საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-733-725(კ-16) 15.11.2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია,
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური
მესამე პირი - მ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ფ-მა 2015 წლის 21 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და მესამე პირის მ. ჯ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 23 ივლისის №1401150 გადაწყვეტილება;
ბათილად იქნეს ცნობილი გ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 15 დეკემბრის №157 ბრძანება.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და მესამე პირის - მ. ჯ-ას მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კასატორს - გ. ფ-ს დაევალა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
გ. ფ-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა 2016 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კასატორის - გ. ფ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.
გ. ფ-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა 2016 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის კიდევ 3 დღით გაგრძელება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გ. ფ-ს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კასატორის - გ. ფ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით. განჩინება გ. ფ-ის წარმომადგენელს ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. №8, მე-8 კორპუსი, მე-2 სადარბაზო, მე-9 სართული, ბ. №52) 2016 წლის 31 ოქტომბერს ჩაბარდა.
2016 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საფოსტო მომსახურების მეშვეობით შემოვიდა გ. ფ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისადმი მხარის ინტერესის გამო ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 3 დღით გაგრძელება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, მართალია კასატორმა ხარვეზის შევსებისათვის მისთვის განსაზღვრულ ვადაში წარადგინა განცხადება ფოსტაში, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო და საპატიო საფუძვლის მითითების გარეშე კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით განმცხადებლის ასეთი სახის მოქმედება არ ემსახურება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას და იგი მიზნად ისახავს საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას.
საკასაციო სასამართლო კასატორს - გ. ფ-ს განუმარტავს, რომ, ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2016 წლის 5 ნოემბერს 24:00 საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, ხარვეზის შევსების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2016 წლის 7 ნოემბერს ოცდაოთხ საათამდე, რა დროსაც კასატორის წარმომადგენელმა მხოლოდ განცხადება ჩაააბარა ფოსტას, რომლითაც საპატიო მიზეზის მითითების გარეშე ითხოვს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი