#ბს-668-661(2კ-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 23 ოქტომბერს მ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №882012259554 გადაწყვეტილების, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3210 მიმართვის ბათილად ცნობა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის 2013 წლის 13 ივნისს მომზადებული (№882012259554) საჯარო რეესტრის ამონაწერის გაუქმების, ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულ უფლებაში, მ. ფ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისა და დაზუსტებული ფართის მითითებით შესაბამისი ამონაწერის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ. ფ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
2014 წლის 13 იანვარს მ. ფ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოპასუხე მხარედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მოითხოვა: ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 მარტის №882009062236 გადაწყვეტილების (საფუძველი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის №01-13/76 მიმართვა), ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ოქტომბრის №882009329264 გადაწყვეტილების (საფუძველი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №10/1 განკარგულება და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-22/3570 მიმართვა), ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 8 დეკემბრის №882009396484 და 2012 წლის 13 ივნისის №882012259554 გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი საფუძვლის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3570 მიმართვის ბათილად ცნობა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულ უფლებაში, მ. ფ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისა და დაზუსტებული ფართის მითითებით შესაბამისი ამონაწერის გაცემის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე მითითებით მოხდა სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმაცია და საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა: მ. ფ-ის კუთვნილ 3328 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 მარტის №882009062236 გადაწყვეტილების, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3570 მიმართვის, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ოქტომბრის №882009329264 გადაწყვეტილების, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №882012259554 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ....) რეგისტრირებულ უფლებაში მ. ფ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ფ-ის კუთვნილ 3328 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 მარტის №882009062236 გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3570 მიმართვა, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ოქტომბრის №882009329264 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №882012259554 გადაწყვეტილება; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ....) რეგისტრირებულ უფლებაში, მ. ფ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი