59/საზ ქ. თბილისი 19 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენით ა. ა-ი, _ დაბადებული ……. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ”, „გ” და ,,დ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 23-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. ვ. გ-ა, _ დაბადებული ……. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 23-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2. გ. ჟ-ი, _ დაბადებული …….. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 23-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს დაზარალებულების სასარგებლოდ დაეკისრათ თანხების გადახდა.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2004 წლის 31 მარტიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ა-მა, ვ. გ-ამ და გ. ჟ-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით. ა. ა-მა და ვ. გ-მ ასევე ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ა. ა-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ა. ა-ს მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვ. გ-ს _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ჟ-ი გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებითა და 23-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ გ. ჟ-ს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით განაჩენი გაუქმდა მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. ა-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისჯილი აქვს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ა. ა-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით სასჯელად დაენიშნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნული საფუძვლით მსჯავრდებულ ვ. გ-ს ქმედებაც უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება საჩივრის მოტივს სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს საბოლოო სასჯელები დანიშნული აქვთ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით და ამ ეტაპზე პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინება შეიცვალოს: ა. ა-სა და ვ. გ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ა. ა-ს, ვ. გ-სა და გ. ჟ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.