საქმე Nბს-657-650(კს-16) 8 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოსარჩელე - ბ. ო-ი
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ო-მა 2015 წლის 3 თებერვალს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 2 ივლისის N13 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე; დაევალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ო-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით შეჩერდა №3ბ/1706-15 განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 6 მაისის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა - ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 2 ივლისის N13 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და დაევალა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ. ო-მა 2014 წლის 23 ივნისს განცხადებით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დუშეთის რაიონში, სოფელ ... არსებულ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 45 კვ.მ. შენობაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 2014 წლის 17 ივნისის №125957 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ... არსებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ იყო. განმცხადებელმა კომისიას ასევე წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული განცხადება, შპს ,,ტ...“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვა დოკუმენტები. საქმის მასალებში წარმოდგენილი, დუშეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 2 ივლისის №13 საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ბ. ო-ს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შემოუღობავი, დაუმუშავებელი იყო და არ დასტურდებოდა მისი ფლობის ფაქტი, ამასთან შენობა ირიცხებოდა შპს „...“ ბალანსზე. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2014 წლის 17 დეკემბერი) დასტურდება, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ... არსებული 386 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით 2014 წლის 3 დეკემბრის №1/1-2820 ბრძანებისა და 2014 წლის 16 დეკემბრის №1/1-2966 ბრძანების საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 10 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბ. ო-ის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება, რომლითაც 2016 წლის 6 მაისს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს სადავო უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, 386 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. საფუძვლად მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/12820, №1/1-2966 ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებებით და რეგისტრაციით დაირღვა ბ. ო-ის კანონიერი უფლება და ინტერესი. განცხადების ავტორი ითხოვდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან განიხილოს დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 386 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ხსენებული უძრავი ნივთის ნაწილია 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ბ. ო-ის მფლობელობაშია) კუთვნილების საკითხი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მესაკუთრეა სახელმწიფო და ბ. ო-ის წარმომადგენელის 2016 წლის 6 მაისის განცხადება არ არის განხილული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ დავას პირდაპირი კავშირი აქვს ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ბ. ო-ის წარმომადგენლის 2016 წლის 6 მაისის განცხადების განხილვასთან, ვინაიდან სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ის ნაწილი და შენობა-ნაგებობა, რომელიც ბ. ო-ის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის განცხადებით მიმართვის (2014 წლის 23 ივნისი) შემდეგ (2014 წლის 17 დეკემბერი) შენობა-ნაგებობიანად, აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 3ბ/1706-15 ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება მანამ, სანამ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმოებაში მყოფ განცხადებაზე, კერძოდ:
დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 386 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ხსენებული უძრავი ნივთი ნაწილია 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის, რომელიც ბ. ო-ის მფლობელობაშია) კუთვნილების საკითხზე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სახეზე არ არის საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობა, ვინაიდან ბ. ო-ის 2016 წლის 6 მაისის განცხადება განხილულ უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაბამისად დასადგენი ფაქტები ვერ შეიძენდნენ პრეიუდიციული ძალის ხასიათს განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში, რამდენადაც წინამდებარე სარჩელის საგნის -ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასება საჭიროებს არა სააგენტოს მიერ განცხადების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების/უკანონობის ირგვლივ ფაქტების გამოკვლევას, არამედ გასაჩივრებული აქტის მატერიალური და პროცესუალურ - სამართლებრივი შესაბამისობის დადგენას მოქმედ კანონმდებლობასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველი საქმის წარმოება მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ხოლო ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ბ. ო-ი 2016 წლის 6 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებით ითხოვდა დუშეთის რაიონის, სოფელ ... მდებარე 386 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე კუთვნილების საკითხის განხილვას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბ. ო-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი - 386 კვ.მ. და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში 2014 წლის 17 დეკემბერს აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად. ბ. ო-ი 2016 წლის 6 მაისის განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ითხოვს აღნიშული რეესტრის ჩანაწერის მართებულობის გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს. სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან სხვა ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა. ამიტომ, სანამ საქმის წარმოებას შეაჩერებდეს, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ზუსტად განსაზღვრა კავშირის არსებობა მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განიხილება და მართებულად შეაჩერა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 261-ე მუხლებით, 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე