Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-679-672(კ-16) 15 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2016წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2016წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.10.2015წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

საკასაციო სასამართლოს 23.09.2016წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა მ. ს-ის სახელზე გაცემული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინება) საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 23.09.2016წ. განჩინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა 26.09.2016წ.(ს.ფ. 91) და ჩაბარდა 27.09.2016წ.(ს.ფ. 92). მიუხედავად აღნიშნულისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2016წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი