Nბს-496-491 (2კ-16) 15 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირები - ა. დ-ი, ე. გ-ი, გ. გ-ი, თ. გ-ი, ზ. გ-ი, ლ. ბ-ი, ჟ. რ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №1263193 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №1263193 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში, ფანჯრის ღიობის კარის ღიობით შეცვლის, კიბისა და კიბეზე მოაჯირების მოწყობის შესაძლებლობა. აღნიშნული კიბე ფარავს მისი კუთვნილი სარდაფის ფანჯარას.
საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. დ-ი, ე. გ-ი, გ. გ-ი, თ. გ-ი, ზ. გ-ი, ლ. ბ-ი და ჟ. რ-ა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ვ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №1263193 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 მაისის №1247442 გადაწყვეტილებით ა. დ-ის განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში, ფანჯრის ღიობის კარის ღიობით შეცვლის, კიბისა და კიბეზე მოაჯირების მოწყობის საკითხს, დადგინდა ხარვეზი (ტ.I; ს.ფ. 83-84).
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №1263193 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. დ-ის განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში, ფანჯრის ღიობის კარის ღიობით შეცვლის, კიბისა და კიბეზე მოაჯირების მოწყობის შესაძლებლობა (ტ.I;
ს.ფ. 10-11).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც იგივე საკითხს ეხებოდა, არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე (აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ - საქმე #ბს-12-12(2კ-14), რომელიც არსებითად იგივე საკითხს ეხება. აღნიშნული განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული დავა ეხებოდა ა. დ-ის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. #24-ში არსებულ შენობაზე კარისა და კიბის მოწყობის საკითხს. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. #24-ში მდებარე 472 კვ.მ ფართი წარმოადგენს ვ. გ-ას, გ. გ-ის, ე. გ-ის, თ. გ-ის, ზ. გ-ის, ლ. ბ-ისა და ჟ. რ-ას თანასაკუთრებას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ. გ-ას თანასაკუთრებაში არსებული ფართი განთავსებულია ა. დ-ის საკუთრების დაბლა. ასევე დადგინდა, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 19 სექტემბრის N382231 ბრძანების მიღებისას არ იყო გამოკვლეული ის გარემოება, რომ ა. დ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე კიბის უჯრედის მოწყობით იქოლებოდა თუ არა მოსარჩელე ვ. გ-ას საკუთრებაში არსებული ფართის ფანჯარა და ჰქონდა თუ არა ადგილი სხვისი უფლებების შეზღუდვას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოსაცემად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ შეიცავს მონაცემებს, ჩატარდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად, სათანადოდ შესრულდა თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების დავალება, საკითხი ყოველმხრივ იქნა შესწავლილი და შეფასდა - იქოლებოდა თუ არა ვ. გ-ას საკუთრებაში არსებული ფართის ფანჯარა, გამოკვლეულ იქნა თუ არა, თუ ადგებოდათ ზიანი ფართის სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესებს, დაინტერესებული პირები არ ყოფილან მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ზედაპირულად და არა სიღრმისეულად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეს წარმოება უნდა განხორციელებულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილ გარემოებათა შესაბამისად და მათ მიხედვით. ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება კი სასამართლოს დავალებისა და დაინტერესებულ მხარეთა უფლებებთან მიმართებით, არ შეესაბამება კანონიერი, კეთილსინდისიერი და ადამიანის უფლებების უპირატესად დაცვაზე ორიენტირებული მმართველობითი საქმიანობის პრინციპებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ძალაში ვერ დატოვებს ამგვარი საქმიანობის შედეგს - მოცემული დავის ფარგლებში გასაჩივრებულ აქტს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის (პირებისათვის) ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, ვინაიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა, მას აძლევს შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა; ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება სრულად გამოკვლეული და შესწავლილი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს დაცული არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანო საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ და მესამე პირმა - ა. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. დ-ის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა ახალი განცხადება, რომელიც განსხვავდებოდა თავდაპირველისაგან. მოხდა ვ. გ-ას ინტერესების გათვალისწინება, კერძოდ, თუ პირველი გადაწყვეტილების მიღებისას პროექტი ითვალისწინებდა კიბის პირდაპირ მიდგმას ფასადზე, მეორე შემთხვევაში, კიბე არის მოხვეული, არ ეფარება ვ. გ-ას კუთვნილი ფართის ფანჯრის ღიობს, არ იწვევს მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევას. ის გარემოება, რაც თავის დროზე სადავო იყო - რომ ვ. გ-ა ვერ ისარგებლებდა ფანჯრით, აღმოფხვრილია მეორე გადაწყვეტილების მიღებით. სააპელაციო სასამართლოს სადავო აქტი ბათილად არ უნდა ეცნო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევის მოტივით, ვინაიდან ცალსახაა, რომ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სადაც დავა ეხებოდა ა. დ-ის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. #24-ში არსებულ შენობაზე კარისა და კიბის მოწყობის საკითხს, სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. #24-ში მდებარე 472 კვ.მ ფართი წარმოადგენს ვ. გ-ას, გ. გ-ის, ე. გ-ის, თ. გ-ის, ზ. გ-ის, ლ. ბ-ისა და ჟ. რ-ას თანასაკუთრებას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ. გ-ას თანასაკუთრებაში არსებული ფართი განთავსებულია ა. დ-ის საკუთრების დაბლა. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 19 სექტემბრის N382231 ბრძანების მიღებისას არ იყო გამოკვლეული, ა. დ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე კიბის უჯრედის მოწყობით იქოლებოდა თუ არა მოსარჩელე ვ. გ-ას საკუთრებაში არსებული ფართის ფანჯარა და ჰქონდა თუ არა ადგილი სხვისი უფლებების შეზღუდვას.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ა. დ-მა ახალი განცხადება წარადგინა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში, ფანჯრის ღიობის კარის ღიობით შეცვლის, კიბისა და კიბეზე მოაჯირების მოწყობის თაობაზე.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №1263193 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. დ-ის განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში, ფანჯრის ღიობის კარის ღიობით შეცვლის, კიბისა და კიბეზე მოაჯირების მოწყობის შესაძლებლობა, რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე ვ. გ-ა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 65-ე მუხლის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის
ნებართვის გამცემ ორგანოს. დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები წარმოადგენს I კლასის მშენებლობას. ასეთი მშენებლობა წარმოებს ნებართვის გარეშე და საჭიროებს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მხრიდან დადასტურებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმდ, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოიცა საქმის გარემოებების სათანადოდ შესწავლის გარეშე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის (პირებისათვის) ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო, ზოგადად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიდგომას ადმინისტრაციული აქტის დასაბუთების აუცილებლობისა და კანონიერი, კეთილსინდისიერი, ადამიანის უფლებების უპირატესად დაცვაზე ორიენტირებული მმართველობითი საქმიანობის პრინციპების დაცვის თაობაზე, ამასთან, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ა. დ-მა ახალი განცხადებით მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველად ა. დ-ის პროექტი ითვალისწინებდა კიბის პირდაპირ მიდგმას ფასადზე. კიბე ვერტიკალურად ეშვებოდა ვ. გ-ას კუთვნილი სარდაფის ფანჯრის წინ და ფარავდა მას. სწორედ აღნიშნულ მშენებლობაზე თანხმობის მართლზომიერება შეფასდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით და გასაჩივრებული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ცნობილი ბათილად.
საქმეში წარმოდგენილი ახალი მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციით კიბე არის მოხვეული, არ ეფარება ვ. გ-ას კუთვნილი ფართის ფანჯრის ღიობს და მასთან შეხება არ აქვს (ტ. I, ს.ფ. 94).
საკასაციო სასამართლო, ცხადია, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის აუცილებლობის თაობაზე, ამასთან, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მშენებლობა, რომელზეც არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა გასცა, არ ეხება მოსარჩელისა და მესამე პირების კანონიერ ინტერესებს, ახალი პროექტით კიბეს აღარ აქვს კავშირი ვ. გ-ას და მესამე პირების კუთვნილი ფართის ფანჯარასთან, ამდენად, მათი წარმოებაში ჩაუბმელობით საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისმე-601 მუხლის მე-2 ნაწილი კი, ასეთ შემთხვევაში, გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს იმ ვარაუდის საფუძველი, რომ, დაშვებული რომ არ ყოფილიყო ფორმალური დარღვევა - დაინტერესებული პირები ჩაბმული ყოფილიყვნენ საკითხის განხილვაში, სადავო მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. გ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, ვ. გ-ამ კასატორ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ვ. გ-ას დაეკისროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე