Facebook Twitter

საქმე # 330310114533822

Nბს-505-500 (კ-16) 20 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2014 წლის 10 იანვრის №6 სხდომით მიღებული გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამიისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სატენდერო კომისიის სხდომის N6 ოქმით დაადგინა, რომ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შპს ,,...“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია მიჩენული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინტერესების შეუსაბამოდ. აღნიშნული დადგენილება უკანონოა და სადაზღვევო კომპანიას საშუალებას ართმევს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე სუბიექტების მოთხოვნის საფუძველზე საბანკო გარანტიები წარადგინოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,...“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება; შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2014 წლის 10 იანვრის №6 სხდომით მიღებული გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტი.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 13.03.2014 წლის N2-07/1440 წერილით შპს ,,...“ და შპს „შ...“ ეცნობა, რომ შპს „შ...“ მიერ 11.03.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, რის გამოც ორგანიზაციას დაეკისრა პირგასამტეხლო 1000,50 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვალდებულება არ შესრულდა შპს ,,...“ 16.01.2014 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“, თავის მხრივ, შეტყობინება გაუგზავნა შპს „შ...“. შეტყობინება ამ უკანასკნელს ფოსტის მეშვეობით 19.03.2013 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 21.03.2014 წელს გადაიხადა.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 06.02.2014 წლის N2-07/653 წერილით შპს ,,...“ და შპს „შ...“ ეცნობა, რომ შპს „შ...“ მიერ 11.03.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, რის გამოც ორგანიზაციას დაეკისრა პირგასამტეხლო, სულ 4474,21 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს ვალდებულება არ შესრულდა, შპს ,,...“ 16.01.2014 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“, თავის მხრივ, შეტყობინებები გაუგზავნა შპს „შ...“. შეტყობინებები ამ უკანასკნელ შპს-ს ფოსტის მეშვეობით 11.02.2013 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 04.03.2014 წელს გადაიხადა.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 13.03.2014 წლის N2-07/1446 წერილით შპს ,,...“ და შპს „ტ...-ს“ ეცნობა, რომ შპს „ტ...-სთან“ 30.06.2010 წ. გაფორმებული ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, რის გამოც ორგანიზაციას დაეკისრა პირგასამტეხლო 1845,29 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვალდებულება არ შესრულდა შპს ,,...“ 30.12.2013 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“ თავის მხრივ შეტყობინებები გაუგზავნა შპს „ტ...-ს“. შეტყობინებები ამ უკანასკნელ შპს-ს ფოსტის მეშვეობით 20.03.2013 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 21.03.2014 წელს გადაიხადა.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 13.03.2014 წლის N2-07/1447 წერილით შპს ,,...“ და შპს „M...“ ეცნობა, რომ შპს „M...“ 07.06.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, რის გამოც ორგანიზაციას დაეკისრა 15.01.2014 წლის წერილით პირგასამტეხლო 1646,21 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვალდებულება არ შესრულდა შპს ,,...“ 31.12.2013 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“, თავის მხრივ, შეტყობინება გაუგზავნა შპს „M...“. შეტყობინება ამ უკანასკნელ შპს-ს 19.03.2013 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 21.03.2014 წელს გადაიხადა.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 04.02.2014 წლის N2-07/581 წერილით შპს ,,...“ და შპს „ზ...“ ეცნობა, რომ 27.02.2013 წ. გაფორმებული ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს „ზ...“ დაეკისრა პირგასამტეხლო 6862,99 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვალდებულება არ შესრულდა შპს ,,...“ 30.01.2014 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“, თავის მხრივ, შეტყობინება შპს „ზ...“ გაუგზავნა. შეტყობინება ამ უკანასკნელ შპს-ს 10.02.2013 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 05.03.2014 წელს გადაიხადა.

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 24.01.2014 წლის N2-07/349 წერილით შპს ,,...“ და შპს „M...“ ეცნობა, რომ შპს „M...“ 07.06.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო ორგანიზაციას დაეკისრა პირგასამტეხლო, სულ 29689,93 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს ვალდებულება არ შესრულდა შპს ,,...“ 31.12.2013 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“ თავის მხრივ შეტყობინება შპს „M...“ გაუგზავნა. შეტყობინება ამ უკანასკნელ შპს-ს 24.01.2014 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 04.03.2014 წელს გადაიხადა.

7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18.03.2013 წლის N07-01-03/1127 წერილით შპს ,,...“ და შპს „ტ...-ს“ ეცნობა, რომ შპს „ტ...-სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ორგანიზაციას ეთხოვა პირგასამტეხლოს - 13642,20 ლარის დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული თანხა შპს-ს უნდა გადაეხადა 14 საბანკო დღის ვადაში. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვალდებულება არ შესრულდა შპს ,,...“ 28.12.2012 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 27.03.2013 წელს გადაიხადა.

8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 24.01.2014 წლის N2-07/355 წერილით შპს ,,...“ და შპს„ ტ და ...“ ეცნობა, რომ შპს „ტ და ...“ 26.04.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დეპარტამენტის 27.11.2013 წლის წერილით შპს „ტ და ...“ დაეკისრა პირგასამტეხლო 5105,30 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შპს-ს 14 საბანკო დღის ვადაში უნდა გადაეხადა. ვინაიდან უკანასკნელი ვალდებულება არ შესრულდა, შპს ,,...“ 30.12.2013 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში. შპს ,,...“, თავის მხრივ, შეტყობინება შპს „ტ და ...“ გაუგზავნა. შეტყობინება ამ უკანასკნელ შპს-ს 24.01.2014 წელს ჩაბარდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 04.03.2014 წელს გადაიხადა.

9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 28.06.2013 წლის N07-01-03/3417 წერილით შპს ,,...“ და შპს „ს...“ ეცნობა, რომ შპს „ს...“ 24.02.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შპს ,,...“ 30.04.2013 წლის საბანკო გარანტიის თანახმად ეთხოვა საგარანტიო თანხის 7450 ლარის 14 საბანკო დღის ვადაში გადახდა. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,...“ შპს „ს...“ 30.04.2013 წელს აცნობა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 26.07.2013 წელს გადაიხადა.

10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 27.12.2012 წლის N07-01-03/5295 წერილით შპს ,,...“ და შპს „ს...“ ეცნობა, რომ შპს „ს...“ 24.02.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო 2011-2012 წლებში ჯამში შპს-ს პირგასამტეხლოდ დაერიცხა 7799,07 ლარი, რაც არ გადაუხდია. 21.08.2012 წლის საბანკო გარანტიის თანახმად, შპს ,,...“ ეთხოვა 14 დღის განმავლობაში აღნიშნული თანხის გადახდა. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,...“ შპს „ს...“ 06.02.2013 წელს აცნობა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 01.04.2013 წელს გადაიხადა.

11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18.03.2013 წლის N07-01-03/1129 წერილით შპს ,,...“ და შპს „ა...-ს“ ეცნობა, რომ შპს „ა...-ს“ 16.03.2011 წ. გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 12.11.2012 წ. წერილით მოეთხოვა 14 საბანკო დღის ვადაში პირგასამტეხლოს - 11615,28 ლარი, რაც არ გადაუხდია. 20.12.2012 წლის საბანკო გარანტიის თანახმად, შპს ,,...“ ეთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა 27.03.2013 წელს გადაიხადა.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 07.06.2013 წლის N07-01-03/2972 წერილით შპს ,,...“ და შპს „ა...-ს“ ეცნობა, რომ შპს „ა...- სთან“ 20.12.2012 წლის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა. შპს ,,...“ 20.12.2012 წლის საბანკო გარანტიის თანახმად, ეთხოვა საგარანტიო თანხის 75000 ლარის 14 საბანკო დღის განმავლობაში სრულად გადახდა. შპს ,,...“ შეტყობინება შპს „ა...-ს“ აცნობა, რაც 13.06.2013 წ. ჩაბარდა. აღნიშნული შეტყობინების პასუხად შპს „ა...-მა“ გარანტორს მოთხოვა თანხის გადახდის შეჩერება. საბანკო გარანტიის თანხა 63384,72 ლარი 06.02.2014 წელს გადაიხადა.

13. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 07.06.2013 წლის N07-01-03/2973 წერილით შპს ,,...“ და შპს „ა...-ს“ ეცნობა, რომ შპს „ა...- სთან“ 16.03.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 01.12.2013 წლის საბანკო გარანტიის თანახმად, შპს ,,...“ ეთხოვა საგარანტიო თანხის 245000 ლარის 14 საბანკო დღის განმავლობაში სრულად გადახდა. შპს ,,...“ შეტყობინება შპს „ა...-ს“ აცნობა, რაც 13.06.2013 წ. ჩაბარდა. აღნიშნული შეტყობინების პასუხად შპს „ა...-მა“ გარანტორს მოთხოვა თანხის გადახდის შეჩერება. საბანკო გარანტიის თანხა 242038,06 ლარი 12.12.2013 წელს გადაიხადა. აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელზე აღძრული საქმის წარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2013 წლის N2/16624-13 განჩინებით.

14. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 01.11.2013 წლის N2-07/6354, 31.12.2013 წლის N2-07/7764, 08.11.2013 წლის N2-07/6562, 30.07.2013 წლის N07-01-03/4166 და 22.01.2013 წლის N07-01-03/138 წერილებით შპს ,,...“ ეთხოვა შესაბამისი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების არაჯეროვნად შესრულების გამო საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების გადახდა. აღნიშნული საბანკო გარანტიების მოთხოვნა შემდგომში გაუქმდა თავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილებით (შესაბამისად: 05.02.2014 წ.; 13.11.2013 წ.; 13.11.2013 წ. 15.08.2013 წ. და 07.02.2013 წ. წერილებით), ვინაიდან აღარ არსებობდა საბანკო გარანტიების ამოქმედების სამართლებრივი საფუძველი ავანსის გაქვითვის გამო.

15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 24.01.2014 წლის N2-07/346 წერილით შპს ,,...“ და შპს „F...-ს“ ეცნობა, რომ შპს-ს მიერ 27.03.2013 წლის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს „F...-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 111000 ლარი, რაც 14 საბანკო დღის ვადაში უნდა გადაეხადა. აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო, შპს ,,...“ ეთხოვა 20.03.2013 წლის საბანკო გარანტიის საფუძველზე აღნიშნული თანხა 5 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეხადა. აღნიშნული ჯარიმის თანხა შპს „F...-მა“ 20.03.2014 წელს გადაიხადა.

16. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 10.01.2014 წლის N6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების პირველი პუნქტით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ. 11-18,8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამარჯვებულ პრეტენდენტს სს „ე...-ს“ ფილიალს საქართველოში „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გაცემული ,,...“ მიერ, ჩაითვალა სახელმწიფოს ინტერესებისადმი შეუსაბამოდ.

17. შპს ,,...“ 16.01.2014 წელს შპს ,,შ...’’, 14.05.2014 წელს შპს ,,გ...-ს’’, 30.01.2014 წელს შპს ,,ზ...’’ და 25.02.2014 წელს შპს „ტ დ...“-ს სახელზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების სასარგებლოდ გასცა უპირობო საბანკო გარანტიები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტარციული ორგანოს მხრიდან იმ ფაქტზე მითითება, რომ შპს ,,...“ წინარე პერიოდში სისტემატურად არ ასრულებდა/არღვევდა სახელმწიფოს წინაშე უპირობო საბანკო გარანტიით ნაკისრ ვალდებულებებს, არ ასაბუთებს იმ დასკვნას, რომ შპს ,,...“ მიერ სს ,,ე...'' -ს ფილიალის საქართველში შემთხვევაში გაცემული უპირობო საბანკო გარანტია არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს; ამ მოსაზრების საფუძვლიანობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სადავო ინდ. აქტის გამოცემის შემდეგ არსებითად შეიცვალა ბრძანების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსი; კერძოდ, დადგენილია, რომ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N16 ბრძანების თანახმად, შეიცვალა რა 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსი, ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებული იყო, დაესაბუთებინა მასთან წარდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის სახელმწიფოს ინტერესებთან შეუსაბამობა უშუალოდ ამ გარანტიის პირობების მოქმედი კანონმდებლობის ჭრილში გაანლიზების გზით; სამართლებრივი სახელმწიფოს ინტერესები გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, უზრუნველყოფილია მოქმედი კანონმდებლობით და თუკი რაიმე ხელშეკრულება ლახავს სახელმწიფოს ინტერესებს, ასეთი ხელყოფა (ხელყოფის შესაძლებლობა) პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სახელმწიფოს კანონით დაცული, კონკრეტული შინაარსის მქონე ამა თუ იმ უფლების, ინტერესის, სიკეთის ხელყოფის/შელახვის მოსალოდნელობაზე, რასაც სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია - უდავოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არც ადმინისტრაციული წარმოების და არც ადმინისტრაციული სამართალწარმოების პირობებში არ წამოუყენებია რაიმე სახის, კონკრეტული შინაარსის პრეტენზია უშუალოდ სს ,,ე...'' -ს ფილიალის საქართველში შემთხვევაში გაცემული უპირობო საბანკო გარანტიის, როგორც კანონშეუსაბამო ხელშეკრულების, წინააღმდეგ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სადავოა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით გათვალისწინებული შედავება.

განსახილველ საქმეზე შესაფასებელია, კანონიერია თუ არა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მიჩნევა სახელმწიფო ინტერესების შეუსაბამოდ იმ საფუძვლით, რომ კომპანია მანამდე გაცემული გარანტიის თანხის ანაზღაურებას აგვიანდებდა და სისტემატურად არღვევდა ნაკისრ ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის ნორმატიული შინაარსი იმის გადასაწყვეტად, 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება იყო თუ არა კანონიერი და რა შემთხვევაში დაიშვებოდა „სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ“ საბანკო გარანტიის აღიარება.

2015 წლის 29 ოქტომბრის ცვლილებებამდე „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების 21-ე მუხლი ადგენდა, რომ თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა ან აღემატებოდა 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, მოეთხოვა ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენდა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა, უარი განეცხადებინა ხელშეკრულების შესრულების ისეთ გარანტიაზე ან დაზღვევაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ცვლილებების შემდგომ, აღნიშნული პუნქტის მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2014 წლის 10 იანვრის დადგენილების მიღებისას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალებოდა იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, შესაბამისად, სადავო აქტის მართლზომიერების შეფასებისას უნდა განიმარტოს, 2014 წლის 10 იანვრის რედაქციით „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით რა წინაპირობების არსებობისას დაიშვებოდა საბანკო გარანტიის სახელმწიფო ინტერესების შეუსაბამოდ აღიარება და, ამ კონტექტში, რას გულისხმობდა „სახელმწიფო ინტერესები.“

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა სხვადასვხა სახის სახელმწიფო სახსრებით.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე კი, სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფისა, ასევე, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებისა პრინციპით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული ტიპის სახელმწიფო შეყიდვებზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნვეყოფის ან დაზღვევის სავალდებულოდ მოთხოვნის მიზანია სახელმწიფოს დაცვა არასაიმედო კონტრაჰენტთან ხელშეკრულების დადებისაგან და სახელშეკურლებო ვალდებულებათა შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგებისაგან. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, საბანკო გარანტია, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნვეყოფის სახით, უნდა იყოს საიმედო და შესაბამისი დარღვევის შემთხვევაში, გარანტირებული უნდა იყოს მისი ანაზღაურება. სწორედ ამგვარი ტიპის გარანტიის მიღებაა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის 2014 წლის 10 იავრისათვის მოქმედი რედაქცია და არასწორად გამოიყენა ამავე პუნქტის 2015 წლის 29 ოქტომბრის ცვლილებების შემდგომი რედაქცია.

საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ წარსულში გარანტორის მიერ თანხის ანაზღაურების ვალდებულების სისტემატურად დარღვევა შესაძლებელია, ყოფილიყო მზღვეველის მიერ გაცემული საბანო გარანტიის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძველი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, მოცემულ საქმეზე არსებობდა თუ არა ამგვარი დარღვევები.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,...“ გასცემდა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისმიერ გამოცხადებული ტენდერის მონაწილეთა სასარგებლოდ. გაცემული გარანტიების თანახმად, გარანტორი ღებულობდა ვალდებულებას რიგ შემთხვევებში უპირობოდ, პირველი მოთხოვნისთანავე გადაეხადა მოთხოვნილი თანხა; ხოლო რიგ შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. შპს ,,...“ საბანკო გარანტიის თანხებს ანაზღაურებდა ვადის მნიშვნელოვანი გადაცილებით, ხოლო შპს „ა...-ის“ ვალდებულების უზრუნველსაყოფად 01.12.2013 წელს გაცემული საბანკო გარანტიის თანხა მოსარჩელემ აანაზღაურა მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ (იხ. აღწერილობითი ნაწილი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 1-16).

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. ამდენად, აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვების წესით განსახორციელებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. სადავო ურთიერთობა ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის საბანკო გარანტიის შესახებ სამართლებრივ ნორმებს.

სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 882-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო 886-ე მუხლის მიხედვით კი, ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს.

ამ უკანასკნელი ნორმის საფუძველზე, როდესაც გაცემულია ჩვეულებრივი საბანკო გარანტია, ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის მიღება არ გულისხმობს მის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების ვალდებულებას. მიიღებს რა ამგვარ მოთხოვნას, გარანტმა ვალდებულების დადგენისათვის უნდა განახორციელოს რიგი მოქმედებები: ყველა დოკუმენტი გადასცეს პრინციპალს, რომელმაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს თავისი ვალდებულების შესრულება; თავის მხრივ გარანტმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისობა გაცემული გარანტიის პირობებთან, წარმოდგენილია თუ არა გარანტიის მოქმედების ვადაში, ერთვის თუ არა ყველა საჭირო

დოკუმენტაცია და სხვა, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოთხონვის გარანტიის პირობებთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურა უნდა დასრულდეს გონივრულ ვადაში. მოცემულ საქმეზე კი დადგენილია, რომ შპს ,,...“ გარანტიით გათვალისწინებულ თანხას ანაზღაურებდა ვადის მნიშვნელოვანი გადაცილებით, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც კი.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, შპს ,,...“ 16.01.2014 წელს შპს ,,შ...’’, 14.05.2014 წელს შპს ,,გ...-ს’’, 30.01.2014 წელს შპს ,,ზ...’’ და 25.02.2014 წელს შპს „ტ დ ...“-ს სახელზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების სასარგებლოდ გასცა უპირობო საბანკო გარანტიები.

სამოქალაქო კოდექსი ამომწურავად არ განსაზღვრავს საბანკო გარანტიის სახეებს. სამოქალაქო კოდექსის დებულებების შესავსებად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე (პუბლიკაცია #758). აღნიშნული პუბლიკაციის საფუძველზე, უპირობო საბანკო გარანტიის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის დებულებები იზღუდება, ამასთან, მოთხოვნის მიღებიდან მისი შემოწმების და დაკმაყოფილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, თუ თავად გადახდის მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებული (URDG ICC Publication N758, Art. 20). მოცემულ შემთხვევაში, გარანტიის თანხის ანაზღაურება ამ ვადაში არ ხდებოდა, ხოლო შპს ,,გ...-ის’’ შემთხვევაში, გარანტიით გათვალისწინებული თანხა ანაზღაურებულ იქნა მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 13).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სამართლებრივი დაუსაბუთებლობა საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება, ხოლო 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლს 10 იანვრის დადგენილება კანონიერია, ამდენად, შპს ,,...“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე