საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-699-692(კ-16) 02.11.2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ი
მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა, სს „...“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-მა 2015 წლის 20 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №882014492894-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის №9889 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისი, ... ... მ/რ, მე-5 კვ. მე-5 კორპუსის „ა” ბლოკის ტექნიკურ სართულზე მდებარე შემოქმედებით სახელოსნო №5-ზე (მანსარდა), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 100%-იანი კრების ოქმით თ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, მოსარჩელე – თ. კ-ი, მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, მესამე პირებად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, ჩაბმულ იქნენ ქალაქ თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო და სს ,,...’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, მოსარჩელე – თ. კ-ი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - ქალაქ თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო და სს ”...”, დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის №9889 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კასატორს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2) 2016 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს 24:00 საათზე ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი