საქმე Nბს-439-434(კ-16) 29 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორები -ა. ი-ე, რ. ი-ე, მ. ხ-ე, თ. ვ-ე, ამ. ი-ე, თ. ბ-ე, ნ. მ-ე, ს. გ-ე, დ. ბ-ე, ნ. ი-ე, ო. გ-ე, ნ. ვ-ე, მ. ნ-ე, ვ. ხ-ე, შ. მ-ე, რ. ხ-ე, ზ. ი-ე, ა. ხ-ე, მ. ნ-ე, მ. ხ-ე, ა. ვ-ე, თ. მ-ე, ს. შ-ე, ზ. ი-ე, ბ. მ-ე, რ. მ-ე, ტ. მ-ე, ე. გ-ე, შ. მ-ე, არ. ი-ე, ე. მ-ე, თ. შ-ე, ა. შ-ე, მ. ჯ-ე, მ. ბ-ე, თე. ბ-ე, ფ. ბ-ე, რ. შ-ე,მ. ნ-ე, ა. ხ-ე, თ. ხ-ე, ს. ქ-ე, თ. ხ-ე, თე. ხ-ე, დ. ვ-ე, თ. ბ-ე, მ. ი-ე, ა. მ-ე, დ. ბ-ე, რ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხეები)
მესამე პირები- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,...“, გ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, იჯარისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ი-ემ, რ. ი-ემ, მ. ხ-ემ და სხვებმა (სულ 51 პირმა) თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს: წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის №4 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; 2002 წლის 14 მაისს წალკის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის დადებული №353 იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2011 წლის 14 სექტემბრის №313 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი წარმოადგენენ წალკის რაიონის სოფელ ... (...) მაცხოვრებლებს, ეკოემიგრანტებს მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან. სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 80 ოჯახი, მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია მესაქონლეობით, რაც მოსახლეობის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს. მოსარჩელეებს ჰყავთ სულ 1130 სული საქონელი. სოფელ ... სახელმწიფო საკუთრებაშია 400 ჰა საძოვარი, საიდანაც 200 ჰა არის სოფლის მიმდებარედ, ხოლო 200 ჰა მთიან რეგიონში, დასახელებული საძოვრები არ არის საკმარისი 1130 სული საქონლის გამოსაკვებად. სოფელში ცხოვრების პერიოდში, რადგანაც სოფელს არქონდა სასაფლაო, მოსარჩელეებს უწევდათ მიცვალებულების გადასვენება აჭარაში, რაც დაკავშირებული იყო პრობლემებთან და გარკვეულ ხარჯებთან, მით უფრო უამინდობისა და ზამთრის პერიოდში. 2004 წელს წალკის გამგეობის სიტყვიერი თანხმობით სოფელ ... გამოიყო ტერიტორია, სადაც დაკრძალული იყო პირველი მიცვალებული. 2009 წლამდე სულ დაიკრძალა 12 მიცვალებული. 2004 წელს სოფლის განვითარების პროექტით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტი და სასაფლაო შემოიღობა. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა სოფლის პირუტყვის ერთადერთ საძოვარს, თუმცა როგორც საძოვარი, ისე სასაფლაო აღმოჩნდა გ. გ-ის საკუთრებაში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების ან/და მრავალწლიანი ნარგავების“ 2011 წლის 14 სექტემბრის №313 ნასყიდობის ხელშეკრულებით. დასახელებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის №4 დადგენილება და 2002 წლის 14 მაისის №353 იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც წალკის რაიონის გამგეობამ გ. გ-ს იჯარით გადასცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, მათ შორის მიწა, რომელზედაც განთავსებულია სოფლის სასაფლაო და სოფლის საძოვარი. მოსარჩელეების მოსაზრებით იჯარის ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება, ვინაიდან ხელშეკრულებას გამგეობის მხრიდან ხელს არ აწერს გამგებელი და არ მოხდა კონკურსის წესით მიწის იჯარით გაცემა, იჯარით გ. გ-ს გამგეობის დადგენილებით არ გადასცემია სოფელ ... მიწები. ბათილი გარიგებაა ასევე 2011 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან მას საფუძვლად დაედო კანონდარღვევით დადებული იჯარის ხელშეკრულება. გ. გ-ს არასდროს დაუმუშავებია იჯარით მასზე გაცემული მიწა. იჯარის გაცემულ მიწის ნაკვეთში არ შედიოდა სასაფლაოს მიწა. დაუშვებელი იყო სასაფლაოს ტერიტორიისა და საძოვრის საკუთრებაში გადაცემა. წალკის რაიონის გამგეობის მიერ დარღვეულ იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მიწის იჯარით გაცემის შესახებ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია სათანადო მასალების საფუძველზე ადგენდა საინფორმაციო ცნობას კონკურსით მიწის იჯარით გაცემის შესახებ და უზრუნველყოფდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამოქვეყნებას კონკურსის მოწყობამდე 20 კალენდარული დღით ადრე, რაც არ განხორციელებულა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მასში მეიჯარის სახელით ხელს არ აწერს წალკის რაიონის გამგებელი. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესისი შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო იჯარის სუბიექტად - მეიჯარედ მიჩნეულ იქნა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი - ადგილობრივი მმართველობის რაიონული ორგანო, შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელის მომწერის უფლება მმართველობის რაიონული (საქალაქო) ორგანოს წარმომადგენელს გააჩნდა და არაუფლებამოსლი პირის მიერ დადებული ხელშეკრულება (გარიგება) ბათილია. წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის №4 დადგენილება მიღებული იყო წერილობითი დასაბუთების გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნებოდა ადმინისტრაციული წარმოების დროს. რაც შეეხება 2011 წლის 14 სექტემბრის №313 ნასყიდობის ხელშეკრულებას მოსარჩელეთა მოსაზრებით, იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონის 3.2. მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის სასყიდლიანად. მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 8 ივლისის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: „ა“ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2011 წლის 14 სექტემბრის №313 ნასყიდობის ხელშეკრულება წალკის რაიონის სოფელ ... მდებარე 3434,4 კვ.მ სასაფლაოს ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქმის სააპელაციო ეტაპზე განხილვის დროს საქმეში მესამე პირად ჩაება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,...“ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით ა. ი-ისა და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იჯარით მიკუთვნების შესახებ რაიონული კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცდა რაიონული კომისიის №11 6.12.2001წ. და №12 28.01.2002წ. ოქმები, რომლითაც ... გამგეობის ტერიტორიიდან გ. გ-ს გამოეყო ხნული - 60 ჰა, სათიბი - 53 ჰა, საძოვარი - 180 ჰა. 2002 წლის 14 მაისის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის შესახებ №353 ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე გ. გ-სა და წალკის რაიონის გამგეობის, შესაბამის უფლებამოსილ პირს, სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად, გ. გ-ს იჯარის წესით 10 წლის ვადით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ იჯარის ხელშეკრულება გ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა 2010 წლის 19 თებერვალს დაზუსტებული ფართით 256900.00, საკადასტრო კოდით №.... 2010 წლის 6 ივლისს გ. გ-მა განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მის სახელზე იყო იჯარით გაცემული, პირდაპირი ფორმით პრივატიზება 2011 წლის 14 სექტემბრის იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის №313 ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმებულ იქნა, ერთი მხრივ, ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და მეორე მხრივ, გ. გ-ს შორის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, წალკის რაიონის გამგეობის 28.01.2002 წლის №4 დადგენილებისა და წალკის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის გაფორმებული 14.05.2002 წლის №353 ხელშეკრულების საფუძველზე, გ. გ-მა შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული სასოფლო და დამხმარე ნაგებობებით ან/და მრავალწლიანი ნარგავებით - მიწის ნაკვეთის ფართობი - 25,69 ჰა (საძოვარი), საკადასტრო კოდი: ..., ადგილმდებარეობა - წალკა, სოფელი .... საპრივატიზებო საფასურმა შეადგინა 154215 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა გ. გ-ის მიერ. საქართველოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 6 ივნისის №189/07 წერილის თანახმად, სოფელ ... მოსახლეობასა და კერძო მესაკუთრე გ. გ-ს შორის სადავო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) მდებარეობს სოფელ ... (...) მიმდებარედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2002 წლის 14 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გაცემულ იქნა გ. გ-ზე 10 წლის ვადით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იჯარის რეგისტრაციის შესახებ). 2011 წლის 14 სექტემბერს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №313 ხელშეკრულებით გ. გ-მა შეისყიდა მასზე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აღნიშნული (საძოვარი) მიწის ნაკვეთი, რაც ამჟამად მის საკუთრებაშია (ხელშეკრულება №313, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2004 წელს დაკრძალულ იქნა პირველი მიცვალებული. 2009 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შემოღობილ იქნა სასაფლაოს ტერიტორია. გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არც ერთი ნაწილი საკადასტრო მონაცემებით როგორც პირუტყვის გადასარეკი ტრასა არ არის რეგისტრირებული. კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 28 აპრილის დასკვნის თანახმად, წალკის რაიონის სოფელ ... მდებარე სასაფლაო, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით მთლიანად ხვდება საჯარო რეესტრში გ. გ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და ხდება გადაფარვა. გადაფარვის ფართობი 3434,4 კვ.მ. შეადგენს. 2009 წლის 27 მაისის წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი/მ „ს. კ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №61 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდა სოფელ ... ახალი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები. პალატამ წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილების საფუძველზე დადებული 2002 წლის 14 მაისის N353 იჯარის ხელშეკრულებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. გ-ს არ გადასცემია სასაფლაო. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ წალკის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის 2002 წლის 5 თებერვალს გაფორმებული N353 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გ. გ-ს სრულად აქვს შესრულებული და საიჯარო ქირის დავალიანება არ ერიცხება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა თავიანთ სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება; სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა შემდეგზე: განსახილველ შემთხვევაში სასარჩლო მოთხოვნას წარმოადგენს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის №4 დადგენილება; ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 14 მაისს წალკის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება №353 და ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 14 სექტემბრის №313 ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ იჯარით მიკუთვნების შესახებ რაიონული კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიკუთვნების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წალკის რაიონის გამგეობამ დაადგინა, რომ კომისიას დაევალა (ბ-ნ ვ.ხ. ჩ-ს და ო.ვ. კ-ს) მომზადდეს ყველა აუცილებელი დოკუმენტი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. დადგენილებას ხელს აწერს წალკის რაიონის გამგებელი - ე. ხ-ი და გამგებლის პირველი მოადგილე - ხ. კ-ი. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹№446 ბრძანებულების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო იჯარის სუბიექტად – მეიჯარედ მიჩნეულ იქნა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი – ადგილობრივი მმართველობის რაიონული ორგანო, შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლება მმართველობის რაიონული (საქალაქო) ორგანოს წარმომადგენელს გააჩნდა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის ერთ-ერთი წევრი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილებაში მითითებული ზემოაღნიშნული დავალება, წარმოადგენს იმ სახის უფლებამოსილებას, რა დროსაც ვ.ხ. ჩ-ს შეეძლო იჯარის ხელშეკრულება გაეფორმებინა მოიჯარესთან და რაიმე სახის დამატებით წარმომადგენლობას არ საჭიროებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სადავო მიწის იჯარით გაცემისას დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულების მოთხოვნები. იჯარის ხელშეკრულებას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი; გამგეობის სადავო 2002 წლის 28 იანვრის დადგენილება არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას. კასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა 2002 წელს; გ. გ-ი არ ასრულებდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არ იხდიდა იჯარის გადასახადს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. ი-ის, რ. ი-ის, მ. ხ-ის, თ. ვ-ის, ამ. ი-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ს. გ-ის, დ. ბ-ის, ნ. ი-ის, ო. გ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის, ვ. ხ-ის, შ. მ-ის, რ. ხ-ის, ზ. ი-ის, ა. ხ-ის, მ. ხ-ის, ა. ვ-ის, თ. მ-ის, ს. შ-ის, ზ. ი-ის, ბ. მ-ის, რ. მ-ის, ტ. მ-ის, ე. გ-ის, შ. მ-ის, არ. ი-ის, ე. მ-ის, თ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჯ-ის, მ. ბ-ის, თე. ბ-ის, ფ. ბ-ის, რ. შ-ის, მ. ნ-ის, ა. ხ-ის, თ. ხ-ის, ს. ქ-ის, თ. ხ-ის, თე. ხ-ის, დ. ვ-ის, თ. ბ-ის, მ. ი-ის, ა. მ-ის, დ. ბ-ის, რ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ი-ის, რ. ი-ის, მ. ხ-ის, თ. ვ-ის, ამ. ი-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ს. გ-ის, დ. ბ-ის, ნ. ი-ის, ო. გ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის, ვ. ხ-ის, შ. მ-ის, რ. ხ-ის, ზ. ი-ის, ა. ხ-ის, მ. ხ-ის, ა. ვ-ის, თ. მ-ის, ს. შ-ის, ზ. ი-ის, ბ. მ-ის, რ. მ-ის, ტ. მ-ის, ე. გ-ის, შ. მ-ის, არ. ი-ის, ე. მ-ის, თ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჯ-ის, მ. ბ-ის, თე. ბ-ის, ფ. ბ-ის, რ. შ-ის, მ. ნ-ის, ა. ხ-ის, თ. ხ-ის, ს. ქ-ის, თ. ხ-ის, თე. ხ-ის, დ. ვ-ის, თ. ბ-ის, მ. ი-ის, ა. მ-ის, დ. ბ-ის, რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
„იჯარით მიკუთვნების შესახებ“ რაიონული კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცდა რაიონული კომისიის 2001 წლის 6 დეკემბრის N11 და 2002 წლის 28 იანვრის N12 ოქმები, რომლითაც - ... გამგეობის ტერიტორიიდან გ. გ-ს გამოეყო ხნული - 60 ჰა, სათიბი - 53 ჰა, საძოვარი - 180 ჰა.
2002 წლის 14 მაისის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის შესახებ N353 ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე გ. გ-სა და წალკის რაიონის გამგეობის შესაბამის უფლებამოსილ პირს - სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად, გ. გ-ს იჯარის წესით 10 წლის ვადით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ იჯარის ხელშეკრულება აღირიცხა 2010 წლის 19 თებერვალს. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია 256900 კვ.მ საკადასტრო კოდით №....
2010 წლის 6 ივლისს გ. გ-მა განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მის სახელზე იყო იჯარით გაცემული, პირდაპირი ფორმით პრივატიზება.
2011 წლის 14 სექტემბრის იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის №313 ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმდა, ერთი მხრივ, ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და მეორე მხრივ, გ. გ-ს შორის, გ. გ-მა შეიძინა სახელმწიფოს კუთვნილი იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული სასოფლო და დამხმარე ნაგებობებით ან/და მრავალწლიანი ნარგავებით - მიწის ნაკვეთის ფართობი - 25,69 ჰა (საძოვარი), საკადასტრო კოდი: ..., ადგილმდებარეობა - წალკა, სოფელი .... საპრივატიზებო საფასურმა შეადგინა 1542 ლარი, რომელიც გ. გ-მა გადაიხადა.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 6 ივნისის №189/07 წერილის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე 2004 წელს დაიკრძალა პირველი მიცვალებული. 2009 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასაფლაოს ტერიტორია შემოიღობა. ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 მიცვალებულია დაკრძალული. გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არც ერთი ნაწილი, საკადასტრო მონაცემებით, როგორც პირუტყვის გადასარეკი ტრასა არ არის რეგისტრირებული.
წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილების საფუძველზე დადებული 2002 წლის 14 მაისის N353 იჯარის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ გ. გ-ს სასაფლაო არ გადასცემია.
წალკის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის 2002 წლის 5 თებერვალს გაფორმებული N353 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გ. გ-ს სრულად აქვს შესრულებული და საიჯარო ქირის დავალიანება არ ერიცხება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ზემომითითებული ფაქტების მიმართ შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასებით შემოიფარგლება.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის” შესახებ დებულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო იჯარის ობიექტებია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები, გაკულტურებული და ბუნებრივი სათიბი და საძოვარი. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სასოფლო-სამეურნეო იჯარის სუბიექტები არიან: მეიჯარე – სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი – ადგილობრივი მმართველობის რაიონული (საქალაქო) ორგანო; მოიჯარე – მიწის იჯარით ამღები ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი ან იურიდიული პირი. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ქალაქის მმართველობის ორგანოს გამგებლობის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული რაიონის საზღვრებში მოქცეული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირი არის მმართველობის შესაბამისი რაიონული ორგანო ან მისგან უფლებამოსილი პირი. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც შედგება საქართველოს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საფინანსო-ეკონომიკური და იურიდიული სამსახურების, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის (ქალაქის) წარმომადგენელი, რომლის გამგებლობასაც განეკუთვნება იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას ითხოვს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ
მხოლოდ კონკურსის წესით.
საქმის მასალების თანახმად, იჯარით მიკუთვნების შესახებ რაიონული კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილების თანახმად, დამტკიცდა რაიონული კომისიის №11.2001 წლის 6 დეკემბრისა და №12 28.01.2002 წლის 28 იანვრის ოქმები, რომლითაც - ... გამგეობის ტერიტორიიდან გ. გ-ს გამოეყო ხნული - 60 ჰა, სათიბი - 53 ჰა, საძოვარი - 180 ჰა. ამასთან, 2002 წლის 14 მაისის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის შესახებ №353 ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე გ. გ-ს 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა სასოფლო-სამეურნეო მიწები ფართობით 295 ჰა. კასატორები მიუთითებენ, რომ გ. გ-ის საკუთრებაში 2011 წლის 14 სექტემბრის №313 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულებას (რომლის საფუძველზეც გ. გ-ის საკუთრებაში აღმოჩნდა სადავო მიწის ნაკვეთები), საფუძვლად დაედო 2002 წლის 14 მაისის იჯარის ხელშეკრულება №353, რომლის მიხედვითაც წალკის რაიონის გამგეობამ გ. გ-ს იჯარით გადასცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, მათ შორის მიწა, რომელზედაც განთავსებულია სოფლის სასაფლაო და სოფლის საძოვარი. იჯარის ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება, ვინაიდან ხელშეკრულებას გამგეობის მხრიდან ხელს არ აწერს გამგებელი და არ მოხდა კონკურსის წესით მიწის იჯარით გაცემა, იჯარით გ. გ-ს გამგეობის დადგენილებით არ გადასცემია სოფელ ... მიწები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას ითხოვს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ. შესაბამისად, გ. გ-ზე მიწის იჯარით გაცემა მოხდა უკონკურსოდ, ვინაიდან მხოლოდ ერთი პირი, გ. გ-ი ითხოვდა მიწის იჯარით გადაცემას. „მიწის იჯარით მიკუთვნების შესახებ“ რაიონული კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცდა რაიონული კომისიის №116.12.2001წ. და №1228.01.2002წ. ოქმები და კომისიას დაევალა (ბ-ნ ვ.ხ. ჩ-ს და ო.ვ.კ-ს) ხელშეკრულებების გასაფორმებლად ყველა აუცილებელი დოკუმენტის მომზადება. დადგენილებას ხელს აწერს წალკის რაიონის გამგებელი - ე.ხ-ი და გამგებლის პირველი მოადგილე - ხ.კ-ი. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების პოზიციას, რომ დადგენილებაში მითითებული ზემოაღნიშნული დავალება, წარმოადგენს იმ სახის უფლებამოსილებას, რა დროსაც ვ.ხ.ჩ-ს შეეძლო იჯარის ხელშეკრულება გაეფორმებინა მოიჯარესთან და რაიმე სახის დამატებით წარმომადგენლობას არ საჭიროებდა. წალკის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 იანვრის N4 დადგენილებით კომისიის მიერ დამტკიცებულ იქნა რაიონული კომისიის N11 6.12.2001წ. და N12 28.01.2002წ. სხდომის ოქმები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამოყოფაზე. ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მითითებული ჩანაწერის საფუძველზე სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს დადგენილად კომისიის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საკითხი.
საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ გ. გ-ის მიერ არ იქნა შესრულებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ვინაიდან საქმეში დაცული წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 22 ოქტომბრის N438 წერილის თანახმად, წალკის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის 2002 წლის 5 თებერვალს გაფორმებული N353 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გულედანს შესრულებული აქვს და საიჯარო ქირის დავალიანებები არ ერიცხებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება პასუხობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლით. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ძ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა- ნაგებობებზე. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ბ.გ.“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში 2011 წლის 14 სექტემბრის N313 ნასყიდობის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო 2002 წლის 14 მაისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საძოვარი ექვემდებარებოდა პრივატიზაციას, ვინაიდან მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2002 წლის 12 მაისს, ხოლო კანონი საძოვრის პრივატიზაციის აკრძალვას ადგენს მხოლოდ 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების პოზიცია დაუსაბუთებელია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე მითითებით, საძოვრების გადაცემის აკრძალვის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივი შეფასებები სწორია, რის გამოც მოცემული დავა გადაწყვეტილია ობიექტურად და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ი-ის, რ. ი-ის, მ. ხ-ის, თ. ვ-ის, ამ. ი-ის, თ. ბ-ის, ნ. მ-ის, ს. გ-ის, დ. ბ-ის, ნ. ი-ის, ო. გ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის ვ. ხ-ის, შ. მ-ის, რამაზი ხინიკაძის, ზ. ი-ის, ა. ხ-ის, მ. ნ-ის, მ. ხ-ის, ა. ვ-ის, თ. მ-ის, ს. შ-ის, ზ. ი-ის, მ. ნ-ის, ბ. მ-ის, რ. მ-ის, ტ. მ-ის, ე. გ-ის, შ. მ-ის, არ. ი-ის, ე. მ-ის, თ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჯ-ის, მ. ბ-ის, თე. ბ-ის, ფ. ბ-ის, რ. შ-ის, მ. ნ-ის, ა. ხ-ის, თ. ხ-ის, ს. ქ-ის, თ. ხ-ის, თე. ხ-ის, დ. ვ-ის, თ. ბ-ის, მ. ი-ის, ა. მ-ის, დ. ბ-ის, რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე