Nბს-247-245 (კ-16) 1 ნოემბერი, 2016 წელი, ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 8 დეკემბრის №2859 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა 1993 წლამდე მისი აფხაზეთში ცხოვრების ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. 1993 წლამდე დედასთან - ვ. თ-ასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფ. .... შვილის - რ. მ-ის ავადმყოფობის გამო, 1993 წლის ივლისში იძულებული გახდა წამოსულიყო თბილისში და ... ვეღარ დაბრუნდა. 1993 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელიც დევნილად რეგისტრირებული იყო შემდეგ მისამართზე: თბილისი, ... ქ. N18, ბ37. ვ. თ-ა 2011 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 8 დეკემბრის №2859 ბრძანება; შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა დ. კ-ის საქმესთან დაკავშირებული ფაქტების და გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 8 დეკემბრის №2859 ბრძანება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (02.06.2014 წლის კანონის) მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებს, აგრეთვე, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების დებულებებს, რაც (ბრძანების) ბათილად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, დ. კ-ის მტკიცებით, იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს მუდმივად ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ... (...) დედის - ვ. თ-ას ოჯახში, თუმცა ჰყავდა რა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მცირეწლოვანი შვილი - რ. გ-ე, იგი იძულებული იყო, ხშირად დაეტოვებია თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და წასულიყო სხვადასხვა ადგილებში (თბილისი, კახეთი, მოსკოვი) შვილის სამკურნალოდ, ბოლოს მან და მისმა შვილმა აფხაზეთი დატოვეს 1993 წლის მაისში სწორედ იმ მიზეზით, რომ მისი შვილი საჭიროებდა მკურნალობას, თუმცა, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, მან ვეღარ შეძლო უკან დაბრუნება, ცხოვრება გააგრძელა თბილისში, დევნილ დედასთან - ვ. თ-ასთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ 2014 წლის 3 ოქტომბრის № 1060/21-28 წერილში განმარტა, რომ დ. კ-ის (დაბადებული 05.02.1962 წ. პირადი № ...) შესახებ, მათ ხელთ არსებული მონაცების თანახმად, ინფორმაცია არ გააჩნდათ; სასამართლოში საქმის განხილვის დროს მესამე პირის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილში გამოსახულ პოზიციას და დამატებით მიუთითა, რომ მის მარწმუნებელ დაწესებულებას არ გააჩნდა რაიმე სახის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ. კ-ი აფხაზეთის ომის დაწყებამდე ცხოვრობდა აფხაზეთში.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დ. კ-ის საქმესთან დაკავშირებული ფაქტების და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების, მთლიანობაში, დ. კ-ის საქმის განხილვის პირობებში, სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბდა იმის რწმენა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დ. კ-ის საქმეზე ჩაატარა არასრული ადმინისტრაციული წარმოება, რის გამოც მისი ყურადღებისა და კრიტიკული, საქმიანი განსჯის/შეფასების მიღმა დარჩა დ. კ-ის საქმის სწორად, დასაბუთებულად გადაწვეტის მიზნებითვის მნიშვნელოვანი მთელი რიგი გარემოებები და ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ადმინისტარციული წარმოების დროს მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება არ ადასტურებდა დ. კ-ის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რის გამოც არ არსებობდა მისთვის დევნის სტატუსის მინიჭების საფუძვლები. გაუგებარია, რა გარემოებები არ გამოიკვლია და შეისწავლა სამინისტრომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 8 დეკემბრის №2859 ბრძანება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (02.06.2014 წლის კანონის) მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. დ. კ-ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონია და შესაბამისი მოთხოვნით 2013 წლამდე სამინისტროსათვის არც მიუმართავს. ამ სტატუსით სარგებლოდა მისი დედა - ვ. თ-ა;
2. დ. კ-მა სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 9 დეკემბერს მიმართა, დედის - ვ. თ-ას გარდაცვალების შემდეგ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების კუმულაციურად არსებობა: ა) პირს გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ტეროტირიაზე, სადაც ბ) განხორციელდა უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაცია, აგრესია, შეიარაღებული კონფლიქტი, საყოველთაო ძალადობა ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, რის შედეგადაც გ) საფრთხე შეექმნა აღნიშნული პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას, ამდენად დ) პირს მოუხდა მუდმივი საოცხვრებელი ადგილის დატოვება და ე) შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ვინაიდან შესაბამისი საფრთხეები არ აღმოფხვრილა. ამასთან, დევნილად განიხილება უშუალოდ ის პირი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება მოუხდა, გარდა ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული გამონაკლისისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭება დაკავშირებულია არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის ქონასთან, არამედ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის პირის მიერ იძულებით დატოვებასთან.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
საკასაციო სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოსაყენებელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნება მოცემულია სპეციალურ კანონში - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში.
„მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ ამ კანონის მიზნებისათვის განმარტებულია შემდეგნაირად: „დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.“
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება დევნილი მშობლების სრულწლოვან შვილებზე, რომლებსაც საომარ მოქმედებებამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდათ, შესაბამისად, დ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ამ უკანასკნელს აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტამდე და კონფლიქტის პერიოდში გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც იძულებით დატოვა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ან უშუალოდ დაწყებამდე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტში მითითებული მიზეზებით.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსი მემკვიდრეობით არ გადაეცემა. თუ პირი იმთავითვე არ იყო დევნილის სტატუსის მატარებელი სუბიექტი (ამგვარი სტატუსის შესაბამისი წესით მინიჭების მიუხედავად), მისი მშობლების ან სხვა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სტატუსი მასზე მემკვიდრეობით არ გადადის. კანონის მე-15 მუხლი ნათლად ადგენს, რომ დევნილის მემკვიდრეებზე გადადის მხოლოდ შესაბამისი ქონებრივი უფლებები.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, დ. კ-ის ახსნა-განმარტების გარდა, არც ერთი მტკიცებულება დ. კ-ის აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ ადასტურებს, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ 2014 წლის 3 ოქტომბრის № 1060/21-28 წერილში განმარტა, რომ დ. კ-ის (დაბადებული 05.02.1962 წ. პირადი № ...) შესახებ, მათ ხელთ არსებული მონაცების თანახმად, ინფორმაცია არ გააჩნდათ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მხოლოდ 1981 წლის მდგომარეობით მისი აფხაზეთში ცხოვრების და განათლების მიღების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ დ. კ-ის ზეპირი განმარტების თანახმად, იგი დაქორწინდა 1982 წელს, გორში, ჯ. გ-ეზე, ხოლო 1986 წელს განქორწინდა, განქორწინების ადგილად მიუთითებს ქ. გორს; საყურადღებოა, რომ არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე (სამინისტროში) და არც ადმინისტრაციული სამართალწარმოების პირველ ეტაპზე (პირველი ინსტანციის სასამართლში) არ ყოფილა წარდგენილი დ. კ-ის ქორწინების და განქორწინების დამადასტურებელი მოწმობები/სააქტო ჩანაწერები; ქორწინების რეგისტრაციის საკითხზე დ. კ-მა სასამართლოს მისცა წინააღმდეგობრივი განმარტებები - ერთ შემთხვევაში აპელანტმა მიუთითა, რომ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, განქორწინებისთვის წარადგინა განცხადება, მეორე შემთხვევაში აპელანტმა მიუთითა, რომ იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დ. კ-ის ზეპირი განმარტებით დგინდება, რომ მას ჰყავს ორი შვილი - ე. გ-ე, დაბადებული 1984 წელს და რ. გ-ე, დაბადებული 1985 წელს; საყურადღებოა, რომ არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე (სამინისტროში) და არც ადმინისტრაციული სამართალწარმოების პირველ ეტაპზე (პირველი ინსტანციის სასამართლში) არ ყოფილა წარდგენილი დ. კ-ის შვილების დაბადების დამადასტურებელი მოწმობები/სააქტო ჩანაწერები; საქმის ზეპირი განხილვის დროს დ. კ-მა მიუთითა, რომ ორივე შვილი დაბადებულია ქალაქ თბილისში; არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლოს მიერ ნაწარმოები საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები მასზედ, თუ სად, რომელ სკოლაში/სკოლებში დაიწყეს და შემდეგ გააგრძელეს სწავლა დ. კ-ის შვილებმა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ დ. კ-მა არ წარადგინა სწორედ ის ძირითადი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, ამასთან, დ. კ-ი არ მიუთითებს შესაბამისი დოკუმეტების არ არსებობაზე, დაკარგვაზე ან განადგურებაზე. აღნიშნული ვითარების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო ყველა აუცილებელი გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვრითის განწილებას შემდეგი თავისებურება ახასიათებს: როდესაც სადავოა ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერების საკითხი, მტკიცების ტვირთი მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი), ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე მოსარჩელე სრულად თავისუფლდებოდეს მტკიცების ვალდებულებისაგან და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისაგან. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოსარჩელესთან უნდა იმყოფებოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, ასევე არასწორად განმარტა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის ნორმები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო სარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით მინიჭებული უფლებომისლებით და მოცემულ საქმეზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
5. დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე