გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-557-552(კ-16) 02.11.2016 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-მა 2015 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 16 ივლისის წერილის, მოსარჩელისათვის, როგორც ,,საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ კონკურსანტისათვის ქულობრივი ზღვარის გადაულახველობის გამო დაფინანსების გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ, 2015 წლის 13 ივლისის №11 ოქმის მე-3 პუნქტის, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლებისათვის დაფინანსების გამოყოფის შესახებ, 2015 წლის 13 ივლისის №11 ოქმის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა და სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრის კომისიისათვის მოსარჩელის, როგორც კანდიდატის შეფასებაზე ხელახლა მსჯელობის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 16 ივლისის წერილი დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №11 ოქმის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში რომლითაც, მოსარჩელეს უარი ეთქვა, როგორც ,,საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის’’ კონკურსანტს ქულობრივი ზღვრის გადაულახაობის გამო დაფინანსების გამოყოფაზე და დაევალა მოპასუხე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016 წლის 11 აგვისტოს განცხადება წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორს - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა დაევალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორს - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. განჩინება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კანცელარიას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №2) 2016 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს 24:00 საათზე ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი