Facebook Twitter

ბს-740-732(კ-16) 10 ნოემბერი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-მა 15.04.2015წ. სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების ცენტრის 27.09.2014წ. ოქმის ბათილად ცნობისა და 2014 წლის ოქტომბრიდან საარსებო შემწეობის აღდგენის მოთხოვნით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.02.2016წ. გადაწყვეტილებით მ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების ცენტრის 27.09.2014წ. ოქმი და გურჯაანის რაიონულ განყოფილებას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, 2014 წლის ოქტომბრიდან მ. ქ-ისთვის საარსებო შემწეობის აღდგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ქ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი 2014 წლის ოქტომბრიდან მ. ქ-ის ოჯახისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ის სარჩელი 2014 წლის ოქტომბრიდან საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას დაევალა მ. ქ-ისათვის 2014 წლის ოქტომბრიდან საარსებო შემწეობის გადახდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.02.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დღემდე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი