Facebook Twitter

Nბს-255-253(კ-16) 1 ნოემბერი, 2016 წელი, ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები - ზ. თ-ე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 8 დეკემბერს ნ. ხ-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრედ ნ. ხ-ას ნაცვლად კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 27 დეკემბრის №411999000017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე უძრავი ქონების მესაკუთრედ ნ. ხ-ას რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

2. მოსარჩელის განმარტებით, 1991-1992 წლებში მუშაობდა კომერციული ბანკი „...ის“ მარტვილის ფილიალის მმართველად. 1991 წელს მარტვილის საკრებულოს სესიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომერციულ ბანკ „...“ სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ გადაეცა ქალაქ მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე, ბიბლიოთეკისათვის განკუთვნილი დაუმთავრებელი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომლის ღირებულება - 72800 მანეთი ბანკის სასარგებლოდ გადაიხადა ნ. ხ-ამ პირადი სახსრებით, იმ პირობით, რომ კომერციული ბანკი მას ამ თანხას აუნაზღაურებდა. 1992 წელს იმის გამო, რომ კომერციულ ბანკს ნ. ხ-ას მიერ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად საჭირო სახსრები აღარ გააჩნდა, ბანკ „...“ გადაწყვეტილებით ქალაქ მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს ნ. ხ-ას მის მიერ გადახდილი 72800 მანეთის სანაცვლოდ. იმავე წელს კომერციულმა ბანკმა ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. 1999 წელს ნ. ხ-ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს. სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით უძრავი ქონების მესაკუთრედ შეცდომით დარეგისტრირდა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის მმართველი ნ. ხ-ა, ხოლო მოგვიანებით - კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი. მოსარჩელის მითითებით, უძრავი ნივთის რეგისტრაცია კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე იმთავითვე განხორციელდა არასწორად, ვინაიდან რეგისტრაციის მომენტში უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი ნ. ხ-ა და არა არარსებული კომერციული ბანკი „...“ და მით უფრო მისი ფილიალი.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის და 7 მაისის განჩინებებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცეო კოდექსის მე-16 მუხლით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ზ. თ-ე და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ხ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

7.1. 1990 წლის 22 მაისს მეპაიეთა კრების გადაწყვეტილებით დაფუძნდა კომერციული ბანკი „...“. კომერციული ბანკის მმართველობის ორგანოებს წარმოადგენდა ბანკის მეპაიეთა საერთო კრება და ბანკის გამგეობა. ბანკის მმართველი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრა შესაბამისი წესდებით;

7.2. საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკის - „...“ წესდების 8.2. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე, ბანკის მეპაიეთა კრების 1991 წლის 21 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილებით, სსრკ-ის სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპუბლიკურ ბანკთან შეთანხმებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ ფილიალი მარტვილის რაიონში. ფილიალი არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს. ფილიალს საქმიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სახსრებსა და ქონებას გამოუყოფდა კომერციული ბანკი „...“. ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ბანკ „...“ გამგეობის მიერ დანიშნული მმართველი. კომერციული ბანკი „...“ გამგეობის თავმჯდომარის 1991 წლის 6 ივნისის №6 ბრძანებით საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ ფილიალის მმართველად მარტვილის რაიონში დაინიშნა ნ. ხ-ა;

7.3. 1991 წლის 29 ნოემბერს ქალაქ მარტვილის საკრებულოს სესიამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე, მარტვილის კულტურის განყოფილების ბალანსზე რიცხული ცენტრალური ბიბლიოთეკის მშენებარე შენობა-ნაგებობის მუდმივ მფლობელობაში კომერციულ ბანკ „...“ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ. მარტვილის კულტურის განყოფილებას დაევალა კომერციულ ბანკ „...“ ცენტრალური ბიბლიოთეკის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გადაცემა. კომერციულ ბანკ „...“ დაევალა კულტურის განყოფილებისათვის ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხის - შენობის საბალანსო ღირებულების გადახდის ვალდებულება. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიეთითა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა, რომელიც გათვალისწინებული იყო ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის, შესაბამისი სახსრების არარსებობის გამო დაკონსერვებული იქნა. მშენებლობისათვის საჭირო თანხების უქონლობის გამო კულტურის განყოფილება, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა აღნიშნული ნაგებობა, თანახმა იყო დახარჯული თანხის განყოფილებისათვის დაბრუნების შემთხვევაში, ნაგებობა გადასცემოდა კომერციულ ბანკ „...“;

7.4. 1991 წლის 2 დეკემბერს კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის მმართველმა ნ. ხ-ამ, კომერციულ ბანკ „...“ შეთანხმებით მარტვილის მცირე საწარმო „...“ (წარმომადგენელი დირექტორი ზ. ქ-ი და დამფუძნებელი კ. კ-ა) გააფორმა №4 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მცირე საწარმო „...“ იკისრა ვალდებულება დროებითი ფინანსური დახმარება გაეწია კომერციული ბანკი „...“ ფილიალის მმართველ ნ. ხ-ასათვის, ახლადშექმნილი ფილიალისათვის შენობის შესაძენად; კერძოდ, იკისრა ვალდებულება მარტვილის კულტურის განყოფილებისათვის გადაეხადა ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე შენობის ღირებულება 72 800 მანეთი, მისი მიმდინარე №34507 ანგარიშიდან. იმავე ხელშეკრულებით კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის მმართველმა ნ. ხ-ამ იკისრა ვალდებულება, ფილიალისათვის განკუთვნილი შენობის შესაძენი ხარჯების დასაფინანსებლად საწარმო „...“ მიერ გადახდილი თანხის სათავო ბანკის მხრიდან გადაუხდელობის შემთხვევაში, პირადად უზრუნველყო შენობის შესასყიდად გადახდილი 72800 მანეთის ანაზღაურება მცირე საწარმო „....“;

7.5. 1991 წლის 2 დეკემბერს მარტვილის კულტურის განყოფილებასა (წარმომადგენელი - განყოფილების გამგე რ. კ-ია) და კომერციულ ბანკ „...“ მარტვილის ფილიალს (წარმომადგენელი მმართველის ნ. ხ-ა) შორის გაფორმდა №3 ხელშეკრულება, რომლის თანახმად კულტურის განყოფილებამ იკისრა ვალდებულება, ფილიალისათვის გადაეცა ცენტრალური ბიბლიოთეკის გადაუხურავი კაპიტალური შენობა შესასყიდი თანხის - 72800 მანეთის კულტურის განყოფილებისათვის ანაზღაურების პირობით. თავის მხრივ კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალმა იკისრა ვალდებულება კულტურის განყოფილებისათვის აენაზღაურებინა შენობის ღირებულება 72800 მანეთი, მცირე საწარმო „...“ მიმდინარე ანგარიშიდან, რომელიც ბანკს გაუწევდა დროებით ფინანსურ დახმარებას;

7.6. ქალაქ მარტვილის საკრებულოს სესიის 1991 წლის 29 ნოემბერის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის კომერციულ ბანკ „...“ მარტვილის ფილიალმა მარტვილის კულტურის განყოფილებას 1992 წლის 29 ივნისს, ინკასოს წესით გადაუხადა 72800 მანეთი. თანხა კულტურის განყოფილებას ჩაერიცხა მცირე საწარმო „...“ მიმდინარე ანგარიშიდან;

7.7. 1992 წლის 5 აპრილს ნ. ხ-ამ მცირე საწარმო „...“ სალაროში შეიტანა 72800 მანეთი, მხარეთა შორის 1991 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული №4 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მცირე საწარმო „...“ მიერ გაწეული დროებითი ფინანსური დახმარების დასაფარავად;

7.8. 1992 წლის 10 აპრილს ნ. ხ-ასა და კომერციული ბანკ „...“ გამგეობის თავმჯდომარე ხ. რ-ას შორის გაფორმდა №7 ხელშეკრულება ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე, კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილილის მფლობელობაში არსებული დაუმთავრებელი კაპიტალური შენობა-ნაგებობის ნ. ხ-ასათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ შენობა-ნაგებობის პირვანდელი საბალანსო ღირებულება 72800 მანეთი ბანკის სასარგებლოდ გაიხადა ნ. ხ-ამ, ხოლო კომერციული ბანკ „...“ ამ თანხის ნ. ხ-ასათვის ანაზღაურების საშუალება არ გააჩნდა;

7.9. 1992 წლის 10 აპრილს, კომერციული ბანკი „...“ გამგეობამ მიიღო №5 განკარგულება ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე, საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის დაუმთავრებელი შენობის ნ. ხ-ასათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, კომერციულ ბანკ „...“ საბჭოს სხდომის №3 ოქმისა და ბანკის გამგეობის №7 ხელშეკრულების შესაბამისად;

7.10. 1992 წლის 11 აპრილს ნ. ხ-ასა და საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ გამგეობის თავმჯდომარე ხ. რ-ას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ნ. ხ-ას შენობის შესაძენად ბანკის სასარგებლოდ გადახდილი შენობის საბალანსო ღირებულების 72.800 მანეთის ანაზღაურების სანაცვლოდ, თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული 1992 წლის 10 აპრილის ხელშეკრულებისა, ასევე, კომერციული ბანკი ... საბჭოს სხდომის №3 ოქმისა და ბანკის გამგეობის 1992 წლის 10 აპრილის №5 განკარგულებისა, გადაეცა ქ. მარტვილში ... ქუჩის №1-ში მდებარე საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის 338 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არსებული 222 კვ.მ დაუმთავრებელი შენობა;

7.11. „საქართველოს რესპუბლიკაში ფულად - საკრედიტო რეგულირების შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ და „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონების საქმიანობის შემოღების წესის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 2 აგვისტოს დადგენილების მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს დაევალა კომერციული ბანკების რეგისტრაციის წესის დადგენა სამი თვის განმავლობაში და 1991 წლის ბოლომდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა კომერციული ბანკისა და ფილიალის ხელახალი რეგისტრაცია. დადგინდა, რომ კომერციულ ბანკებსა და კომერციული ბანკების ფილიალებს, რომლებიც არ გაივლიდნენ ხელახალ რეგისტრაციას, ჩამოერთმეოდათ მოქმედების უფლება.

7.12. კომერციულ ბანკ „...“ ხელახალი რეგისტრაცია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 2 აგვისტოს დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად არ გაუვლია, რის გამოც ის ჩაითვალა გაუქმებულად. 1996 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული იქნა №3500/11-81 განკარგულება კ/ბ „...“ მარტვილის ფილიალისათვის საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვის შესახებ;

7.13. ზ. თ-ე კომერციული ბანკი „...“ ან მისი ფილიალის დამფუძნებელი არ არის. 1992 წლის 3 აპრილს მეპაიეთა კრების გადაწყვეტილებით დაფუძნდა კოოპერატიული ბანკი „მ...“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წარმოადგენდა მრავალდარგოვანი კოოპერატივი „ფ...“ (თავმჯდომარე ზ. თ-ე). საქართველოს ეროვნული ბანკის 1995 წლის 7 დეკემბრის №51 განკარგულებით ბანკ „მ...“ გაუუქმდა საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია, ხოლო 1996 წლის 7 ოქტომბრის №3500/11-167 განკარგულებით მას დაეხურა საკორესპონდენტო ანგარიში. კოოპერატიული ბანკი „მ...“ დაფუძნებიდან ფუნქციონირების შეწყვეტამდე განთავსებული იყო ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე შენობაში. 1996 წლიდან ფუნქციონირების შეწყვეტამდე ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე შენობაში ასევე განთავსებული იყო სს „ე...“ მარტვილის ფილიალი, ამჟამად, სადავო შენობა-ნაგებობა ფუნქციურად დატვირთული არ არის;

7.14. 1999 წლის 10 დეკემბერს, მარტვილის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსს, საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის მმართველის სახელით, განცხადებით მიმართა ნ. ხ-ამ და მოითხოვა ქ. მარტვილში ... ქუჩის №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაციის ჩატარება და ტექნიკური პასპორტის შედგენა. 1999 წლის 11 დეკემბერს ტექნიკური ინვენტარიზაციის მარტვილის ბიუროს მიერ მომზადდა ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე ნაგებობის ტექნიკური პასპორტი. ნაგებობის მფლობელად მიეთითა საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი. 1999 წლის 17 დეკემბერს ტექნიკური ინვენტარიზაციის მარტვილის ბიუროს მიერ მომზადდა ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე ნაგებობის ტექნიკური პასპორტი. ნაგებობის მფლობელად მიეთითა ნ. მ. ხ-ა, ხოლო ნაგებობის ყოფილ მფლობელად - საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი. 1999 წლის 17 დეკემბრის ტექნიკურ პასპორტის დედანს ფლობს ნ. ხ-ა. იგივე ტექ. პასპორტი ტექნიკური ინვენტარიზაციის მარტვილის ბიუროს არქივში არ ინახება. 1999 წლის 17 დეკემბრის ტექნიკური პასპორტი, როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტი ნ. ხ-ას მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი არ ყოფილა;

7.15. 1999 წლის 27 დეკემბერს მარტვილის რაიონის ზონის რეგისტრატორს განცხადებით მიმართა ნ. ხ-ამ, როგორც იურიდიული პირის - კომერციული ბანკი ... მარტვილის ფილიალის დირექტორმა და მოითხოვა ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტები: ტექ. ინვენტარიზაციის სამსახურის 1999 წლის 16 დეკემბრის ცნობა №38, მიწის წლიური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.16. 1999 წლის 27 დეკემბერს ნ. ხ-ას №17-99 განაცხადის საფუძველზე, ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში (...). უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი - ხ-ა ნ. მ.. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, ... სარეგისტრაციო ნომრის მქონე მიწის (უძრავი ქონების) და მასზე არსებული ნაგებობის მესაკუთრედ აღირიცხა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი - დირექტორი ხ-ა ნ. მ. - ქ. მარტვილი, ... ქუჩა №1. 2013 წელს, იმის გამო, რომ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის - ტექ. ინვენტარიზაციის სამსახურის 1999 წლის 16 დეკემბრის №38 ცნობის თანახმად, სარეგისტრაციო ობიექტი მარტვილის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში საბოლოო რეკვიზიტებით რეგისტრირებული იყო კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაზუსტდა რეგისტრირებული მონაცემები და ამავე დოკუმენტის საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იქნა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისათვის მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ მიწის რეგისტრაციის გზით, წარმოებდა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებდა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა -ე“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ დასახელებული სამართლებრივი აქტების მიღებამდე მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. დასახელებული კანონის მიზნებისათვის კანონიერი სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძველს არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის, ასევე ნ. ხ-ას მიერ 72800 მანეთის ბანკის სასარგებლოდ ანაზღაურების ფაქტი, ვინაიდან ამ კანონის მიზნებისათვის, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი იყო, ამ კანონის ამოქმედებამდე, დადგენილი წესით, რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ტექნიკური ინვენტარიზაციის მარტვილის ბიუროს მიერ 1999 წლის 17 დეკემბერს გაცემული პასპორტის მიჩნევის შესახებ და განმარტა, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 10 იანვრის №2-5 ბრძანების თანახმად, საქართველოში საჯარო რეესტრი ამოქმედდა 1998 წლის 10 იანვრიდან, აღნიშნული პერიოდის შემდეგ კი, მიწის ნაკვეთსა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით არსებული საჯარო რეესტრი, ამასთან, საჯარო რეესტრის პარალელურად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგებლობის სფეროში არსებობდა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც 1999 წელს „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ახდენდნენ შესაბამის უფლებათა რეგისტრაციას.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია იყო საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავდა აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. იმავე მუხლის მე-5 პუნქტში კი ერთმნიშვნელოვნად და არაორაზროვნად იყო აღნიშნული, რომ მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერის წარმოების ერთიანი სისტემით. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებდნენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, ხოლო აღნიშნული მონაცემები დადგენილი წესით წარედგინებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი პირდაპირ მიუთითებდა, რომ მიწის მიმართ შესაბამისი უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო საჯარო რეესტრში მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია, ანუ აღნიშნული უფლებების რეგისტრაციას ახდენდა სწორედ საჯარო რეესტრი, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ახორციელებდნენ მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას, შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ახდენდნენ მხოლოდ მიწასთან მყარად დაკავშირებული ობიექტების ტექნიკური ხასიათის რეგისტრაციას და ამ რეგისტრაციას არ გააჩნდა გადამწყვეტი და უფლებაწარმომქნელი მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ ასეთი რეგისტრაციის შედეგად შეკრებილი მონაცემები, საბოლოოდ, წარედგინებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, როგორც მიწის ნაკვეთის, ისე მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების იურიდიულად უფლებაწარმომქმნელი რეგისტრაციის განმახორციელებელ სუბიექტს წარმოადგენდა სწორედ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახური და მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ქონებაზე შესაბამისი უფლების წარმოშობის აუცილებელი პირობა იყო მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით.

13. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა კოდექსის 1514-ე მუხლით, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე, ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, გარდა ამისა, პალატამ მიუთითა, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ითვალისწინებს უფლებებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას, კერძოდ, ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ უფლებას წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში, ამ სამსახურების ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საჯარო რეესტრის პარალელურად არსებობდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები, მაგრამ მათ კომპეტენციას 1998 წლის 10 იანვრის შემდეგ აღარ მიეკუთვნებოდა უძრავ ქონებაზე, მათ შორის მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკუთრებისა თუ სხვა უფლების რეგისტრაცია, შესაბამისად 1998 წლის 10 იანვრამდე გაცემული ტექნიკური პასპორტი ადასტურებს უფლების რეგისტრაციის ფაქტს, ხოლო 1998 წლის 10 იანვრის შემდეგ გაცემული ტექნიკური პასპორტი - მხოლოდ შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მდგომარეობას და არა უფლების რეგისტრაციის ფაქტს, ანუ, პალატამ დაასკვნა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის მარტვილის ბიუროს მიერ 1999 წლის 17 დეკემბერს გაცემული პასპორტი ვერ განიხილება მიწის ნაკვეთზე უფლების წარმომშობ მტკიცებულებად.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ხ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

16. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება:

17. გაუგებარია, რატომ განმარტა სააპელაციო სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.11.1991 წლის გადაწყვეტილებაში გამოყენებული ტერმინი „გადაეცეს მუდმივ სარგებლობაში“ იმგვარად, თითქოს ეს ტერმინი გამორიცხავდა ბანკი „...“ მიერ დაუმთავრებელი შენობის შეძენას. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. ხ-ას მიერ შენობის შესაძენად თანხის გადახდა შენობაზე საკუთრების უფლებას არ ანიჭებდა. ასევე გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომ როდესაც 1999 წელს ნ. ხ-ამ შენობის ქვეშ არსებული მიწის შესაძენად თანხა გადაიხადა, რატომ არ მიუთითებს ეს გარემოება მის მიერ მიწის შეძენაზე. სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ არ ჩაითვალა საკმარისად, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები მიწის პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისათვის. მარეგისტრირებელი ორგანო ადასტურებს რეგისტრაციის ხარვეზით შესრულებას, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემულ საქმეში ნ. ხ-ას ორი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული: 1. ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრედ ნ. ხ-ას ნაცვლად კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 27 დეკემბრის №411999000017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. ამავე უძრავი ქონების მესაკუთრედ ნ. ხ-ას რეგისტრაციის დავალება.

22. სააპელაციო სასამართლომ, იმსჯელა რა ნ. ხ-ას უფლებაზე სადავო ქონებაზე, სარჩელი არ დააკმაყოფილა.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: 1999 წლის 27 დეკემბერს ნ. ხ-ას №17-99 განაცხადის საფუძველზე, ქ. მარტვილში, ... ქუჩის №1-ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში (...). უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი - ხ-ა ნ. მ.. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, ... სარეგისტრაციო ნომრის მქონე მიწის (უძრავი ქონების) და მასზე არსებული ნაგებობის მესაკუთრედ აღირიცხა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი - დირექტორი ხ-ა ნ. მ. - ქ. მარტვილი, ... ქუჩა №1. 2013 წელს, იმის გამო, რომ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის - ტექ. ინვენტარიზაციის სამსახურის 1999 წლის 16 დეკემბრის №38 ცნობის თანახმად, სარეგისტრაციო ობიექტი მარტვილის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში საბოლოო რეკვიზიტებით რეგისტრირებული იყო კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაზუსტდა რეგისტრირებული მონაცემები და ამავე დოკუმენტის საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იქნა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი.

24. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კომერციულ ბანკ „...“ ხელახალი რეგისტრაცია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 2 აგვისტოს დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად არ გაუვლია, რის გამოც ის ჩაითვალა გაუქმებულად. 1996 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული იქნა №3500/11-81 განკარგულება კ/ბ „...“ მარტვილის ფილიალისათვის საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვის შესახებ, შესაბამისად, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება არ არსებული სუბიექტის სახელზე დარეგისტრირდა.

25. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 10 იანვრის №2-5 ბრძანების თანახმად, საქართველოში საჯარო რეესტრი ამოქმედდა 1998 წლის 10 იანვრიდან, აღნიშნული პერიოდის შემდეგ კი, მიწის ნაკვეთსა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით არსებული საჯარო რეესტრი, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის სახელმწიფო რეგისტრაციისას ურთიერთობათა ერთ მხარეს წარმოადგენს ამ ქონების მესაკუთრე ან ამ ობიექტის მიმართ სხვა კანონიერი სანივთო უფლების მქონე ნებისმიერი პირი: საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს და სხვა ქვეყნის იურიდიული პირი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მეორე მხარეს კი – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

26. არც სააპელაციო და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის იმ მითითებაზე, რომ უძრავი ნივთის რეგისტრაცია კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე იმთავითვე განხორციელდა არასწორად, ვინაიდან რეგისტრაციის მომენტში უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი ნ. ხ-ა და არა არარსებული კომერციული ბანკი „....“ საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომერციულ ბანკ „...“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია და 1996 წლიდან გაუქმებულია.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი ამ გარემოების გათვალისწინებით, კერძოდ, სასამართლოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად ვისი სახელით წარადგინა ნ. ხ-ამ 1999 წელს უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, საკუთარი თუ ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის, უნდა გამოეკვლია, საჯარო რეესტრის უფლებამოსილების ფარგლები აღნიშნული განცხადების საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებისას, კერძოდ, უნდა შეემოწმებინა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს განმცხადებლის უფლებამოსილება, უძრავი ქონების სავარაუდო მესაკუთრის სტატუსი. სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, წარმოადგენდა თუ არა ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს ის ფაქტი, რომ კომერციული ბანკი „...“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის მომენტისათვის გაუქმებულად იყო მიჩნეული.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე განჩინების დასაბუთებით, შეაფასოს კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი. სასამართლომ, აგრეთვე, უნდა განსაზღვროს, არარსებულ სამართლებრივ სუბიექტზე არსებული რეესტრის ჩანაწერის არსებობის სამართლებრივი შედეგი, აგრეთვე, ნ. ხ-ას სახელზე აღნიშნული ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინაიდან, თუნდაც დადგინდეს, რომ საჯარო რეესტრმა ქონების მესაკუთრედ კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი არასწორად მიუთითა, ეს გარემოება, თავისთავად, არ ნიშნავს ამ ქონების ნ. ხ-ას სახელზე რეგისტრაციის დავალებას.

30. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს, რომ 2013 წელს, იმის გამო, რომ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის - ტექ. ინვენტარიზაციის სამსახურის 1999 წლის 16 დეკემბრის №38 ცნობის თანახმად, სარეგისტრაციო ობიექტი მარტვილის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში საბოლოო რეკვიზიტებით რეგისტრირებული იყო კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაზუსტდა რეგისტრირებული მონაცემები და ამავე დოკუმენტის საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იქნა კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალი. ნ. ხ-ას საჯარო რეესტრის აღნიშნული აქტი ცალკე არ გაუსაჩივრებია, ამასთან, ვინაიდან მის ერთ-ერთ მოთხოვნას ცალსახად წარმოადგენს სადავო ქონების კომერციული ბანკი „...“ მარტვილის ფილიალის სახელზე რეგისტრაციის ბათილად ცნობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს, შეუძლია, იხელმძღვანელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და მხარეს სარჩელის ტრანსფორმაცია ან სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება შესთავაზოს.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

32. მოცემულ საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე