Nბს-490-485 (2კ-16) 15 ნოემბერი 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე); სსიპ შემოსავლების სამსახური (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,…“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,…“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების (საჩივარი №8399/2/14) ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის შპს ,,…“ საჩივრის არსებითი განხილვის დავალება.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,…“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №8399/2/14) და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,…” საგადასახადო შემოწმება, რის თაობაზეც შედგა 2014 წლის 21 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მიღებული იქნა 2014 წლის 27 თებერვლის №11738 ბრძანება, ხოლო ამ ბრძანების საფუძველზე გამოიცა 2014 წლის 27 თებერვლის №6-109 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შპს „…“ 2014 წლის 27 თებერვლის №6-109 საგადასახადო მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 აპრილის №22581 ბრძანებით წარმოდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4. შპს ,,...“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 აპრილის №22581 ბრძანება 2014 წლის 11 ივნისს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში;
5. დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კერძოდ, არ შეისწავლა, შემოსავლების სამსახურის აქტის გასაჩივრების ვადის გაშვება გადასახადის გადამხდელის მიერ ხომ არ მომხდარა საპატიო მიზეზით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო კლინიკის მიერ 2014 წლის 10 ივნისის მ. ხ-ის (შპს ,,...’’ დირექტორი) მიმართ გაცემულ ცნობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ხ-ეს ამ დროისათვის ანუ 2014 წლის 10 ივნისისათვის დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, ხელახალა იმსჯელოს შპს ,,...’’ საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რა დროსაც უნდა გამოიკვლიოს, შპს ,,...’’ დირექტორს შესაბამისი გასაჩივრების ვადის პერიოდისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (წოლითი რეჟიმის გამო), ჰქონდა თუ არა შემოსავლების სამსახურის აქტის დროულად გასაჩივრების ფიზიკური შესაძლებლობა და ხომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი არსებითად განხილვის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ერთი დღით არის დარღვეული შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მოსარჩელის მიერ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით არ მომხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კერძოდ, არ შეისწავლა, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის აქტის გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა თუ არა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ზემოაღნიშნული წესების დარღვევით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ეს გარემოება მისი ბათულად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასაართლო ასევე განმარტავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა ცნოს თუ ა) ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების გარეშე და ბ) ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს თავად არ შეუძლია, გამოიკვლიოს და დაადგინოს საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობდა.
მოცემულ საქმეზე შეფასების საგანია, შპს „...“ საპატიო მიზეზით გაუშვა თუ არა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების ვადა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოების გამოკვლევა და შეფასება შესაძლებელია ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშეც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. იმავე კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ამონაწერის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი (აპელანტი) გაეცნო 2014 წლის 21 მაისს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარადგინა 2014 წლის 11 ივნისს - 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „...“ დირექტორ მ. ხ-ის მიმართ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა შეიძლება ჩაითვალოს ვადის გაშვების საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
აღნიშნული ცნობის შესაბამისად, შპს-ს დირექტორმა საჩივრის შეტანის ბოლო დღეს - 2014 წლის 10 ივნისს მიმართა ექიმს, ამასთან, დიაგნოზში მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს მითითებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობით არ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არის იურიდიული პირი, რომლის სახელითაც მოქმედებებს, ჩვეულებრივ, დირექტორი ახორციელებს და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სწორედ ეს უკანასკნელია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტი, მაგრამ ეს გარემოება არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადანდობის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის აუცილებლობა, ამდენად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით შპს „...“ საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა, ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე