს თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, თუმცა თავდაპირველი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის გაუქმება ავტომატურად ვერ გამოიწვევს უფლების ახალ შემძენებზე რეგისტრაციის გაუქმებას, რამდენადაც უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უძრავი ქონების სახელმწიფოდან კერძო სამართლის სუბიექტებისათვის - სს „საპარტნიორო ფონდისათვის“, ხოლო შემდგომ შპს ,,...“ (უფლებამონაცვლე შპს „შ...“) გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, რიგ შემთხვევაში მმართველობითი ღონისძიების, ხოლო რიგ შემთხვევაში კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგად, რომლებიც კანონიერ ძალაშია.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება გადაეცა სს „საპარტნიორო ფონდს“. „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონის შესაბამისად, საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტი - სააქციო საზოგადოება, რომლის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობაც შემოიფარგლება აქციონერის უფლებამოსილებით.

სს „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორთა 2012 წლის 22 აგვისტოს #D127პრ35; #120884680 გადაწყვეტილებით უძრავი ქონება შეტანილ იქნა შპს ,,...“ (უფლებამონაცვლე შპს „შ...“) კაპიტალში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. იგივე შინაარსის დებულებას შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის გაუქმების მიუხედავად, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 190-ე მუხლის შინაარსიდან. ანუ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა სამართლებრივი ურთიერთობების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციების გაბათილების დაუშვებლობისა, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უპირველესად უნდა გამოეკვლია და დაედგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის იურისდიქცია, მას შეუძლია მხოლოდ შეამოწმოს რამდენად სწორად განახორციელა აღნიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ო. ხ-ას სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს ო. ხ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ უნდა მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლომ (საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება) განმარტა, რომ „დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას“... „ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის მიღების შედეგად მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები დაექვემდებარა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, ხოლო კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდნენ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. აღნიშნული კანონი მოქმედებდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე, ხოლო მითითებული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონით.

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონი უშვებდა მიწის ნაკვეთის ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების წარდგენის შესაძლებლობას. საზღვრების დაფიქსირება მხოლოდ რეგისტრატორის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, რომელიც ადგენდა საზღვრის ხაზს სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუკების მონაცემებზე დაყრდნობით. ხოლო ფართობისა და საზღვრების განმეორებით დაზუსტება, თუ უზუსტო იყო კადასტრული რუკისა და სააღრიცხვო ბარათის ადრინდელი მონაცემები, წარმოადგენდა შესწორების შეტანის და არა რეგისტრირებული უფლების გაუქმების საფუძველს (36-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს.

საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში წარმოდგენა სავალდებულო გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის #800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხლით. ამასთანავე, ამჟამად არ არსებობს მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის ახალ ელექტრონულ სისტემაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა. ნივთის დაზუსტებული სახით რეგისტრირების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აღირიცხება კოორდინატთა სისტემაში, მისი საკადასტრო მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრში და გამორიცხულია აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაცია ან მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების დაუზუსტებელი სახით რეგისტრაცია არანაირად არ აკნინებს საკუთრების უფლებას, რადგანაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციით პირს უკვე წარმოეშვა საკუთრების უფლება, გაიცა შესაბამისი ამონაწერიც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პირს საკუთრების უფლება დაუდგინდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და მოახდინა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უფლების დადგენის დროს მოქმედი კანონით დადგენილი წესის დაცვით, ასეთი უფლება დაცულ უნდა იქნეს მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომისაგან, უფლების დუბლირებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა სწორედ ასეთ შემთხვევას ეხება, რა დროსაც საკასაციო სასამართლომ გააბათილა სადავო აქტები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაიცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რამდენადაც სწორედ ფაქტობრივი ვითარების სათანადოდ გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი უპირატესი სამართლებრივი უფლების მქონე სუბიექტის დადგენა.

საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა არ შეხებია ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სადავო უძრავ ქონებაზე უფლების გადასვლა მოხდა რამოდენიმე პირზე და კანონიერ ძალაშია მათი უფლების დამდგენი შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობები. ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი შპს ,,...“ (უფლებამონაცვლე შპს „შ...“) საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის #1-1/1595 ბრძანების, 2012 წლის 22 აგვისტოს #დ127-პრ-35 საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებისა და შესაბამისად, ზედდების ნაწილში უძრავი ქონების სს „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ,,...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის შესახებ, რომლის წარმოებაც მოცემული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე შეჩერებულია, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული სასარჩელო მოთხოვნების განხილვის რიგითობის საკითხზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა, ასევე ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, სამართლებრივი ნონსენსი შეიქმნა, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილებით გაბათილებულია სახელმწიფო საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისი რეგისტრაცია, მაშინ როდესაც უძრავი ქონების შემდგომი განკარგვის აქტებზე საქმის წარმოება შეჩერებულია და ისინი კანონიერ ძალას ინარჩუნებენ. ამდენად, გაურკვეველია, რა სამართლებრივი შედეგის მომტანია მიღებული გადაწყვეტილება, რა სახის სამართლებრივი აქტები უნდა გამოსცენ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, როდესაც დღეის მდგომარეობით სადავო ქონება სხვის საკუთრებას წარმოადგენს და ამსაკუთრების სამართლებრივი საფუძვლები ძალაშია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე