საქმე №ბს-263-261(3კ-კს-16) 17 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისია
მესამე პირი - ე. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2016 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2015 წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ზ. ს-ის მიერ სააპელაციო წესით აგრეთვე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.2015 წ. საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საქმეზე დართვის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2015 წ. განჩინება მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამავე მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის და ამავე კომისიის საპრეტენზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი შესაგებლისა და მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.2015 წ., 02.03.2015 წ., 30.03.2015 წ. საოქმო
განჩინებები საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2015წ. და 21.04.2015 წ. საოქმო განჩინებები საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2015წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 14.11.2014 წ. №6 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 14.11.2014 წ. №1 სხდომის ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2014 წ. №7 სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 03.12.2014 წ. №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
20.01.2016 წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ზ. ს-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2016წ. განჩნებით ზ. ს-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ს-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საქმის
სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება (თითოეულ ინსტანციაში 300-300 ლარი) და პროცესის სხვა ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება (თითოეულ ინსტანციაში 50-50 ლარი). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით იმსჯელა ზ. ს-ის მოთხოვნებზე სასამართლოს გარეშე ხარჯების და პროცესის სხვა ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხზე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოწინააღმდეგე მხარეებს დაეკისრათ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების ნაწილი, სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ. სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ისე განმარტა საკითხი, თითქოს გადაწვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეხებოდა ორივე ინსტანციის სასამართლოში გაწეულ ხარჯებს, რაც არასწორია, ამასთანავე, მხარეს გადაწყვეტილების განმარტება არ მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 249.5 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). საკასციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთი საშუალებას, უკეთუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით აღმოფხვრას არსებითი გადაწყვეტილების ხარვეზი.
განსახილველ შემთხვევაში ზ. ს-ი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ სრულად არ არის გადაწყვეტილი პროცესის ხარჯების საკითხი, კერძოდ, სააპელაციო პალატის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯები, სააპელაციო პალატას არ უმჯელია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან (სსკ-ის 249.1 მუხ.). გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, ხოლო კონკრეტული, აღსრულების ქვემდებარე, სამართლებრივი შედეგი აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 13.01.2016წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (6 პ. საპროცესო ხარჯები) აღნიშნულია, რომ მოპასუხეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის (300-300 ლარი თითოეული ინსტანციისათვის) და პროცესის სხვა ხარჯის - 100 ლარის (50-50 ლარი თითოეული ინსტანციისათვის) ანაზღაურება, აქვე სასამართლო ასაბუთებს პროცესის დანარჩენი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 13.01.2016წ. გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას ორივე ინსტანციის სასამართლოებში გაწეული პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი სწორედ ამ მსჯელობის შედეგად დამდგარი სამართლებრივი შედეგია. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლისას, ცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ჯამდება და შემდეგ ნაწილდება მხარეთა შორის (სსკ-ის 53-ე მუხ.)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2016.წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი