Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-916-908(კ-16) 18.11.2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ო. თ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირბი: ი. ჩ-ე (ბ-ი), რ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განხილვა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 26 თებერვალს ო. თ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... უძრავი ქონება არის მის და მისი დისშვილის - ი. ჩ-ის (ბ-ის) თანასაკუთრებაში. ო. თ-მა საჯარო რეესტრს მიმართა განცხადება-საჩივრით და მოითხოვა თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურმა კი უკანონო გადაწყვეტილებებით უთხრა უარი. მოსარჩელემ მოითხოვა გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №882015563824-03, 2015 წლის 9 ნოემბრის №882015563824-06, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №40875 და 2016 წლის 11 თებერვლის № 28644 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განჩინებით საქმეში სავალდებულო წესით ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად ი. ჩ-ე (ბ-ი) და რ. თ-ი. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება, ვინაიდან აღარ სურს ამ ეტაპზე საქმის განხილვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სასარჩელო განცხადების გამოხმობის თაობაზე. ო. თ-ის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები - ი. ჩ-ე (ბ-ი) და რ. თ-ი - გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის № 882015563824-03, 2015 წლის 9 ნოემბრის № 882015563824-06, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის № 40875 და 2016 წლის 11 თებერვლის № 28644 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლები. განემარტათ მხარეებს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, მხარეს უფლება აქვს, კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდ; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინება. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება არ გასაჩივრდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. თ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ო. თ-მა იშუამდგომლა სარჩელის გახმობის თაობაზე, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარეთა წარმომადგენელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო პალატამ დასახელებულ გარემოებაზე და სამართლებრივ ნორმებზე მითითებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე იშუამდგომლა სარჩელის გახმობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი მართებულად დარჩა განუხილველად. ამასთან, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაცია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე და განმარტა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვებით, არ იზღუდება მოსარჩელისათვის სასამართლოს ხელმისაწვდომლობა და იგი არ არის შეზღუდული იმავე სარჩელით კვლავ მიმართოს სასამართლოს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ კერძო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ო. თ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ო. თ-ი ითხოვს #3ბ/943-16 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აგვისტოს გაჩინების გაუქმებას, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ო. თ-ის მიერ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი