Facebook Twitter

საქმე №ბს-458-453(კს-16) 03 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ბ-მა 01.11.2006 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999 წ. N48 ბრძანებულების და 26.02.2002 წ. N872 განკარგულების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს, დაეკისროს მოსარჩელისთვის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 2934 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.10.2008 წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2009 წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.10.2008 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის - 9780 ლარის ოდენობით, ნ. ბ-ის სარჩელი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ყოველთვიურად სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-მა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.11. 2009წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

29.05.2014წ. ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა - 9 780 ლარი შეადგენდა თუ არა 10 თვის სარჩოს ჯამს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2014 წ. განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2014წ. განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2014წ. განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ნ. ბ-ის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, განემარტა განმცხადებელს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდის 10 თვის სარჩოს - თვეში 978 ლარის გადახდა, სულ 9780 ლარის ოდენობით.

23.12.2015 წ. ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 423-ე, 426-ე, 429-ე მულხებზე და აღნიშნა, რომ სახეზეა სსკ-ის 426.4 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის დაუშვებლობის საფუძველი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5-წლიანი ვადის გასვლა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.11.2009 წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2009 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ნ. ბ-მა სასამართლოს მიმართა 23.12.2015 წ., ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდგომ, ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ წარმოდგენილი განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ საერთოდ არ განიხილა და არ შეაფასა სამართლებრივად ნ. ბ-ის არგუმენტაცია, არ გაითვალისწინა აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინება, რომლითაც არსებითი ცვლილების შეტანა მოხდა სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილებაში. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ 5-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სააპელაციო პალატის 22.04.2015წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ნ. ბ-ი ითხოვს ხელახლა განსახილველად განცხადების სააპელაციო პალატაში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ნ. ბ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს. სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთან, სსკ 426-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ (სსკ-ის 264.2 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ნ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 23.12.2015წ. და მოითხოვა სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით იყო გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ.ბ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.11.2009წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამდენად, სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 12.11.2009წ., უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რადგან განმარტების მეშვეობით ხდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებების განმარტება და აღსრულების ხელშეწყობა, რაც არ ცვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს. გადაწყვეტილების განმარტებისას არ ხდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა (სსკ-ის 262-ე მუხ.).

ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 23.06.2009 წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის სსკ-ის 426.4 მუხლით განსაზღვრული 5-წლიანი ვადის ათვლა დაიწყო სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2009 წლის 12 ნოემბრიდან და ამოიწურა 5 წლის გასვლის შემდეგ - 2014 წლის 12 ნოემბერს (სკ-ის 123.2 მუხ.). ნ. ბ-მა კი წარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო პალატას მიმართა 23.12.2015წ. - განცხადების შეტანისათვის განკუთვნილი 5-წლიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 12.02.2016წ. გასაჩივრებული განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მართებულად დარჩა განუხილველად, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი