Facebook Twitter

№ბს-239-237(2კ-16) 1 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - გ. დ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება (ძირითადი კასაცია); 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (შეგებებული კასაცია)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 15 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურმა გაიწვია სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2012 წლის 7 მაისის ბრძანებით დაინიშნა ... ბრიგადის ოცეულის 1-ლი დაცვის ათეულის მსროლელად. 2012 წლის 25 მაისს საგუშაგოზე ყოფნისას მასთან მივიდა საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ოფიციერი გ. ხ-ი, რომელმაც ჩამოართვა მასზე გაპიროვნებული ცეცხლსასროლი იარაღი და დაუწყო ინსტრუქტაჟის ჩატარება, რომლის დროსაც მოხდა გასროლა. გ. დ-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მარცხენა მუხლის არეში. გ. დ-ს უჭირს გადაადგილება ხელჯოხის გარეშე, დარჩა დიდი ზომის ნაწიბური მარცხენა ბარძაყზე, მარცხენა ქვედა კიდურის კუნთები ბარძაყის და წვივის არეშე ატროფირებული აქვს, საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის (ფაქტობრივად მიყენებული ზიანის სახით 400 ლარი და მკურნალობისათვის განსაზღვრული სამომავლო ხარჯის სახით 900 ლარი) სახით - 1 300 ლარის გადახდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარჩოს სახით ყოველთვიურად (სიცოცხლის ბოლომდე) 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა მორალური ზიანის დაკისრების და ყოველთვიური სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემობები მიიჩნია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს, დაახლოებით 4.20 საათზე, ... ბრიგადის ...-ის ჯავშანსატანკო-საავტომობილო და შეიარაღების კონტროლის ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა - გ. ხ-მა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სადღეღამისო საყარაულო წესში მყოფ, ამავე სამხედრო ნაწილის წვევამდელს, რიგით გ. დ-ს გამოართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, დაუწყო ინსტრუქტაჟის ჩატარება, მოუხდა ერთჯერადი გასროლა, რის შედეგადაც გ. დ-ს მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში. ზემოაღნიშნული განაჩენის თანახმად, გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციისა და ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს მესამე განყოფილების მთავარი ინსპექტორის თ. ჩ-ის 2013 წლის 16 იანვრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ... ბრიგადის საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის ... საზენიტო-საარტილერიო ბატარეის სამხედრო მოსამსახურის, რიგით გ. პ. ძე დ-ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მეთაურის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2012 წლის 25 ივნისის №020315-2012/05/1-4 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ. დ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები - გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა მუხლის სახსრის და მუხლქვეშა ფოსოს არეში, მუხლქვეშა არტერიისა და ვენის დაზიანებით, ბარძაყის ძვლის სახსარშიდა და დისტალური მესამედის ღია ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით, დიდი და მცირე წვივის ნერვის დაჟეჟილობა, ჰიპოვოლემიური შოკი და წვივის კუნთების ნეკროზი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

გ. დ-ის დიაგნოზია: მარცხენა ბარძაყისა და წვივის ცეცხლნასროლი ჭრილობების შემდგომი მდგომარეობა; ბარძაყის ძვლის დისტალური ბოლოს ცეცხლნასროლი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. წვივის სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. მარცხენა ბარძაყის მაკორეგირებელი ოსტეოტომიის, დეფორმაციის გასწორების, ოსტეოსინტესის შემდგომი მდგომარეობა. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ღია ართროდეზის, აქილოპლასტიკის, ტერფის ექვინუსური დეფორმაციის გასწორების შემდგომი მდგომარეობა. გ. დ-ი დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის და ესაჭიროება რეაბილიტაციური მკურნალობა ხანგრძლივი ვადით.

დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს მიღებული ტრავმის გამო გ. დ-ს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2014 წლის 10 ივლისის ცნობის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, გ. დ-ს უარი ეთქვა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ წარდგენილი სსე აქტის ამონაწერის მიხედვით, გ. დ-ს დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ზომიერად გამოხატული ფორმით, შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მომუშავე თანამშრომლის ბრალეულ ქმედებასა და მოსარჩელის ამჟამინდელ მდგომარეობას შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, მოსარჩელე გახდა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მატარებელი, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობის უარყოფისა და მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, ადგენს დაზარალებულის უფლებას მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მკურნალობის მიუხედავად მოსარჩელემ ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად ვერ აღიდგინა, როგორც აღინიშნა, მას შეზღუდული შესაძლებლობები დაუდგინდა უვადოდ, მიღებული ტრამვის შედეგად დარღვეული აქვს კიდურის ფუნქციონირება, ვერ ახერხებს თავისუფლად გადაადგილებას, არის 22 წლის, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულიად ახალგაზრდამ უნდა შეძლოს ცხოვრების შეცვლილ რიტმთან ადაპტირება, ეს გარემოებები კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს და აინაზღაუროს არაქონებრივი ზიანი. სააპელაციო სასამართლომ, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხისა და საქმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ გონივრული და სამართლიანი ოდენობა იყო 10 000 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტ გ. დ-ის შეფასებები ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და დაადასტურა, რომ დასანიშნი სარჩოს ოდენობის განსაზღვრის შეუძლებლობა არ იძლევა მოთხოვნის უარყოფის საკმარის სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ სარჩოს დანიშვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება არა სოციალური სფეროს მარეგულირებელ ნორმებს, არამედ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ კანონმდებლობას. მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, მოსარჩელის მითითებით, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რომელიც ადგენს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე 2009 წელს ჩაირიცხა საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტში და 2011 წელს, ანუ ტრავმის მიღებამდე, დაასრულა აღნიშნული კურსი სპეციალობით დაცვა და პატრულირება. სხეულის არსებული დაზიანება გამორიცხავს აღნიშნული პროფესიით მოსარჩელის დასაქმების შესაძლებლობას, მოსარჩელეს წაერთვა არჩეული პროფესიით განვითარების საშუალება, ქრონიკული დაავადების გამო გაიზარდა მისი მოთხოვნილებები და ყოველთვიური დანახარჯები, დადგენილია, რომ ის საჭიროებს განგრძობად მკურნალობას, არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის შემადგენლობა, რაც ქმნის მოთხოვნის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება თანხის ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსარჩელის დასაქმება, ასევე მითითებული უწყებისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ, ჰიპოთეტურ ვარაუდს და არ იძლევა რეალური დაშვების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელე დასაქმდებოდა მითითებულ უწყებაში, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს ყოველთვიური სარჩოს დაანგარიშების პროცესში სახელფასო სარგოს ჩართვის შესაძლებლობას. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადეკვატური და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის გათვალისწინებით, იმისათვის რომ მოსარჩელისათვის უზრუნველყოფილი იქნეს ღირსეული ყოფა და შეექმნას სოციალური უსაფრთხოების გარანტია, რაც აღიარებულია ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით, ყოველთვიური სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმისა (რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის შეადგენს 154.2 ლარს) და მინიმალური ხელფასის ოდენობის 40 ლარის (დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის №767 ბრძანებულებით) შეკრების საფუძველზე და დადგინდეს 194.2 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გ. დ-ზე ორჯერ გასცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 7000 და 1300 ლარის ოდენობით. სახელმწიფოს მიერ გადახდილი ერთჯერადი მატერიალური დახმარება წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების კომპენსაციას, რომ არა ჯანმრთელობის დაზიანება, არ დადგებოდა თავდაცვის მინისტრის 26/09/2007 წლის N560 ბრძანებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის ვალდებულება.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური (არაქონებრივი) ზიანის დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა. დამკვიდრებული მოსაზრებით, მორალური ზიანი არის ის სულიერი განცდა და ფიზიკური ტკივილი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის ფიზიკური პირი. მორალური ზიანი თავისი ხარისხით და წარმოშობის საფუძვლის მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, პირდაპირ, ცალსახად არის დადგენილი, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი არსებობა, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებაც პირდაპირ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების სივრცე სამართალში შეზღუდულია, ზიანის სრული ანაზღაურება უპირობოდ ეხება მხოლოდ ქონებრივ ზიანს. მორალური ზიანი შეიძლება რეალურად მართლაც დადგეს, მაგრამ თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული მისი ანაზღაურება იგი არ ანაზღაურდება.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს დაკისრების ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის დასკვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

გ. დ-მა კანონით დადგენილ ვადაში შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლიან ოდენობად 10 000 ლარის მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ გ. დ-ს მიყენებული ზიანით ასევე მიადგა მძიმე მორალური ტრავმა, მას დღემდე ტანჯავს მიყენებული დაზიანება და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, ვერ გადაადგილდება ჯეროვნად, გამოხატული აქვს ავადმყოფობა ქრონიკულიად საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. გასათვალისწინებელია მისი ასაკიც - ფიზიკური დასახიჩრების მომენტისათვის გ. დ-ი გახლდათ 19 წლის, მიყენებული დაზიანების გამო თვეების განმავლობაში იგი იმყოფებოდა სტაციონარში, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, არ შეეძლო სიარული, დღემდე ხელჯოხით გადაადგილდება. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ გადიოდა სახლიდან, უჭირდა ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც კი, კომუნიკაციის პრობლემა დღემდე სრულად დაძლეული არ არის, იგი ფსიქოლოგიურად დათრგუნული და ტრავმირებულია. აღარ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, სამუდამოდ გამოეთიშა სპორტულ აქტივობებს, თითქმის მუდმივად სახლშია, ერიდება გარეთ გასვლას.

კასატორი ხაზს უსვამს, რომ უშუალოდ ზიანის მიმყენებლის ბრალი სახეზეა, საქმეზე თანდართულია გამამტყუნებელი განაჩენი. სახელმწიფოს უდავოდ ეკისრება ვალდებულება შეარჩიოს სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოხელეები, ასევე პერმანენტულად უზრუნველყოს მაღალი პროფესიული სტანდარტის არსებობა სახელმწიფო/საჯარო სამსახურში, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სამართალდამცავ თუ სხვა ძალოვან ორგანოებში დასაქმებულ პირებს, ვინაიდან ხსენებულ პირთა მხრიდან პროფესიული მოვალეობის დარღვევას შეიძლება განსაკუთრებულად მძიმე შედეგები მოჰყვეს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტრავმის შედეგად გ. დ-ს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობები, შესაბამისად, გახდა შრომისუუნარო და სამუდამოდ განწირულია უმუშევრობისთვის. მისი ქრონიკული დაზიანებები ფაქტობრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა, იგი 21 წლისაა, იმ ეტაპზე, როდესაც მოზარდი პროფესიული თვალსაზრისით ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოვლენას იწყებს, თუმცა აპელანტს, სამწუხაროდ, კარიერული წინსვლის ფიზიკური შესაძლებლობა არ მიეცა, ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახური თუ სხვა ინდივიდუალური გარემოებები (აპელანტი მარტო ცხოვრობს პენსიონერ ბებიასთან ერთად, მათი ერთადერთი შემოსავალი ბებიის საპენსიო გასაცემელია), რაც, საბოლოო ჯამში ამართლებს განსახილველ ვითარებაში მოთხოვნილი თანხის ოდენობას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოველთვიური სარჩოს განსაზღვრის პრინციპს და მიუთითებს, რომ გ. დ-მა გაიარა დაცვისა და პატრულირების სრული კურსი, ამდენად დიდი შანსი ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულიყო, სადაც მინიმალური შრომის ანაზღაურება 700 ლარია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემობები მიიჩნია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს, დაახლოებით 4.20 საათზე, ... ბრიგადის ...-ის ჯავშანსატანკო-საავტომობილო და შეიარაღების კონტროლის ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა - გ. ხ-მა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სადღეღამისო საყარაულო წესში მყოფ, ამავე სამხედრო ნაწილის წვევამდელს, რიგით გ. დ-ს გამოართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, დაუწყო ინსტრუქტაჟის ჩატარება, მოუხდა ერთჯერადი გასროლა, რის შედეგადაც გ. დ-ს მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში. ზემოაღნიშნული განაჩენის თანახმად, გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციისა და ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს მესამე განყოფილების მთავარი ინსპექტორის - თ. ჩ-ის 2013 წლის 16 იანვრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ... ბრიგადის საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის ... საზენიტო-საარტილერიო ბატარეის სამხედრო მოსამსახურის, რიგით გ. პ. ძე დ-ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მეთაურის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2012 წლის 25 ივნისის №020315-2012/05/1-4 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ. დ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები - გამჭოლი ჭრილობა მარცხენა მუხლის სახსრისა და მუხლქვეშა ფოსოს არეში, მუხლქვეშა არტერიისა და ვენის დაზიანებით, ბარძაყის ძვლის სახსარშიდა და დისტალური მესამედის ღია ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით, დიდი და მცირე წვივის ნერვის დაჟეჟილობა, ჰიპოვოლემიური შოკი და წვივის კუნთების ნეკროზი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

გ. დ-ის დიაგნოზია: მარცხენა ბარძაყისა და წვივის ცეცხლნასროლი ჭრილობების შემდგომი მდგომარეობა. ბარძაყის ძვლის დისტალური ბოლოს ცეცხლნასროლი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. წვივის სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. მარცხენა ბარძაყის მაკორეგირებელი ოსტეოტომიის, დეფორმაციის გასწორების, ოსტეოსინტესის შემდგომი მდგომარეობა. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ღია ართროდეზის, აქილოპლასტიკის, ტერფის ექვინუსური დეფორმაციის გასწორების შემდგომი მდგომარეობა. გ. დ-ი დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის და ესაჭიროება რეაბილიტაციური მკურნალობა ხანგრძლივი ვადით.

დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს მიღებული ტრავმის გამო გ. დ-ს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2014 წლის 10 ივლისის ცნობის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, გ. დ-ს უარი ეთქვა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ წარდგენილი სსე აქტის ამონაწერის მიხედვით, გ. დ-ს დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ზომიერად გამოხატული ფორმით, შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას მათ ეყრდნობა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, რომ გ. დ-ის მკურნალობისათვის გაწეული და სამომავლოდ გასაწევი ხარჯების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არსებობს, ამასთან, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა უკვე გაწეული მკურნალობის ხარჯის - 400 ლარისა და სამომავლოდ გასაწევის ხარჯის - 900 ლარის (სულ 1300 ლარის) ანაზღაურება. აღნიშნული ფაქტის საპირისპიროდ კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გ. დ-ის სახელზე ორჯერ გასცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 7000 და 1300 ლარის ოდენობით. შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში მოიპოვება. კასატორი ადასტურებს, რომ დასახელებული კომპენსაცია გ. დ-ზე გაიცა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 38-ე პუნქტისა და 401-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელთა მოქმედება უპირობოდ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალეულობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე და 1005-ე მუხლები, რამდენადაც ზიანის მიმყენებელ პირს წარმოადგენს თვითონ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, რამდენადაც გ. დ-ის დასახიჩრებამდე მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურების მოვალეობა.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების, კერძოდ, 2014 წლის 24 ივლისისა და 2014 წლის 4 ივნისის ჯანმრთელობის ცნობების შეფასების შედეგად, ადგენს, რომ გ. დ-ს პოსტტრავმული ქრონიკული დაავადება აღენიშნება და ესაჭიროება ხანგრძლივი რეაბილიტაცია. საქმეში წარმოდგენილი სსე აქტის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელეს დაუდგინდა შესაძლებლობების შეზღუდვა, მაგრამ ზომიერად გამოხატული, ქმედუნარიანობის ზომიერად შეზღუდვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისათვის საკასაციო პალატა ითვალისწინებს გ. დ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხს და ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა გ. დ-ის ასაკი და ის მოცემულობა, რომელთან ადაპტირებაც მოსარჩელეს მოუწევს, მათ შორის, შემდგომი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩოს დანიშვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება არა სოციალური სფეროს მარეგულირებელ ნორმებს, არამედ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ კანონმდებლობას.

მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა, რომ ქრონიკული დაავადების გამო გაიზარდა გ. დ-ის მოთხოვნილებები და ყოველთვიური დანახარჯები, დადგენილია, რომ ის საჭიროებს განგრძობად მკურნალობას.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება შეგებებული საკასაციო სჩივრის ავტორს გ. დ-ის მტკიცებას, რომ ამ უკანასკნელმა გაიარა დაცვისა და პატრულირების სრული კურსი, ამდენად დიდი შანსი ჰქონდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულიყო, სადაც მინიმალური შრომის ანაზღაურება 700 ლარია, შესაბამისად, სწორედ ამ ოდენობის სარჩო უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებისას სარჩოს გადახდის მიზანი არ არის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება კერძო სამართლებრივი მნიშვნელობით, არამედ სარჩოს არსი და იდეა არის დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე ფიზიკურ-სოციალური საჭიროებების კომპენსირება. სარჩოს დანიშვნას საფუძვლად ის რეალობა უდევს, რომ დაზარალებული, შრომის უნარის დაქვეითების, ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული სირთულეების გამო, ვეღარ ახერხებს მისთვის ნორმალური ცხოვრების წესის გაგრძელებას, საკუთარი ძალებით საჭირო ანაზღაურების გამომუშავებას, ან ეზრდება დანახარჯები მკურნალობასა თუ გარემო პირობებთან დამატებით ადაპტაციის საჭიროების გამო. სწორედ ამ დანაკლისის კომპენსაციას ხმარდება ყოველთვიური სარჩო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩოს გამოთვლა დაკავშირებული უნდა იყოს საარსებო მინიმუმის არა ნორმატიულად განსაზღვრულ ოდენობასთან, არამედ კონკრეტული პირის აუცილებელი მოთხოვნილებების კომპენსირების შესაძლებლობასთან. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ-ისათვის დადგენილი ქმედუნარიანობის ზომიერად შეზღუდვის მდგომარეობის, მის მიერ სამუშაოს შესრულებისა და შრომის ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა ყოველთვიური სარჩოს ოდენობა.

გ. დ-ის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იყო ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, რომ ამ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მიუთითებს, რომ თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი, არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით, უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლა ზიანის მიმყენებლის მხრიდან ცალსახად წარმოშობს დაზარალებულისათვის არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესის და რიტმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობა თითოეულ ინდივიდში იწვევს ცხოვრების ხალისის დაქვეითებას, ნერვულ დაძაბულობას, არასრულფასოვნების კომპლექსის გაჩენას, რაც წარმოშობს ნეგატიური განცდების, თუნდაც მცირედით კომპენსირების აუცილებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროპორციულობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის სახით _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების მატერიალურ-პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. დ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 10000 (ათი ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

4. გ. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე