№ბს-358-353(კ-16) 1 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირები - სს „...“, ლ. ა-ე, პ. ც-ე, შპს ,,..."
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 7 ივნისის N1528 განცხადების საფუძველზე შპს „...“ უძრავი ნივთის, - კოდით ..., მომხდარი რეგისტრაციისა და კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 20 ივნისის N882012281840-03 გადაწყვეტილების ლ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არარად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის N25440 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამავე სააგენტოს 2014 წლის 1 აპრილის N70048 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
მ. მ-მა 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება (სამსართულიანი შენობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700 მ2 მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. კასპში, ... ქ. №2-ში, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა - კასპი (კოდი - ...), სექტორი - ქ. კასპი (კოდი - ...), კვარტალი - №...;
მ. მ-მა ამ ქონებიდან შენობის პირველ სართულზე მდებარე 52,64 მ2 და 15 მ2 დამხმარე ფართი, ასევე მეორე სართულის 114 მ2 ფართი 2007 წლის 5 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ფონდ „...“ (უფლებამონაცვლე სს „...“);
2007 წლის 7 ივნისს, მ. მ-ის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, ... ქ. №2-ში მდებარე ქონებიდან მ. მ-ის სახელზე რიცხული ქონება - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „...“ სახელზე და შევიდა მის საწესდებო კაპიტალში;
შპს „...“ და სს „...“ შორის 2012 წლის 21 თებერვალს დაიდო იჯარის ხელშეკრულება კასპში, ... ქ. №2-ში მდებარე ქონებიდან შპს „...“ კუთვნილ პირველ სართულზე მდებარე 206,56 მ2 ფართზე;
შპს „...“ (დირექტორი პ. ც-ე) და ლ. ა-ეს შორის 2012 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების სახელზე რიცხული, კასპში, .... ქ. № 2-ში მდებარე ქონება (საკადასტრო კოდი ...), 882012281840-03 გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე;
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ. განაჩენით ირკვევა, რომ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მან მ. მ-ის სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია;
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - შპს ,,...”), კასპში, ... ქ. № 2-ში მდებარე მიწის მესაკუთრეზე ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები - ლ. ა-ე, პ. ც-ე, შპს ,, ...”, სს ,, ...”, № 882012281840 განცხადების საფუძველზე ლ. ა-ის სახელზე № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლისა და 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებებით მ. მ-ის საჩივრები შპს ,, ...” და ლ. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების არარად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2007 წლის 27 ივნისის წილის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სანოტარო წესით არის დამოწმებული, შპს „...“ დამფუძნებელმა პარტნიორმა - მ. მ-მა შპს-ს 90%-იანი წილი დათმო პ. ც-ის სასარგებლოდ (იხ.ტ.1.ს.ფ.151-154);
წილის დათმობის ხელშეკრულებას თან ერთვის შპს „...“ დამფუძნებელი პარტნიორის - მ. მ-ის გადაწყვეტილება, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული, რომლის მიხედვით დათმობილი წილის 90% მოიცავს ... სახლის პირველ სართულზე 206,56 კვ. მეტრის, მე-2 სართულზე - 167,22 კვ.მეტრს, მე-3 - სართულზე 178 კვ. მეტრს და კასპის რაიონის სოფელ ... საქმიან ეზოს.
მ. მ-მა 2001 წლის 23 მარტს შპს ,,...“ ერთპიროვნულად დაფუძნებისა და რეგისტრაციისას, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განახორციელა ქონებრივი შენატანით, რომელიც შეფასებულია აუდიტის მიერ. მათ შორის აუდიტის დასკვნაში შეფასებულია ის უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ 90% წილის სახით დაუთმო პ. ც-ეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 13 ივლისის N206 ბრძანებით შპს ,,...“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში შეტანილ იქნა ცვლილება: 2007 წლის 27 ივნისს შპს ,,...“ 100% წილის მფლობელმა - მ. მ-მა წილის დათმობის გზით თავისი კუთვნილი წილიდან 90% დაუთმო პ. ც-ეს და 10 % გ. გ-ს. 2007 წლის 10 ივლისის შპს ,, ...“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა პ. ც-ე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენში მითითებულია მხოლოდ 2007 წლის 7 ივნისის განცხადების სიყალბეზე და არა რეგისტრაციის შედეგად დამდგარ სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. აღნიშნული განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ განცხადების გაყალბებისათვის, რაც არ ნიშნავს, რომ შპს ,, ...” სახელზე, ხოლო შემდეგ ლ. ა-ის სახელზე რეგისტრაციებმა გამოიწვია სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გაყალბებული განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გამო სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელის პასუხისმგებლობა არც დამდგარა).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებდა რეგისტრაციის განხორციელების უფლებამოსილებას, წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა. ასევე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ან არარად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სადავო აქტების გამოცემის შედეგად სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა და აღნიშნულ აქტებს დარღვევა არ გამოუწვევია. დადგენილია, რომ უძრავი ქონების შპს ,, ...” სახელზე რეგისტრაციით აღსრულდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე; შესაბამისად, დადგენილია, რომ გადაწყვეტილებები ქონების შპს ,, ...” და ლ. ა-ის სახელზე რეგისტრაციების შესახებ შესრულდა (ფაქტობრივი მიზეზის გამო შეუსრულებლობა სახეზე არ არის) და ამ შესრულებას - რეგისტრაციის შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შედეგად არ გამოუწვევია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელი ორგანო (მისი თანამშრომელი) ვალდებული იყო მხოლოდ შეემოწმებინა შესაბამისობა მასთან დაცულ დოკუმენტაციასა და წარმოდგენილ ინფორმაციას შორის, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2007 წლის 27 ივნისის წილის დათმობის ხელშეკრულებით შპს ,, ...“ დამფუძნებელი პარტნიორის მიერ დათმობილი იქნა შპს-ში წილის 90% პ. ც-ის სასარგებლოდ, რაც მოიცავდა ... სახლის პირველ სართულზე 206,56 კვ. მეტრს, მე-2 სართულზე - 167,22 კვ.მეტრს, მე-3 სართულზე - 178 კვ. მეტრს და კასპის რაიონის სოფელ ... საქმიან ეზოს. აღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულებით გადაცემული 90%-იანი წილი მოიცავს სწორედ იმ ფართობებს, რაც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლებით აღრიცხულ იქნა ჯერ შპს „...“ პ. ც-ის წილად, ხოლო შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ა-ის სახელზე. მოსარჩელე წილის დათმობის ხელშეკრულებას სადავოდ არ ხდის, განმარტავს, რომ იგი დაიდო მისი ნების შესაბამისად, რაც დაადასტურა სააპელაციო წესით საქმის განხილვისასაც. გაყალბებული განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული ქონება აპელანტის ნების შესაბამისად, მაინც იქნებოდა რეგისტრირებული შპს „...“, ვინაიდან სადავო ფართები მისი ნების შესაბამისად გავიდა მისი საკუთრებიდან, როგორც შპს ,, ...“ დამფუძნებელი პარტნიორისგან.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მიწის ნაკვეთი, რაზეც შენობა-ნაგებობა დგას, არ დაუთმია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე შენობა და ცალკე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს შენობა დგას, არ არსებობს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150.2-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ. მ-მა დათმობის ხელშეკრულებაში მითითებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი ფართის დათმობისას, დათმო მიწის ნაკვეთიც, რომელზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ლ. ა-ის სახელზე N... საკადასტრო კოდით უძრავი ქონების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2012 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია. აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად დავის საგანს, რაც არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის N1/324-12 განაჩენი, გორის რაიონული პროკურატურის 2013 წლის 20 აგვისტოს 13/20-84290 წერილი, რომლის თანახმადაც პ. ც-ემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენის თანახმად: 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში პ. ც-ემ მ. მ-ის სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რაც წარადგინა და რის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია. რეგისტრაცია რომ განხორციელდა და უძრავი ნივთის მესაკუთრე შეიცვალა, სწორედ ამიტომ იქნა ც-ე დამნაშავედ ცნობილი. 2007 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას ადმინისტრაციული სარჩელის განხილვისათვის არავითარი მიშვნელობა არ აქვს. ხელშეკრულება შედგენილა განცხადების გაყალბებიდან 20 დღის შემდეგ. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. მ-ი ამ ხელშეკრულებას სადავოდ არ ხდის. ხელშეკრულება სამოქალაქო დავის საგანია და მის ხელახლა გასაჩივრებას ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობა სჭირდება, ვინაიდან ერთხელ უკვე იყო გასაჩივრებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ქონება შეტანილი იყო შპს „...“ საწესდებო კაპიტალში და არ გამოუკვლევია, ვის ეკუთვნოდა 1781 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიწა მ. მ-მა 2011 წლის 30 ივნისს გამოისყიდა - შპს „...“ დაფუძნებიდან 3 თვის შემდეგ. მანამდე მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მ. მ-მა 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება (სამსართულიანი შენობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700 მ2 მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. კასპში, ... ქ. №2-ში, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა - კასპი (კოდი - ...), სექტორი - ქ. კასპი (კოდი - ...), კვარტალი - №...;
2007 წლის 7 ივნისს, მ. მ-ის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, ... ქ. №2-ში მდებარე ქონებიდან მ. მ-ის სახელზე რიცხული ქონება - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,, ...” სახელზე და შევიდა მის საწესდებო კაპიტალში;
შპს ,, ...” (დირექტორი პ. ც-ე) და ლ. ა-ეს შორის 2012 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საზოგადოების სახელზე რიცხული, კასპში, ... ქ. № 2-ში მდებარე ქონება (საკადასტრო კოდი ...), N882012281840-03 გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე;
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ. განაჩენით ირკვევა, რომ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მან მ. მ-ის სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია;
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - შპს ,, ...”, კასპში, ... ქ. № 2-ში მდებარე მიწის მესაკუთრეზე ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები - ლ. ა-ე, პ. ც-ე, შპს ,, ...”, სს ...”, № 882012281840 განცხადების საფუძველზე ლ. ა-ის სახელზე № ... საკადასტრო კოდით არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლისა და 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებებით მ. მ-ის საჩივრები შპს ,, ...” და ლ. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების არარად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2007 წლის 27 ივნისის წილის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სანოტარო წესით არის დამოწმებული, შპს „...“ დამფუძნებელმა პარტნიორმა - მ. მ-მა შპს-ს 90%-იანი წილი დათმო პ. ც-ის სასარგებლოდ. წილის დათმობის ხელშეკრულებას თან ერთვის შპს „...“ დამფუძნებელი პარტნიორის - მ. მ-ის გადაწყვეტილება, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული, რომლის მიხედვით დათმობილი წილის 90% მოიცავს ... სახლის პირველ სართულზე 206,56 კვ. მეტრს, მე-2 სართულზე - 167,22 კვ.მეტრს, მე-3 სართულზე - 178 კვ. მეტრსა და კასპის რაიონის სოფელ ... საქმიან ეზოს.
მ. მ-მა 2001 წლის 23 მარტს შპს ,,…“ ერთპიროვნულად დაფუძნებისა და რეგისტრაციისას, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განახორციელა ქონებრივი შენატანი, რომელიც შეფასებულია აუდიტის მიერ(იხ. ტ.1; ს.ფ.298-299). აუდიტის დასკვნაში შეფასებულია, მათ შორის ის უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელემ შემდეგ 90% წილის სახით დაუთმო პ. ც-ეს (იხ.ტ.1.ს.ფ.313).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 13 ივლისის N206 ბრძანებით შპს ,, ...“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში შეტანილი იქნა ცვლილება: 2007 წლის 27 ივნისს შპს ,, ...“ 100% წილის მფლობელმა მ. მ-მა წილის დათმობის გზით თავისი კუთვნილი წილიდან 90% დაუთმო პ. ც-ეს და 10 % გ. გ-ს. 2007 წლის 10 ივლისის შპს ,,...“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა პ. ც-ე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოადგენს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსების, ნაწილების ნუმერაციისა და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებდა რეგისტრაციის განხორციელების უფლებამოსილებას, წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობის ფაქტი. ასევე არ დასტურდებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ან არარად ცნობის ფაქტი.
საკასაციო პალატა იზიარებს არარა აქტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე: ,,საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია თავად არარა აქტის ბუნებით. ვინაიდან ამგვარი აქტი აღსრულების ძალმოსილების ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, მისი მოქმედების შეწყვეტა ვერ მოხდება. კერძოდ, სამართლებრივი აქტის იურიდიული ძალა სწორედ მისი მოქმედების ანუ აღსრულების ფუნქციაშია. აქტის გაუქმება ნიშნავს მისი მოქმედების შეწყვეტას, ასე, მაგალითად: აქტის ბათილად ცნობა ნიშნავს, აქტის მოქმედების შეწყვეტას ამა თუ იმ მომენტიდან: ა)გამოცემის მომენტიდან; ბ) გამოცხადების მომენტიდან; გ) მომავალში კონკრეტული თარიღის დათქმით, ან ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს, რომ აქტის მოქმედება შეწყდება მისი ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტიდან. ვინაიდან, გამოცემისას უკანონო და გამოცემისას კანონიერი აქტები იურიდიული ძალის მქონე აქტებია და მათი მოქმედება დამოკიდებულია ადმინისტრაციული საჩივრის ან ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრაზე ან გამომცემი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მაშინ, როცა არარა აქტი ვერ იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება არ შეიძლება ძალაში შევიდეს, როგორც საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო მოვლენა, ამდენად, აქტის არარად აღიარება მიზნად ისახავს მისი იურიდიული ძალმოსილების არმქონე დოკუმენტად სასამართლო წესით დადასტურებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი აქტის აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო აღსრულების შემთხვევაში – მისი შედეგების გაქარწყლება“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია, შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სადავო აქტების გამოცემის შედეგად სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა და აღნიშნულ აქტებს დარღვევა არ გამოუწვევია. დადგენილია, რომ უძრავი ქონების შპს ,, ...” სახელზე რეგისტრაციით აღსრულდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილება, რომლის შემდეგადაც ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე; შესაბამისად, დადგენილია, რომ გადაწყვეტილებები ქონების შპს ,, ...” და ლ. ა-ის სახელზე რეგისტრაციების შესახებ შესრულდა (ფაქტობრივი მიზეზის გამო შეუსრულებლობა სახეზე არ არის) და ამ შესრულებას - რეგისტრაციის შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შედეგად არ გამოუწვევია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელი ორგანო (მისი თანამშრომელი) ვალდებული იყო მხოლოდ შეემოწმებინა შესაბამისობა მასთან დაცულ დოკუმენტაციასა და წარმოდგენილ ინფორმაციას შორის, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2007 წლის 27 ივნისის წილის დათმობის ხელშეკრულებით და შპს ,, ...“ დამფუძნებელი პარტნიორის მიერ დათმობილ იქნა შპს-ში წილის 90 % პ. ც-ის სასარგებლოდ, რაც მოიცავდა ... სახლის პირველ სართულზე 206,56 კვ. მეტრს, მე-2 სართულზე - 167,22 კვ. მეტრს, მე-3 სართულზე - 178 კვ. მეტრს და კასპის რაიონის სოფელ ... საქმიან ეზოს. აღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულებით გადაცემული 90%-იანი წილი მოიცავს სწორედ იმ ფართობებს, რაც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლებით აღრიცხულ იქნა ჯერ შპს „...“ პ. ც-ის წილად, ხოლო შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ა-ის სახელზე. კასატორი მიუთითებს, რომ წილის დათმობის ხელშეკრულება დაიდო მისი ნების შესაბამისად. გაყალბებული განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული ქონება აპელანტის ნების შესაბამისად მაინც იქნებოდა რეგისტრირებული შპს „...“, ვინაიდან სადავო ფართები მისი ნების შესაბამისად გავიდა მისი საკუთრებიდან, როგორც შპს ,, ...“ დამფუძნებელი პარტნიორისგან. იმის ვარაუდი, რომ მ. მ-ისთვის თუ ცნობილი იქნებოდა 2017 წლის 7 ივნისს წარდგენილი განცხადების შესახებ იგი არ გააფორმებდა 2007 წლის 27 ივნისს წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებას წარმოადგენს მხარის ჰიპოთეტურ მოსაზრებას და სასამართლოს მიერ ვერ განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემობად. რამდენადაც დადგენილია, რომ მ. მ-მა 2001 წლის 23 მარტს შპს ,, ...“ ერთპიროვნულად დაფუძნებისა და რეგისტრაციისას, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განახორციელა ქონებრივი შენატანი, რომელიც შეფასებულია აუდიტის მიერ. მათ შორის აუდიტის დასკვნით შეფასებულია ის უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ 90% წილის სახით დაუთმო პ. ც-ეს. შესაბამისად, ეს ქონება შპს ,, ...“ საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტისათვის უკვე წარმოადგენდა შპს ,, ...“ საკუთრებას. 2007 წელს, წილის დათმობის ხელშეკრულებით განხორციელდა ცვლილებები, რაც აისახა როგორც სამეწარმეო რეესტრში, ისე საჯარო რეესტრში.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას, რომ მას მიწის ნაკვეთი, რაზეც შენობა-ნაგებობა დგას, არ დაუთმია, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ცალკე შენობა და ცალკე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს შენობა დგას, არ არსებობს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად შენობა-ნაგებობა წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელზედაც იგი არის განლაგებული. აღნიშნული ურთიერთკავშირის გამო, საკუთრების უფლება პროპორციულად ვრცელდება აგრეთვე შენობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზეც, რაც არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. დამოუკიდებელი სანივთო უფლება არსებით შემადგენელ ნაწილზე შეუძლებელია არსებობდეს, გარდა სკ-ის 234-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კოდექსის 171-ე მუხლით განსაზღვრულია საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ. მ-მა დათმობის ხელშეკრულებაში მითითებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი ფართის დათმობისას, დათმო მიწის ნაკვეთიც, რაზეც ის არის განთავსებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ. ა-ის სახელზე N67.01.05.466 საკადასტრო კოდით რეგისტრაციას საფუძვლად უდევს სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი -2012 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია. აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად დავის საგანს, რაც არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო სასამართლო მართალია არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მოსარჩელის იურიდიულ ინტერესთან მიმართებაში და სადავო აქტების არარად აღიარების თაობაზე, რამდენადაც მხარეს გააჩნია სამოქალაქო წესით სარჩელის აღძვრის სამართლებრივი შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემული სარჩელის საგანი არ არის უძრავი ქონების მესაკუთრედ მ. მ-ის აღიარება, ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა არ უნდა დადგინდეს იმის შესაბამისად, გასულია თუ არა ქონება, სადავო აქტების მიუხედავად, მ. მ-ის საკუთრებიდან ან ამ აქტების არარად აღიარებით მოხდება თუ ვერა ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მ. მ-ის საკუთრებაში ქონების დაბრუნების შესაძლებლობის არასებობით სადავო აქტების არარად აღიარების იურიდიული ინტერესი არ გაქარწყლდება, ვინაიდან, შესაძლოა, არსებობდეს სხვაგვარი სამართლებრივი მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენის სამართლებრივი საფუძველი, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა. ამის მიუხედავად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციების არარად აღიარების არცერთი გარემოება კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული და დადასტურებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე შუამდგომლობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურიდან მისი სახელით შესრულებული 2007 წლის 18 მაისის №1048 და 7 ივნისის №1528 განცხადებების გამოთხოვისა და კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, რის გამოც მ. მ-ის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურიდან განცხადებების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურიდან განცხადებების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე