Facebook Twitter

#ბს-686-679(კ-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 ოქტომბერს ო. ს-ემ და დ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას დავალებოდა მათთვის გადაეცა სისხლის სამართლის #084010313801 საქმეზე დართული, სსიპ საერთო სასამართლოების არქივიდან გამოთხოვილი ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს #1/261 განაჩენით დამთავრებული სისხლის სამართლის #92060838 საქმის მასალების ასლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ო. ს-ის და დ. ჩ-ის სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით დ. ჩ-ი ამოეწერა მოსარჩელეთა წრიდან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეწყდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით ო. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ო. ს-ისთვის სისხლის სამართლის #084010313801 საქმეზე დართული, სსიპ საერთო სასამართლოების არქივიდან გამოთხოვილი ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს (#1/261) სისხლის სამართლის #92060838 საქმის მასალების ასლების გადაცემა დაევალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი