Facebook Twitter

ბს-195-194(კ-16) 01 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. თ-მა 19.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ლ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 26.10.2004წ. ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2014წ. გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ლ. თ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2015წ. განჩინებით ლ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2014წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. თ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.08.2012წ. N1-1/1635 ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, რომლის ლიკვიდაცია წინ უსწრებდა ლ. თ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის თანახმად შეიქმნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებით. საჯარო სამართლის, ისევე როგორც კერძო სამართლის სუბიექტის ლიკვიდაცია არის მისი არსებობის, საქმიანობის ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას დაწესებულების ლიკვიდაციის გამო (96.1 მუხ.). ამდენად, იმ სამმართველოს ლიკვიდაცია, სადაც კასატორი ეწეოდა სამსახურებრივ საქმიანობას, არ ნიშნავს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების აღდგენას შექმნილ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, განსახილველ შემთხვევაში, არ ქმნის ლ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის არასწორად მითითება, რადგან აღნიშნულით არ იცვლება დამდგარი სამართლებრივი შედეგი,- იურიდიული პირის ლიკვიდაციას თან სდევს დაწესებულებაში დასაქმებული პირების გათავისუფლება, ხოლო ახალი იურიდიული პირის შექმნა არ იწვევს გათავისუფლებული მოხელეების სამსახურში აღდგენას.

ლ. თ-ი ითხვოს სადავო აქტის ბათილად ცნობას, თუმცა ამავე დროს, საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.08.2012წ. ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და მოხდა მათში დასაქმებული საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლება, ასეთ დროს ლ. თ-ის გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებაში უნდა შესულიყო ცვლილება და მითითებულიყო გათავისუფლების შესაბამისი საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი მიიღწევა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, ლ. თ-ს შეუძლია უფლებამოსილი ორგანოსაგან მოითხოვოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 26.10.2004წ. N01/03-01/505 ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის შეცვლა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2015წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი