Facebook Twitter

Nბს-493-488 (2კ-16) 15 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ე, გ. ხ-ე, რ. ა-ა, ნ. ა-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

იბა ,,...“ წარმომადგენლებმა მ. ხ-ემ, გ. ხ-ემ, რ. ა-ამ და ნ. ა-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის №000234 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 12 აგვისტოს №1688 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ას და ნ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ას და ნ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ხ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ას და ნ. ა-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის №000234 დადგენილება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 12 აგვისტოს №1688 განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 1 დეკემბრის № 01/2753 ბრძანების თანხმად, გაცემულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა ქ. თბილისში (ზონა თბილისი, სექტორი …), ... ხევი №19-21-ში.

ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2010 წლის 7 დეკემბერს გაცემულ იქნა №ნ/2996 -1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტ.1 ს.ფ. 179-181).

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2013 წლის 1 მაისს შედგენილ იქნა №000234 მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იბა ,,...” - ის მიერ ქ. თბილისში, ... ხევი №19-21-ში, მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულ იქნა მშენებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები, კერძოდ, ჩამოინგრა ქვაბულის ფერდი, შევიწროვდა გზა და საფრთხე შეექმნა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობა - ნაგებობას. აღნიშნულის თაობაზე, შედგა მითითება და დარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის განმახორციელებელ პირებს დაევალათ ქვაბულის ჩამონგრეული ფერდი მოეყვანათ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების დაზიანებამდე მდგომარეობის აღდგენას, ასევე დაევალათ წარედგინათ შესაბამისი საექსპერტო დასკვნა განხორციელებულ ღონისძიებების მშენებლობის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის შესახებ (ტ.1 ს.ფ. 176-178).

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა N000234 შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით 2013 წლის 1 მაისს N000234 გაცემული მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული (ტ.1 ს.ფ. 174-175).

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის N000234 დადგენილებით, ქ. თბილისში, ... ხევი N19-21-ში, მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის იბა ,,...’’ დაჯარიმდა 3000 ლარით. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით

გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის №000234 დადგენილება იბა ,,...“ თამჯდომარე მ. ხ-ემ 2013 წლის 24 ივნისს გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 12 აგვისტოს №1688 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა იბა ,,...“ თამჯდომარის მ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის №000234 დადგენილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იბა „...“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, ჩამოვარდა მხოლოდ ქვაბულის ფერდთან არსებული დემონტირებული სახლის საძირკვლის კედელი (ჩარჩენილი ნაწილი) და არა ქვაბულის ფერდი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ფოტომასალაზე, რომელიც ასახავს სამართალდარღვევის გამოვლენისა და შემდეგი პერიოდისათვის, იბა „...“ მიერ ქ. თბილისში, ... ხევი №19-21-ში მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესს და მიიჩნია, რომ ამ მასალით არ დასტურდება ქვაბულის (გრუნტის ზედაპირის ღრმა თხრილი შენობის ფუნდამენტისათვის) ფერდის ჩამოვარდნა. სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი ფოტომასალით ასევე არ დასტურდება ქვაბულის ფერდის ჩამოვარდნის შედეგად გზის შევიწროებისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობა-ნაგებობებისათვის საფრთხის შექმნის ფაქტი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის N000234 დადგენილება, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში, ... ხევი N19-21-ში, მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის იბა ,,...’’ დაჯარიმდა 3000 ლარით, დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია იბა "...-ის“ სამშენებლო მოედნის ტერიტორია (აპელანტების განმარტებით, იგი ექცევა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში). ადმინისტრაციულ ორგანოს ზუსტად არ დაუდგენია თუ რაში გამოიხატა სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების დარღვევა - ადგილი ქონდა ქვაბულის ფერდის თუ დემონტაჟს დაქვემდებარებული სახლის ჩარჩენილი ნაწილის ჩამოვარდნას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება იბა "...“ მიერ ქ. თბილისში, ... ხევი №19-21-ში არსებულ მისამართზე წარმოებული მშენებლობის შედეგად გზის შევიწროებისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობა-ნაგებობებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 1 მაისის მითითებაზე (ტომი 1. ს.ფ. 137), სადაც ზედამხედველმა ორგანომ მოითხოვა ქვაბულის ჩამონგრეული ფერდის მოყვანა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის დაზიანებამდე მდგომარეობის აღდგენას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ მათთვის, როგორც ობიექტის მფლობელებისათვის, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო, ზედამხედველი ორგანოს მითითების არსი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხი საჭიროებდა ხელახლა გამოკვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,რა დროსაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეფასება მისცეს იმ გარემოებას, თუ კონკრეტულად რა სამშენებლო სამართალდარღვევას ქონდა ადგილი. სააპელაციო სსამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, მითითების შეუსრულებლობის გამო, მიეცეს პასუხისგებაში, უპირველეს ყოვლისა, სახეზე უნდა იყოს ზედამხედველი ორგანოს მიერ გაცემული ნათელი და მკაფიო მითითება დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევების შესახებ, ვინაიდან დადგენილ ვადაში დარღვევების გამოსწორება და მითითების შესრულება, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია (კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი).

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს იბა „...“ სამშენებლო მოედნის ტერიტორია და მისი საზღვრები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მიხედვით; კერძოდ, უნდა დაადგინოს სამშენებლო მოედნის საზღვრები მოქცეულია თუ არა იბა "..." კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში; ასევე აქვს თუ არა ადგილი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ წესის 84-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას ადგილი - საზოგადოებრივი სივრცეების/ტერიტორიების გამოყენებას მინიმალური შეზღუდვების ფარგლებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სასამსახური აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში მიიღო. სასამართლო დაეყრდნო მხარეების ზეპირ ახსნა-განმარტებას. სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის გადაწყვეტა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, სასამართლომ კი, ადგილზე არსებული ვითარების შესწავლის გარეშე მიიჩნია, რომ ქვაბულის ფერდი არ ჩამოვარდნილა. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფოტოების დათვალიერების შედეგად, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენიდან რამდენიმე თვის შემდეგაა გადაღებული. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მითითების ბუნდოვანების თაობაზე.

ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი იმავე სამართლებრივ წანამძღვრებს ემყარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 1 დეკემბრის № 01/2753 ბრძანების თანხმად, გაცემულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა ქ. თბილისში (ზონა თბილისი, სექტორი …), ... ხევი №19-21-ში;

2. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2010 წლის 7 დეკემბერს გაცემულ იქნა №ნ/2996 -1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტ.1 ს.ფ. 179-181);

3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 1 მაისს შედგენილ იქნა №000234 მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იბა ,,... - ის“ მიერ ქ. თბილისში, ... ხევი №19-21-ში, მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულ იქნა მშენებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები, კერძოდ, ჩამოინგრა ქვაბულის ფერდი, შევიწროვდა გზა და საფრთხე შეექმნა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობა - ნაგებობას. აღნიშნულის თაობაზე, შედგა მითითება და დარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის განმახორციელებელ პირებს დაევალათ ქვაბულის ჩამონგრეული ფერდი მოეყვანათ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების დაზიანებამდე მდგომარეობის აღდგენას, ასევე დაევალათ წარედგინათ შესაბამისი საექსპერტო დასკვნა განხორციელებულ ღონისძიებების მშენებლობის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის შესახებ (ტ.1 ს.ფ. 176-178);

4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა N000234 შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით 2013 წლის 1 მაისს N000234 გაცემული მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული (ტ.1 ს.ფ. 174-175);

5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის N000234 დადგენილებით, ქ. თბილისში, ... ხევი N19-21-ში, მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის იბა ,,...’’ დაჯარიმდა 3000 ლარით. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით

გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით;

6. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის №000234 დადგენილება იბა ,,...“ თამჯდომარე მ. ხ-ემ 2013 წლის 24 ივნისს გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 12 აგვისტოს №1688 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა იბა ,,...“ თამჯდომარის მ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 4 ივნისის №000234 დადგენილება;

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა იბა „...“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ჩამოვარდა მხოლოდ ქვაბულის ფერდთან არსებული დემონტირებული სახლის საძირკვლის კედელი (ჩარჩენილი ნაწილი) და არა ქვაბულის ფერდი;

8. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ფოტომასალით არ დასტურდება ქვაბულის (გრუნტის ზედაპირის ღრმა თხრილი შენობის ფუნდამენტისათვის) ფერდის ჩამოვარდნა. წარმოდგენილი ფოტომასალით ასევე არ დასტურდება ქვაბულის ფერდის ჩამოვარდნის შედეგად გზის შევიწროებისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობა-ნაგებობებისათვის საფრთხის შექმნის ფაქტი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული და დასაბუთებული პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას იმ პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, რასაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა შედეგედად. განსაკუთრებით ეს ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XII თავით დადგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების წესების დაცვას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა ისარგებლეს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შედავების უფლებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 7-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინეს.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორების მოსაზრება გაზიარებულ უნდა იქნეს.

,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა)დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 49-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი,

ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით;

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 84-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნებს, მათ შორის სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებას. ამავე დადგენილების 94-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, მოცემულ შემთხვევაში, - იბა ,,...“.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვრითის განწილებას შემდეგი თავისებურება ახასიათებს: როდესაც სადავოა ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერების საკითხი, მტკიცების ტვირთი მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი), ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე მოსარჩელე სრულად თავისუფლდებოდეს მტკიცების ვალდებულებისაგან და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, ერთ-ერთი მტკიცებულებაა მხარის ახსნა-განმარტება, მაგრამ ამ მტკიცებულების უაღრესად სუბიექტური ბუნების გათვალისწინებით, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებების სხვაგვარად გამოკვლევა შეუძლებელია, ან მოწინააღმდეგე მხარე არ ხდის სადავოდ განმარტებას და ა.შ.

მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მათ სამშენებლო სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ, ვინაიდან ჩამოვარდა მხოლოდ ქვაბულის ფერდთან არსებული დემონტირებული სახლის საძირკვლის კედელი (ჩარჩენილი ნაწილი) და არა ქვაბულის ფერდი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორებს, რომ ამ გარემოების გარკვევა შეუძლებელია მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით და ფოტოების შესწავლით, არამედ საჭიროებს სპეციალისტის მიერ ვითარების ადგილზე შესწავლას.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ფოტოებით, ამასთან, არ გაითვალისწინა, რომ არ დგინდება აღნიშნული ფოტოების გადაღების პერიოდი - არის თუ არა ფოტოები გადაღებული სამართალდარღვევამდე, ან მისი ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ ფოტოები ჩამონგრევიდან რამდენიმე თვის შემდეგაა გადაღებული, ვითარების გამოსწორების შემდეგ, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფოტოებით საერთოდ ვერ ირკვევა, მშენებლობის ადგილას რა ჩამოინგრა (კედელი თუ ქვაბული), ან საერთოდ თუ მოხდა ჩამონგრევა და როგორ აისახა არსებულ გზაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2013 წლის 1 მაისის მითითებაზე (იხ. ზევით პუნქტი 3). აღნიშნული მითითებით მშენებლობის განმახორციელებელ პირებს დაევალათ ქვაბულის ჩამონგრეული ფერდი მოეყვანათ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების დაზიანებამდე მდგომარეობის აღდგენას, ასევე დაევალათ წარედგინათ შესაბამისი საექსპერტო დასკვნა განხორციელებულ ღონისძიებების მშენებლობის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მითითების შინაარსი ბუნდოვანი იყო. მითითების ტექსტით ნათლად ირვევა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა დაადგინა, რაც გამოიხატა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ქვაბულის ჩამონგრევაში. სამართალდამრღვევებს დაევალათ დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, ასევე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, იმის დასადგენად, რამდენად იყო დაცული მშენებლობის უსაფრთხოების წესები. ანუ, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურის სათანადო ცოდნით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ დადგინდა მშენებლობის უსაფურთხოების წესების დარღვევა და სამართალდამრღვევს მიეცა მითითება. მოსარჩელეებს მითითება არ შეუსრულებიათ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ, რეალურად, არ ჩამონგრეულა ქვაბული და დემონტაჟის დროს ჩამოვარდა კედლის ნაწილი და არ შევიწროებულა გზა, მოსარჩელეებს არაფერი უშლიდათ ხელს, შესაბამისი დასკვნა წარედგინათ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. ვინაიდან ამხანაგობას ზედამხედველობის განმახორციელებლი ადმინისტრაციული ოგრანოს მითითება არ შეუსრულებია, საკასაციო სსამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა და ამხანაგობას უნდა დაედასტურებინა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილი არ ყოფილა. მოსარჩელეებს არც სასამართლოსათვის წარუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც სამართალდარღვევას გამორიცხავდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ქ. თბილისში, ... ხევი №19-21-ში მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელება უსაფრთხოების წესების დარღვევით, ასევე დასტურდება ის გარემოებაც, რომ იბა ,,...-ის“ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 1 მაისს №000234 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 49-ე მუხლის ,,ა” ქვე პუნქტის თანახმად, იბა ,,...“ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

მოსარჩელე ასევე ითხოვდა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 12 აგვისტოს №1688 განკარგულების ბათილად ცნობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 12 აგვისტოს №1688 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ას, ნ. ა-ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ხ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ას, ნ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე