Nბს-289-287(2კ-16) 1 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ხ-მა 2015 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოიოთხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმით დაზუსტდა მოსარჩელე და მიეთითა მოსარჩელე მხარედ - შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანება „შპს ,,...’’ დირექტორის გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 14 ივლისის №1777 განკარგულების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ბრძანება ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქუჩაზე, კორპუსი №5-ის მიმდებარედ, შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა - ნაგებობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქუჩაზე, კორპუსი №5-ის მიმდებარედ, შპს „...“ საკუთრბაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, .... ქუჩა, კორპუსი №5-ის მიმდებარე (ნაკვეთი ..) უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობით 485 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), ეკუთვნის შპს ,,...“;
2. 2014 წლის 6 ივნისს, შპს ,,...’’ დირექტორმა გ. ხ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის კუთვნილ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა - ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე) განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა;
3. საკითხი განიხილა ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ (ზონალური საბჭო) და კომისიის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა - ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე) განთავსების მიზნით ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემაზე;
4. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის №1350946 ბრძანებით გ. ხ-ს უარი ეთქვა ქ.თბილისი, .... ქუჩა, კორპუსი №5-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) მრავაფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე) განთავსების მიზნით ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემაზე (ს.ფ. 38-39);
5. შპს „...“ დირექტორმა გ. ხ-მა 2014 წლის 7 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მერიას და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის №1350946 ბრძანების ბათილად ცნობა;
6. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 14 ივლისის №1777 განკარგულებით, შპს „...“ დირექტორ გ. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის №1350946 ბრძანება და ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საკითხის არსებითი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ. 29-32);
7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 14 ივლისის №1777 განკარგულების აღსრულების მიზნით, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2014 წლის 4 სექტემბერს მიღებულ იქნა ბრძანება №247, რომლითაც შპს „...“ დირექტორის გ. ხ-ის განცხადება ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქუჩაზე, კორპუსი №5-ის მიმდებარედ, შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავაფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 38-39);
8. შპს „...“ დირექტორმა გ. ხ-მა 2014 წლის 11 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალუტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ბრძანების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანებით შპს ,,...’’ დირექტორის გ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ბრძანება;
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, შპს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის „იძულებით შეუსაბამო“ უძრავი ობიექტების სტატუსს კონკრეტულად რომელი გარემოება განაპირობებს: მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, ქალაქთმშენებლობითი პირობები თუ სივრცით-გეგმარებითი და არქიტექტურული მახასიათებლები, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, კონკრეტულად არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის გამორიცხული მათი შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა, რადგან, „იძულებით შეუსაბამო“ სტატუსის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს საპროექტო ტერიტორიის შემდგომში განვითარებას ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ შეუსწავლია და შეუფასებია ის გარემოება, შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გამწვანებული ტერიტორიის არსებობის გამო მიენიჭა თუ არა „იძულებით შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი“ და ასეთ შემთხვევაში, არ არის სათანადოდ დასაბუთებული, სამართლებრივად რამდენად გამართლებულია გამწვანებული ტერიტორიის არსებობის გამო შეზღუდვის დაწესება იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივი-საქმიან ზონა 1-ში და არა სარეკრეაციო ზონაში.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია და დამატებით აღნიშნა, რომ აქტის კანონიერებას დიდწილად განაპირობებს მისი დასაბუთებულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არის სახეზე. სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მხოლოდ ზოგადი და ზედაპირული მითითება იმაზე, რომ მიწის ნაკვეთი არის შეუსაბამო, არ გამომდინარეობს აქტის დასაბუთებულობისა და სამართლიანი მმართველობითი საქმიანობის პრინციპებიდან. სავალდებულო იყო ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულად გამოეკვლია და მიეთითებინა, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელი კონკრეტული გარემოების გამო მიიჩნია მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ შეუსაბამოდ. საკითხის სპეციფიურობის, არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, ამ უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ მას შეეძლო. ასეთ პირობებში, მმართველობითი საქმიანობის სასამართლო კონტროლიც გაადვილდება და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილობის შემთხვევებიც.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ასევე უნდა გამოარკვიოს საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ ხომ არ იყო მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებები და ასეთის არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, შპს „...“ მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლის იმპერატიული დანაწესის დარღვევას.
რაც შეეხება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარს, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 14 ივლისის №1777 განკარგულების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“ სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება:
„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასათებლებით არ შეესაბამება შესაბამისი ზონის განაშენიანების რეგულირების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ენიჭება განპირობებული (იძულებით) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით (ფართობი, კონფიგურაცია) არ შეესაბამება ზონის განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იძენს განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების სტატუსს.
სადავო აქტის გამოცემის დროს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მოქმედება პირდაპირ გამომდინარეობს როგორც მოქმედი კანონმდებლობიდან, ისე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებიდან. აღნიშნული სამსახური არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს ქალაქის დამახინჯებული იერსახე. სწორედ ზემოთ ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების და გამოკვლევის შემდგომ, სამსახურმა, როგორც ქალაქგეგმარების ორგანომ, დაადგინა, რომ საპროექტოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე არ იძლევა მასზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობას.
კასატორის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 16.02.2015 წლის N88 ბრძანება კანონშესაბამისია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სსიპ არქიტექტურის სამსახურის უარი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 4 სექტემბერს მიიღო №247 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...“ დირექტორის გ. ხ-ის განცხადება ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქუჩაზე, კორპუსი №5-ის მიმდებარედ, შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავაფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. შპს „...“ დირექტორმა გ. ხ-მა 2014 წლის 11 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალუტეტის მერიას ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანებით შპს ,,...’’ დირექტორის - გ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია –მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ამავე დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე დადგენილების 44.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.
სადავო ბრძანებაში უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, რომ შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №... მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-ში, თავისი მდებარეობით, ფართობით, კონფიგურაციით და ქალაქმშენებლობითი პირობებით (გამწვანებული ტერიტორია) წარმოადგენს იძულებით შეუსაბამო მიწის ნაკვეთს და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით მისი სამშენებლოდ განვითარება მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ფუნქციით დაუშვებელია.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) მიწათსარგებლობის ზონების შესაძლო სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი; ბ) ცალკეულ ზონებში ტერიტორიების გამოყენების სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები. ტერიტორიების განაშენიანების თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) თითოეული ზონისათვის განაშენიანების (სამშენებლო განვითარების) პარამეტრები და მათი მაქსიმალური ან/და მინიმალური მაჩვენებლები; ბ) განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა (საჭიროების შემთხვევაში). „განაშენიანების ძირითადი დებულებებით“, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ და მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებით ყოველი ზონისათვის დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი გამოიყენება ამ ზონაში განლაგებული ყველა მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების (ობიექტების) მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო-სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა დამუშავებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პარამეტრების მიხედვით, გამოყოფილია გარკვეული ზონები, სადაც მშენებლობა საერთოდ დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-ში.
„ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-19 მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) არის საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა). ამავე წესებით განსაზღვრულია მშენებლობები, რომლებიც ამ ზონაში დაიშვება.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ თითოეული იმ ზონის ფარგლებში, სადაც ნორმატიულად მშენებლობა დაიშვება, შესაძლებელია არსებობდეს ტერიტორია, რომელიც თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მშენებლობისათვის ვერ იქნება გამოყენებული, მაგალითად, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით (ფართობი, კონფიგურაცია) არ შეესაბამება ზონის განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იძენს განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ტერიტორიებისათვის დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება ადგენს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინდივიდუალურ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს მესაკუთრეთა და საზოგადოებრივ ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სწორად გამოიყენა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ არქიტექტურის სამსახური ყველა შემთხვევაში ვალდებულია, განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ტერიტორიებისათვის დაადგინოს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინდივიდუალურ პარამეტრები. ამგვარი პარამეტრების დადგენის საშუალებას მიწის ნაკვეთი უნდა იძლეოდეს, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უფლებამოსილი ორგანო მოთხოვნის განხილვის ფარგლებში ამოწმებს კონკრეტულ ნაკვეთზე არა ზოგადად პარამეტრების დადგენის შესაძლებლობას, არამედ, აფასებს მხარის მიერ განცახადებაში მითითებული სამშენებლო პირობების განსაზღვრის შესაძლებლობას. ისეთ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ იძლევა მშენებლობის საშუალებას, ადმინისტრაციული ორგანო უარს ეუბნება განმცხადებელს პირობების დადგენაზე. რასაკვირველია, ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, ზუსტი მითითებით, ამ ნაკვეთზე საერთოდ მშენებლობაა შეუძლებელი, თუ კონკრეტული სამშენებლო პროექტის განხორციელება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც, გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მხოლოდ მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი გამოყენება იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.
საკასაციო სასამართლო ზოგადად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აქტის კანონიერებას დიდწილად განაპირობებს მისი დასაბუთებულობა, მაგრამ მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე გულისხმობს აქტის კანონიერების, დასაბუთებულობის შემოწმებას. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს გამოცემულია თუ არა სადავო აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა სადავო ბრძანების მიღებისას გაითვალისწინა შპს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა, მისი მახასიათებლები, კერძოდ, აქტში მითითებულია, რომ ნაკვეთს გააჩნია რთული კონფიგურაცია, მაღალქანობიანი რელიეფი და წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას. სწორედ ამგვარი მახასიათებლების გამო, არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის გამოუსადეგარი იყო.
სადავო აქტით არქიტექტურის სამსახურმა ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი სულ 485 კვ.მ-ს შეადგენს, რომელზე შპს „...“ 7-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით ასევე შეფასებულია მშენებლობის პროექტიც, კერძოდ, საპროექტო ობიექტის ესკიზური ნახაზის შეფასების შედეგად, სამსახურმა მიიჩნია, რომ იგი არ მოდის შესაბამისობაში არსებულ არქიტექტურულ გარემოსთან. ბრძანების თანახმად „წარმოდგენილი ესკიზური პროექტი მოცულობითი, არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით ვერ უზრუნველყოფს ისეთი განაშენიანების ჩამოყალიბებას, რომელიც დააკმაყოფილებს ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოს და წარმოდგენილი სახით მისი განხორციელება გამოიწვევს დისონანს არსებულ განაშენიანებაში.“
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქ. თბილისის მერიას, რომ არქიტექტურის სამსახური არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის. სსიპ ქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით წარმოადგენს არქიტექტურული-სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ ერთადერთ ორგანოს და სწორედ მისი პასუხისმგებლობაა ქალაქის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხოციელების პრინციპია საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებით გამოკვლეული და შეფასებულია, როგორც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობა შპს „...“ მიერ მოთხოვნილი პარამეტრებით, ასევე ასაშენებლი ობიექტის შესაძლო გავლენა არსებულ ურბანულ გარემოსა და ქალაქის იერ-სახეზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გამოიცა, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე მისი გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოცემულ საქმეზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ბრძანება კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული, რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანების კანონიერებასაც, ვინაიდან, არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტია სსიპ არქიტექტურის სამსახური, რომლის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამასთან, არქიტექტურის სამსახურის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში მისი ინტერესების დაცვასაც ახორციელებს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში შპს „...მა“ მოპასუხე სსიპ არქიტექტურის სამსახურს უნდა აუნაზღაუროს სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; შპს „...“ დაეკისროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-289-287(2კ-16) 30.05.2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპსლიტეტის არქიტექტურის სამსახური; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ხ-მა 2015 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოიოთხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 სექტემბრის №247 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმით დაზუსტდა მოსარჩელე და მიეთითა მოსარჩელე მხარედ - შპს „…“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იცნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 16 თებერვლის №88 ბრძანება „შპს ,,…’’ დირექტორის გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 14 ივლისის №1777 განკარგულების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 04 სექტემბრის №247 ბრძანება ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქუჩაზე, კორპუსი №5-ის მიმდებარედ, შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა - ნაგებობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქუჩაზე, კორპუსი №5-ის მიმდებარედ, შპს „...“ საკუთრბაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით კასატორს - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით კასატორ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. განჩინება კასატორს 2016 წლის 28 აპრილს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 29 აპრილს დაიწყო და 3 მაისს 24:00 საათზე ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი