Facebook Twitter

ბს-624-618(2კ-კს-16) 17 ნოემბერი, 2016წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. გ-ასა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

18.01.2016წ. ს. გ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 07.12.2015წ. N935 ბრძანება, რომლის თანახმად ს. გ-ას უარი ეთქვა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენაზე, დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. გ-ას სამსახურში აღდგენის შესახებ, დაევალოს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გასცეს მოსარჩელის - ს. გ-ას მიმართ იძულებითი განაცდური (2015 წლის თებერვლის თვემდე ხელზე ასაღები თანხა 640 ლარი, ხოლო 2015 წლის თებერვლიდან 1040 ლარი) გათავისუფლების დღიდან (01.10.2014წ.) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.02.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ე. ც-ა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.03.2015წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 07.12.2015წ. N939 ბრძანება ს. გ-ას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ფოთის მინუციპალიტეტის მერს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. გ-ას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აგრეთვე ს. გ-ას აუნაზღაუროს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტეის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობის შრომითი გასამრჯელო (პრემია, ხელფასი, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში 01.10.2014წ. გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამ თანამდებობაზე მომატებული ხელფასისა და პრემიის გათვალისწინებით, ს. გ-ას მიერ მიღებული კომპენსაციის გამოკლებით). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.03.2016წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. გ-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 07.12.2015წ. N935 ბრძანება ს. გ-ას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, დაევალა ქ. ფოთის მინუციპალიტეტის მერს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. გ-ას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სოციალური უზრუნველყოფის, ვეტრანთა, დევნილთა, გენდერული თანაწორობის, ოჯახში ძალადობისა და დასაქმების საკითხების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, დაევალა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზრაუროს ს. გ-ას იძულებითი განაცდური (2015 წლის თებერვლის თვემდე ხელზე ასაღები თანხა 640 ლარი, ხოლო 2015 წლის თებერვლიდან 1040 ლარი) გათავისუფლების დღიდან (01.10.2014წ.) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ს. გ-ას სარჩელი პრემიის სახით გაცემული თანხის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2016წ. განჩინებით გასწორდა სააპელაციო სასამართლოს 29.06.2016წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ დაევალოს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. გ-ას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დასაქმების საკითხების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მერიისა და ს. გ-ას მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ასა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური პრემიის ანაზღაურების შესახებ, რადგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოების თანხების ანაზღაურება, რადგან პირი რეალურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს, რის გამოც ადმინისტრაცია მოკლებულია შრომითი შედეგების მიხედვით პირის წახალისების შესაძლებლობას. ამასთანავე, კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ფინანსური წახალისების ზომა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-ამ სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე ვერ შეძლო თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. ს. გ-ას მიერ ვერ ხდება მითითება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემულ ისეთ აქტზე, რომლითაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრება ვალდებულება შრომითი შედეგების მიუხედავად ყველა თანამშრომელზე გასცეს ყოველკვარტლური პრემია. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ყოველკვარტლურად მერიაში დასაქმებულ ყველა პირზე პრემიის გაცემას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-ას საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

რაც შეეხება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარს, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.04.2016წ. N7/22 განკარგულებით განხორციელდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება ს. გ-ას სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ს. გ-ას მიერ დაკავებული თანამდებობის ადეკვატური, ფუნქციურად და იერარქიულად იგივე სტატუსის მქონე თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახლადშექმნილი განყოფილება აღიჭურვა რეორგანიზაციამდე არსებული განყოფილების არსობრივად იდენტური უფლებებით. კასატორს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. გ-ასა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ასა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი