Facebook Twitter

Nბს-645-638 (კს-16) 8 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, ქმედების უკანონოდ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. თ-ემ თბილისის საქალაქო სასმართლოში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების საფუძველზე ნოტარიუს ე. ...ის მიერ გაცემული N141045281 სააღსრულებო ფურცელით მოთხოვნილი თანხიდან გააგრძელოს სააღსრულებო წარმოება 6 083 აშშ დოლარის ნაწილში, უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 ოქტომბრის ქმედება აღსრულების შეჩერების შესახებ, უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 18 მარტის ქმედება აღსრულების შეჩერების შესახებ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის - 3300 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით აპელანტს განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულება, რომ მის მიმართ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების კანონისმიერი საფუძველი - ინვალიდობა, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ამასთან, განემარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2016 წლის 13 ივლისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და სასამართლოს წარუდგინა საპენსიო მოწმობის ასლი; ამასთან, მიუთითა, რომ ინვალოდობა დადგენილი აქვს უვადოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია რა რომ აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი, 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით ზ. თ-ეს გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა.

2016 წლის 25 ივლისს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა საპენსიო მოწმობის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ინვალიდობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგინა საპენსიო მოწმობის დედანი (ს.ფ.31-33), რომელიც არ ადასტურებს, რომ ზ. თ-ეს ინვალიდობა დადგენილი აქვს უვადოდ; კერძოდ, აღნიშნული მოწმობაზე გაკეთებული მინაწერი ინვალიდობის ვადის შესახებ გარკვეულია მხოლოდ 2006 წლამდე, ხოლო 2006 წლის შემდეგ მინაწერი არ არის გარკვეული და სასამართლო მასზე დაყრდნობით ვერ დაადგენს აპელანტის ინვალიდობას დღეის მდგომარეობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. თ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი განმარტებით, საპენსიო მოწმობის დედანი ნათლად ადასტურებს, რომ ინვალიდობა უვადოდ აქვს დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს აეჭვებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავად შეეძლო გამოეთხოვა მტკიცებულება სამკურნალო დაწესებულებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

„სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა სარჩელზე თავისუფლდებიან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საპენსიო მოწმობის დედანი ადასტურებს მის ინვალიდობას დღეის მდგომარეობით.

აღნიშნული მოწმობის თანახმად, ზ. თ-ე მეორე ჯგუფის ინვალიდია, ინვალიდობის გადამოწმების ვადა იყო 1.10.2006 წელი. მოწმობის მესამე გვერდზე გაკეთებულია 1.10.2006 წლის ჩანაწერი. ინვალიდობის ვადის გრაფაში მითითებულია „უვადოდ“ და დასმულია შესაბამისი ბეჭედი. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის მიმართ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-ეს გადაუვადდა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. თ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, გადავადებული ბაჟის გადახდა მას აღარ დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება და საქმე ზ. თ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ზ. თ-ე გათავისუფლდეს კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე