Facebook Twitter

№ბს-546-541(კს-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი _ სსიპ „მწერალთა სახლი“

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 15 მაისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 დეკემბრის №33/8 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ „მწერალთა სახლი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2016 წლის 25 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ პუნქტების მოთხოვნას, ვინაიდან აპელანტს არ ჰქონდა მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, არ ჰქონდა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. ასევე, სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მარტის განჩინებით შპს „...“ დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორს - შპს „...“ დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში და ბ) სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედნის სახით). ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს (ორგანიზაციის წარმომადგენელს ნ. ქ-ეს) საქმეში მითითებულ მისამართზე (... №33ა, თბილისი, საქართველო) დასახელებული ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 7 აპრილს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 7 აპრილს, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 8 აპრილს და ამოიწურა 2016 წლის 14 აპრილს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ ხნის მანძილზე სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხარვეზის შესახებ განჩინება მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარს უსაფუძვლოდ დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო თუ რა გარემოებას არ მიექცა ყურადღება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ პუნქტების მოთხოვნას, ვინაიდან აპელანტს არ ჰქონდა მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, არ ჰქონდა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. ასევე, სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მარტის განჩინებით შპს „...“ დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორს - შპს „...“ დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში და ბ) სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედნის სახით). ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი შპს „...“ 2016 წლის 6 აპრილს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 7 აპრილს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ნ. ქ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებული პირის ხელმოწერით (ტ. II; ს.ფ. 6-7).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ გახადა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლის მტკიცებით ხარვეზის შესახებ განჩინება მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“ სასამართლო უწყების გაგზავნა და ჩაბარება მოხდა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ... №33. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „...“ აღნიშნულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა სასამართლო უწყება, ხოლო საქალაქო სასამართლოს მიერ შპს „...“ გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაიბარა სწორედ ნ. ქ-ემ, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა (ტ. I; ს.ფ. 164), თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ემ სასამართლო უწყება ჩაიბარა როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სასამართლო უწყების ჩაბარებაზე მისი არაუფლებამოსილების ფაქტი კი საქმეზე არ დადასტურებულა. შესაბამისად, შპს „...“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, მის მიერ მითითებულ მისამართზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინების ასლი შპს „...“ 2016 წლის 7 აპრილს ჩაჰბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2016 წლის 8 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2016 წლის 14 აპრილს 24:00 საათზე იწურებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა - შპს „...“ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დასაბუთებულობის გამო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის უკანონობასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „...“ მოსაზრების გაზიარების პირობებშიც კი აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარს ხარვეზი 2 საფუძვლით დაუდგინდა, კერძოდ, აპელანტს სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა - 1. დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და 2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. დადგენილია, რომ აპელანტს - შპს „...“ ხარვეზის გამოსწორების მიზნით საერთოდ არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, სააპელაციო სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი