Facebook Twitter

№ბს-756-748(2კს-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებები

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა; საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 24 ივლისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 ივნისის №22944 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2015 წლის 4 სექტემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 7 მაისის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის, 2015 წლის 8 მაისის №15648 ბრძანების, 2015 წლის 8 მაისის №094-128 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 12 ივნისის №20772 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2016 წლის 4 იანვარს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2015 წლის 3 სექტემბრის №33270 ბრძანების, 2015 წლის 3 სექტემბრის №094-350 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 23 ოქტომბრის №39636 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ საბოლოოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2015 წლის 7 მაისის შუალედური შემოწმების აქტის, 2015 წლის 8 მაისის №15648 ბრძანების, 2015 წლის 8 მაისის №094-128 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 ივნისის №20772 ბრძანების, 2015 წლის 26 ივნისის №22944 ბრძანების, საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის №33270 ბრძანების, 2015 წლის 3 სექტემბრის №33305 ბრძანების, 2015 წლის 3 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2015 წლის 3 სექტემბრის №094-350 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 23 ოქტომბრის №39636 ბრძანებისა და საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე შპს „...“ წარადგინა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესზე მითითებით. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი იყო განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მის განხილვამდე უნდა შეჩერებულიყო მოცემული საქმის განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით ამ შემთხვევაშია სასამართლო ვალდებული შეაჩეროს საქმის წარმოება. მოცემულ შემთხვევაში მხარე თავისი შუამდგომლობის არგუმენტს ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთ საკითხზე მისაღები აქვს დამატებითი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ერთ-ერთ არგუმენტს სწორედ სასამართლოს მიერ ყველა მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობა წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მიუხედავად იმისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა თუ არა ამათუიმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თავადაც მიიღოს ამ საკითხზე შესაბამისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე შპს „...“ ასევე იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ... ასოციაციის ჩაბმის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საქმეში ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირის ინსტიტუტი, ანუ აღნიშნული მუხლის თანახმად, შესაძლებელია პირი ჩაბმული იქნეს საქმის განხილვაში, თუ შესაძლებელია მომავალში მის სამართლებრივად დაცულ უფლებას და ინტერესს შეეხოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ ნორმის თანახმად და სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული უფლებამოსილება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, ანუ სასამართლოა უფლებამოსილი ან ჩააბას მხარე მესამე პირად მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ან არ ჩააბას. გამონაკლისს წარმოადგენს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილის მესამე პირად ჩაბმა. ის გარემოება, რომ მოცემული ასოციაცია არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილეს, მხარეები არ ხდიან სადავოდ, რაც შეეხება მის ჩაბმას მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ამ ასოციაციის მესამე პირად ჩაბმა დასახელებული არგუმენტებით, რადგანაც აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და მხარეთა პოზიციებით არ არის სასამართლო თავისი გადაწყვეტილების მიღებისას შებოჭილი.

საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის - შპს „...“ განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მათი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე გადაუგზავნა სააპელაციო სასამართლოს, მაშინ როცა აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე თავად უნდა ემსჯელა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათი მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დამატებითი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ სასამართლოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შპს „...“ სარჩელზე და არა სააპელაციო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შემცირდება შპს „...“ დარიცხული თანხების ოდენობა და, შესაბამისად, შეიცვლება სააპელაციო მოთხოვნაც და მისი ოდენობაც.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შეუძლებელია სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს იმ საკითხზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. შეუძლებელია მხარეს წაერთვას კონსტიტუციით და სხვა მოქმედი საკანონმდებლო ნორმებით გარანტირებული საპროცესო უფლება, სასარჩელო მოთხოვნაზე დავა დაიწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოდან შემდგომი გასაჩივრების უფლებით. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით უხეშად ირღვევა მხარის საპროცესო უფლება, რომელიც გარანტირებულია ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებითა და საქართველოს კონსტიტუციით.

საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირის ჩაბმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის - შპს „...“ განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ... საწარმოების კანონიერ ინტერესებზე. აღნიშნულ საწარმოებს ჩამოყალიბებული აქვთ ... ასოციაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის თითოეული წევრის ჩაბმა პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევდა, გონივრული და კანონიერი იყო მათი ინტერესების გამტარებელი ... ასოციაციის საქმეში მესამე პირად ჩაბმა, რომელიც აერთიანებს ... საწარმოებს და ასოციაციის წესდების 2.1. პუნქტის მიხედვით, მისი მიზანია აღნიშნულ დარგში პრობლემების გამოვლენა, შესწავლა, გამოკვლევა, მათი გადაჭრის გზების მოძიება და გადაჭრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ასევე ასოციაციის წევრების დახმარება და მათი ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო დაწესებულებებთან. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვეს მათ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ... ასოციაციის საქმეში მესამე პირად ჩაბმა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრისა და 31 ოქტომბრის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ კერძო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს „...“ კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე შპს „...“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით მოითხოვა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი იყო განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. შპს „...“ საქმის წარმოების შეჩერებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლით განსაზღვული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტს სწორედ სასამართლოს მიერ ყველა მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობა წარმოადგენს; ხოლო სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა თუ არა ამათუიმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თავადაც მიიღოს ამ საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე შპს „...“ ასევე იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ... ასოციაციის ჩაბმის შესახებ.

გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით, მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირების სავალდებულო მოწვევა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს; ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მარტივი ფორმით მესამე პირის ჩაბმა, განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქმეში ... ასოციაციის მესამე პირად ჩაბმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინება და მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი