საქმე #ბს-670-662(კ-15) 09 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - მ. ოზიაშვილი
კასატორი (მოსარჩელე) - გ. კ-ი, წარმომადგენელი ა. ს-ე (29.06.16წ. N160711801 რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, წარმომადგენელი თ. ლ-ა (24.11.16წ. N06/14191385-17 მინდობილობა); სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, წარმომადგენელი გ. მ-ი (08.01.16წ. N12-13/18 მინდობილობა), ს. ა-ე (04.11.16წ. N12-13/995 მინდობილობა)
დავის საგანი - ინდივიდუალური ამდინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2015წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.კ-ი არის ქ. თბილისში, ... ქ. N90-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე ბინა N2-ის, მე-2 სართულზე ბინა N4-ის და მესამე სართულზე ბინა N6-ის მესაკუთრე.
გ. კ-ის წარმომადგენელმა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს 26.12.13წ. განცხადებით მიმართა, რომლითაც 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. N90-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალური საკუთრების სამ ერთეულ ქონებაზე უნებართვოდ მიშენებული ფართების ლეგალიზება.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.14წ. N1073149 ბრძანებით გ. კ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ობიექტის მშენებლობა არ დასრულებულა 2007 წლის 1 იანვრამდე. ქ. თბილისის მერიის 24.04.14წ. N602 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გ.კ-მა 01.05.2014 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისის მერიის 24.03.2014წ. №602 განკარგულების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.2014წ. №1073149 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ.თბილისში, ... ქ. №90-ში, პირველ, მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული მინაშენების ლეგალიზაციის შესახებ 26.12.2013წ. განცხადების დაკმაყოფილება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 26.12.2013 წ. №AR1187351 განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩა №90-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე გ.კ-ის მიერ უნებართვოდ მიშენებული ფართების ლეგალიზება. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.2014 წ. №1073149 ბრძანებით გ.კ-ს უარი ეთქვა უნებართვოდ მიშენებული ფართების ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ გ. კ-ის მიერ ობიექტის მშენებლობა დასრულებული არ იყო 2007 წლის 01 იანვრამდე, მაშინ როდესაც წარდგენილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 25.11.2013 წ. გამოიცა №1012257 ბრძანება ამავე მისამართზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე არსებული №8 ბინის მინაშენის ლეგალიზაციის თაობაზე (მესაკუთრე ბ. ბ-ა). ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება გ. კ-ის მიერ გასაჩივრდა ქ თბილისის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მერიის 24.03.2014 წ. №602 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად მოხდა მათი სამართლებრივი შეფასება, ორგანოებმა დაარღვიეს სზაკ-ის მე-4, მე-5, მე-8, 53-ე და 96-ე მუხლები, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას. 2008 წლის შემდგომ მინაშენის მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც დასტურდება 2008წ. და 2013 წ. შიდა აზომვითი ნახაზების ურთიერთშეჯერებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.08.2014 წ. გადაწყვეტილებით გ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მერიის 24.03.2014წ. №602 განკარგულება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.2014წ. №1073149 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ... ქ. №90-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზაციის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს სზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გ. კ-ის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია არ ადასტურებდა უნებართვო სამუშაოების დასრულებას 2007 წლის 01 იანვრის შემდეგ. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმას, რომ 16.04.2008 წ. და 02.12.2013 წ. შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზების ურთიერთშეჯერებისას ირკვეოდა, რომ 2008 წლის შემდეგ სალეგალიზაციო ფართმა განიცადა გარკვეული სახის ცვლილები, კერძოდ, მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე სალეგალიზაციო ფართს აქვს შემომსაზღვრელი კედელი, ამასთან მე-3 სართულზე არ ფიქსირდება ფანჯრების არსებობა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...-ის’’ კრების ოქმები, რომლითაც ირკვეოდა, რომ გ. კ-მა აივნების მიშენება მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე აწარმოა 2007 წლის 01 იანვრამდე და რომ ამხანაგობამ ხმათა 100%-ით გადაწყვიტა მიეცეს ნებართვა გ.კ-ს ბინა №2, ბინა №4 და ბინა №6-ზე უკანონოდ მიშენებული აივნების ლეგალიზაციაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ასევე არქიტექტორ მ. კ-ის განმარტებითი ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ პროექტის დარღვევით ჩატარებული მიშენებითი სამუშაოები ჩატარებული იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 6-1 ფასადზე (უკანა მხარეს) 2007 წლამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანოების მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა 2007 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის დაუსრულებლობა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით სრულყოფილად არ დგინდებოდა ობიექტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეხდინა ობიექტის ადგილზე დათვალიერება მისი საქართველოს კანონმდებლობლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ან/და დაინტერესებული პირისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა აგრეთვე, რომ სზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უარი თქვა ლეგალიზებაზე ობიექტის მშენებლობის 2007 წლის 01 იანვრამდე დაუსრულებლობის გამო, მაშინ როდესაც იმავე ადმინისტრაციულმა ორგანომ 25.11.2013 წ. №1012257 ბრძანებით ამავე მისამართზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე მდებარე №8 ბინის მინაშენის ლეგალიზაციით დააკმაყოფილა მესაკუთრე ბ. ბ-ას განცხადება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2015წ. გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა,
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ირღვევა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, საქმეზე დაადგინა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა განსახილველი ფართების უნებართვოდ მიშენების დაწყება 2007 წლის 1 იანვრამდე, სადავო გარემოებას წარმოადგეს - 2007 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის დასრულება. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სრულყოფილად გამოკვლეული არ ყოფილა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სალეგალიზაციო ობიექტს დასრულებული სახე არ მიუღია 2007 წლის 1 იანვრამდე, კერძოდ, საქმეში არსებული 2008 წ. და 2013 წ. შიდა აზომვითი ნახაზების ურთიერთშედარების საფუძველზე, პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის შემდეგ სალეგალიზაციო ფართზე განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები, 2013 წლის აზომვითი ნახაზის მიხედვით სალეგალიზაციო ფართს აქვს შემომსაზღვრელი კედლები, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 2008 წლის აზომვით ნახაზში არ ფიქსირდება, გარდა ამისა 16.04.2008 წ. მე-3 სართულის სალეგალიზაციო ფართის ნახაზზე არ ფიქსირდება ფანჯრების არსებობა, ხოლო 2013 წლის შიდა აზომვით ნახაზში, მე-3 სართულზე მდებარე სალეგალიზაციო ფართს აქვს ფანჯრები, ასევე მე-2 და მე-3 სართულების აზომვით ნახაზებში სადავო ფართი, რომელიც 2008 წლის აზომვით ნახაზში მოხსენიებულია აივნად, შეადგენს 34,2 კვ.მ.-ს, ხოლო 2013 წლის აზომვით ნახაზში აღნიშნული ფართი მოხსენიებულია, როგორც სალეგალიზაციო ფართი და შეადგენს 30.00 კვ.მ.-ს. ყოველივე აღნიშნული, პალატის აზრით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა 2007 წლის 1 იანვრამდე, პირიქით, გაგრძელდა 2007 წლის 1 იანვრის შემდეგაც, მშენებლობის გაგრძელება კი საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007 წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, დამატებით არქიტექტურული პროექტის წარდგენას საჭიროებდა, რომლის შესაბამისადაც უნდა მომხდარიყო ობიექტის მშენებლობის დასრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ის მიერ არ განხორციელებულა.
პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-ის’’ კრების ოქმები. პალატამ მიიჩნია, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-ის’’ 07.10.2013 წ. კრების ოქმით დასტურდება ბინა N2, ბინა N4 და ბინა N6-ზე უკანონოდ მიშენებული აივნების ლეგალიზაციაზე ნებართვის მიცემა და არა ის, რომ მიშენება უტყუარად დასრულდა 2007 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მოცემული საკითხის გადაწყვეტის დროს სწორად მიანიჭა უპირატესობა საჯარო რეესტრის ამონაწერს და შიდა აზომვით ნახაზს. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...-ის’’ 05.03.2014 წ., კრების ოქმს, პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გ.კ-ის განცხადებაზე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია 22.01.2014 წ., შესაბამისად, მითითებული კრების ოქმი გ. კ-ის განცხადების განხილვის და ბრძანების გაცემის დროისთვის არ არსებობდა და არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო მისი შეფასების შესაძლებლობას.
პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია არქიტექტორ მ. კ-ის განმარტებით ბარათზე და გაიზიარა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება, რომ აღნიშნული ბარათით განმარტებულია მიშენებითი სამუშაოების 2007 წლამდე ჩატარება, ბარათი არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამუშაოებმა მოიცვა ყველა ის სამუშაო, რაც ფართის დასრულებას გულისხმობს.
პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ-ას საქმის გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, ვინაიდან რომც დავუშვათ ამ ორი საქმის იდენტურობა, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას იგივე გადაწყვეტილება გამოიტანოს გ. კ-ის მიმართ, იმისათვის, რომ ორ იდენტურ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდეს, ადმინისტრაციული ორგანო ვერ დაუშვებს კანონიდან გადახვევას, ვაინაიდან დგინდება, რომ გ. კ-ის მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.კ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ფანჯრის ჩასმა, მით უმეტეს შემინვა კანონით განიხილება არა მშენებლობის წარმოებად, არამედ წარმოებულ სამუშაოთა დასრულების ეტაპად. პირველი, მეორე და მესამე სართულის მინაშენთა ზემოთ 25.11.2013წ. გაიცა N1012257 ბრძანება მეოთხე სართულზე მინაშენის ლეგალიზაციის თაობაზე, მეოთხე სართულზე მდებარე მინაშენი მთლიანად ეყრდნობა ქვედა სართულების მინაშენებს. უკეთუ ეს უკანასკნელი 2007 წლის 1 იანვრამდე აშენებულად იქნა აღიარებული, გამოირიცხება ქვედა სართულებზე მდებარე მინაშენების უფრო გვიან პერიოდში აშენება. სადავო აქტების აღსრულების შემთხვევაში ჩამოინგრევა მე-4 სართულის მინაშენის ლეგალიზებული ფართი. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლი, არასწორად განმარტა მე-5 მუხლი.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ქ. თბილისის მერიის და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შეასწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეში დავის საგანს შეადგენს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.2014წ. N1073149 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. კ-ის წარმომადგენლის მ. მ-ის განცხადება და გ. კ-ის წარმომადგენელს მ. მ-ეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ... ქ. N90-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზებაზე, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 24.03.2014წ. N602 განკარგულება. ვინაიდან სადავო აქტები, სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, დავის გადაწყვეტა საჭიროებს მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარკვევას. სზაკ-ის მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულება, რომლის მიერ დამტკიცებული წესის 1.2 მუხლის მიხედვით, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში ლეგალიზაციის გამომრიცხავ გარემოებად მიჩნეულ იქნა ის, რომ ფართმა განიცადა გარკვეული ცვლილებები 2007 წლის შემდგომ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ე...“ 16.04.08წ. შიდა აზომვითი ნახაზისაგან განსხვავებით შპს „პ...“ 02.12.13წ. შიდა აზომვით ნახაზში, მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე სალეგალიზაციო ფართს აქვს შემოსაზღვრული კედელი, ამასთანავე შპს „ე...“ 16.04.08წ. მე-3 სართულის ფართის ნახაზზე არ ფიქსირდება ფანჯრების არსებობა მაშინ, როდესაც შპს „პ...“ 02.12.13წ. ნახაზში მე-3 სართულზე მდებარე სალეგალიზაციო ფართს აქვს ფანჯრები. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის შემდეგ სალეგალიზაციო ფართმა განიცადა გარკვეული სახის ცვლილება, რაც ადასტურებს 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ მშენებლობის წარმოებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ მშენებლობის განხორციელება მე-2 და მე-3 სართულების მიშენებაზე. აღნიშნული მსჯელობიდან გაურკვეველი რჩება 1-ელ სართულზე მიშენების ლეგალიზაციაზე უარის თქმის მოტივი. ამ მიმართებით რაიმე მოსაზრება სადავო აქტებში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი არ არის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მოკლებულია რაიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, სახეზე სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუტებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება არის შეუძლებელი. 1-ელ სართულზე მიშენების ლეგალიზაციაზე უარის თქმის მიზეზები არც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტშია მითითებული. საკასაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი მოსაზრება, რომ 1-ელ სართულზე მიშენებული ფართის ლეგალიზაცია არ მოხდა სართულებზე მიშენებების კონსტრუქციის ერთიანობის გამო გაურკვეველს ხდის არქიტექტურის სამსახურის მიერ მესამე სართულის ზემოთ მდებარე სართულებზე მიშენებების ლეგალიზებას.
საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ 1-ელ მუხლში საქართველოს პრეზიდენტის 27.05.2008წ. N271 ბრძანებულებით დამატებული 21 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მოქმედება გავრცელდა აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. წესის 1-ლი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს მიშენების გაზრდას ან/და დამატებითი სართულის (მანსარდის) დაშენებას (მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი). სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, თუმცა არ დასტურდება ამ სამუშაოების ჩატარების შედეგად ფართის მომატება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მე-2 და მე-3 სართულების აზომვით ნახაზებში სადავო ფართი, რომელიც 2008 წლის აზომვით ნახაზში აივნად არის მოხსენიებული, შეადგენს 34.2 კვ.მ.-ს, ხოლო 2013 წლის აზომვით ნახაზში აღნიშნული ფართი სალეგალიზაციო ფართად არის მოხსენიებული და შეადგენს 30 კვ.მ.-ს. ამდენად, 2008 და 2013 წლების ნახაზებში არსებული ფართების სხვაობა არ ადასტურებს ფართის გაზრდას.
წესის 1-ლი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს არქიტექტურული პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულება. სადავო აქტში - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.14წ. N1073149 ბრძანებაში მოპასუხემ მიუთითა, რომ შესაძლებელია უნებართვოდ დაწყებული მიშენების დასრულებისათვის ვადის განსაზღვრაზე საკითხის განხილვა თუ დოკუმენტურად იქნება დადასტურებული, რომ მშენებლობა ნამდვილად დაწყებულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ პერიოდამდე მშენებლობის დაწყებას ადასტურებს ამხანაგობის კრების ოქმი, არქიტექტორ მ. კ-ის ახსნა-განმარტება. შესაბამისად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს აღნიშნული დოკუმენტაციის შეფასებას. წესის მე-4 მუხლი ითვალისწინებს განმცხადებლისათვის დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ დავალების შეუსრულებლობა არის ლეგალიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი (6.3 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ლეგალიზაციაზე ხარვეზის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრის გარეშე. ქ. თბილისის მერიაში გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორმა ორგანოს წარუდგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „...“ 05.03.14წ. N7 და N8 კრების ოქმები, რომლითაც ამხანაგობა ადასტურებს მიშენების 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელებას, რაც არ შეფასებულა ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ. კრების ოქმების შეფასებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ამხანაგობის ოქმები სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტის გამოცემის შემდეგ წარედგინა ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, ვინაიდან სამსახურმა განმცხადებელს ვადა არ განუსაზღვრა (სზაკ-ის 83-ე მუხ.), ამასთანავე, ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების სუბსიდიარული ხასიათი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს წარმოების ხარვეზის შევსების შესაძლებლობას. ამდენად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის მითითება გ. კ-ის მიერ კრების ოქმის არქიტექტურის სამსახურის 22.01.14წ. ბრძანების გამოცემის შემდეგ წარმოდგენაზე. ადმინისტრაციული საჩივრის განმხივლველი ორგანოს მიერ შეფასება არ მიეცა აგრეთვე არქიტექტორ მ.კ-ის განმარტებით ბარათს, რომლის მიხედვით მიშენებითი სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 6-1 ფასადზე (უკანა მხარეს) 2007 წლამდე.
სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ფართების უნებართვოდ მიშენების 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყება. უნებართვო მიშენების 2007 წლის 01 იანვრამდე დაწყება ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომელიც დავას არ იწვევს მხარეებს შორის, განსახილველ შემთხვევაში დავას იწვევს 2007 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტი შეიცავს პირდაპირ მითითებას მშენებლობის ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელების დადასტურების საჭიროებას, სააპელაციო პალატა უთითებს, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ფართების უნებართვოდ მიშენების დაწყება 2007 წლის 1 იანვრამდე. იმის მიუხედავად, რომ თავად სადავო აქტი - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.14წ. N1073149 ბრძანება შეიცავს პირდაპირ მითითებას უნებართვოდ დაწყებული მიშენების დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობაზე 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ მშენებლობის დაწყების დადასტურების შემთხვევაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყების დადასტურების მიუხედავად, მიშენების ლეგალიზაციის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად არ დაკმაყოფილდა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.14წ. N1073149 ბრძანების მიხედვით, მიშენების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნებოდა გ. კ-ის მიერ მოთხოვნის შეცვლის, კერძოდ არა ლეგალიზაციის, არამედ მშენებლობის დასრულების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვნის დაზუსტების, მისი ტრანსფორმირების შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ აქტის გამოცემამდე მიეცა განმცხადებლისათვის ხარვეზის გამოსწორების (სზაკ-ის 83-ე მუხ., 85-ე მუხ.), მოთხოვნის სრულყოფის წინადადება, რასაც ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აზომვით ნახაზებზე ურთიერთშედარების საფუძველზე ფართის ლეგალიზების მოთხოვნის აკრძალვა არ არის დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ საქმეზე ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები იყო 2007 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მეორეს მხრივ, 2008 და 2013 წლის ნახაზების შედარების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ, რაც წესის მე-5.1 მუხლის თანახმად დამატებით არქიტექტურული პროექტის წარდგენას საჭიროებდა. აღნიშნული საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-9 მუხლის თანახმად, 1-ლი მუხლის მე-2, 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული იმ შენობა-ნაგებობებისთვის, რომლების მშენებლობა დასრულებულია დასრულებისათვის ამ ბრძანებულების ვადის დარღვევით, აგრეთვე შენობა-ნაგებობისათვის, რომლების მშენებლობის დასრულება ვერ განხორციელდა დასრულებისათვის დადგენილ მაქსიმალურ ვადაში და დასრულდება დასრულების ნებართვის ფარგლებში ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 4 თვის განმავლობაში, ვადის დარღვევა ჩაითვალა საპატიოდ და მათი ლეგალიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის თავდაპირველი ვარიანტი ხსენებულ რეგულაციას (მე-9 მუხ.) არ ითვალისწინებდა, წესის თავდაპირველი რედაქცია (მე-2 მუხ.) ითვალისწინებდა მხოლოდ იმ ობიექტებისა და მათი ნაწილების ლეგალიზაციას, რომელთა მშენებლობა 24.11.07წ. N660 ბრძანებულების ძალაში შესვლის დროისათვის დასრულებული იყო, თავდაპირველი რედაქცია უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის მიმართ ითვალისწინებდა დაჯარიმების შემდეგ იმ დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. N140 დადგენილების დებულებების გამოყენებას. მე-9 მუხლი წესს დაემატა საქართველოს პრეზიდენტის 17.09.13წ. N727 ბრძანებულებით, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ვადის დარღვევით დასრულებული მშენებლობისათვის, აგრეთვე დაუსრულებელი მშენებლობისათვის მე-9 მუხლის ძალაში შესვლიდან (ე.ი. 17.09.2013წ. N727 ბრძანებულების ძალაში შესვლიდან) ოთხი თვის განმავლობაში დასრულებული მშენებლობისათვის ვადის გაცდენის საპატიოდ ჩათვლას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. კ-მა უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზაციის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ ვადაში (26.12.13წ.) მიმართა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 16.04.08წ. და 02.12.13წ. შედგენილი ნახაზების შედარებით ქ. თბილისში, ... ქ. N90-ში, პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართის სალეგალიზაციო მინაშენზე რაიმე ცვლილება არ დადგენილა, ლეგალიზაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართის და მომდევნო სართულზე მდებარე N4 ბინის მინაშენები დასრულებული იყო და მხოლოდ მე-3 სართულზე მდებარე N6 ბინის მინაშენი იყო შეუმინავ მდგომარეობაში. მე-3 სართულზე ფანჯრების ჩასმის საჭიროება ადასტურებს არა სამშენებლო, არამედ უკვე განხორციელებული მშენებლობის დამამთავრებელი სამუშაოს ჩატარების საჭიროებას. რაც შეეხება ობიექტის მე-2 და მე-3 სართულების აივნების შემოსაზღვრას კედლით, რომელიც არ იყო ასახული 16.04.08წ. შედა აზომვით ნახაზში, აღნიშნულთან დაკავშირებით დავა გადაწყდა სადავო სამართალურთიერთობების მიმართ წესის მე-9 მუხლის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე.
საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 25.11.2013წ. N1012257 ბრძანებით იმავე მისამართზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე მდებარე N 8 ბინის მინაშენის ლეგალიზაციის თაობაზე დააკმაყოფილა მესაკუთრე ბ. ბ-ას განცხადება. მიშენებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ზედა სართულებზე შეუძლებელი იქნებოდა ქვედა (1-3) სართულებზე მიშენების დასრულების გარეშე. არქიტექტურის სამსახური სადავო აქტში მშენებლობისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას უკავშირებს მშენებლობის 2007 წლამდე დაწყების დოკუმენტურ დადასტურებას, თუმცა გამოცემულ აქტში არ იმსჯელა ზედა სართულებზე განხორციელებული მინაშენების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების კავშირზე განსახილველ დავასთან, არ აუხსნია თუ რატომ არ ადასტურებს მე-4 სართულის მინაშენის ლეგალიზების ფაქტი ქვედა სართულებზე არსებული მინაშენების ასაგებად სამშენებლო სამუშაოების 2007 წლამდე განხორციელებას.
კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (სზაკ-ის 4.3 მუხ.) და პირიქით საქმის გარემოებათა არაიდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ იდენტური გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული - ერთნაირად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა არ არის სავალდებულო სასამართლოსათვის, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენება არის ერთიანი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაესაბუთებია მე-4 სართულზე უკვე ლეგალიზებული ფართების არაიდენტურობა და შესაბამისად, განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ლეგალიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ობიექტის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (წესის მე-8 მუხ.), აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გამოცემის შემდეგ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 01.04.14წ. გამოიცა დადგენილებები (N000325, N000326, N000327), რომლითაც გ. კ-ს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, მიშენების უკანონოდ წარმოებისათვის დაეკისრა ჯარიმა, სულ 24 000 ლ. ანუ თითოეული სართულის მინაშენისათვის 8 000 ლ., მასვე დაევალა მინაშენების დემონტაჟი (აღნიშნული აქტები გასაჩივრდა გ. კ-ის მიერ. მერიის 19.05.14წ. N1125 განკარგულებით გ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, დადგენილებები ბათილად იქნა ცნობილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ გ. კ-ი ამავე უნებართვო მიშენებისათვის მანამდეც დაჯარიმებულა (ს.ფ.361-370)). სადავო აქტების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა აეხსნათ მე-4 სართულზე მიშენებული და უკვე ლეგალიზებული ფართის შენარჩუნების შესაძლებლობა 1-ელ - მე-3 სართულებზე მიშენებული ფართების დემონტაჟის შემთხვევაში. სზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონის და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა საჭიროებს დიფერენციაციის მიზეზის დადგენას და შეფასებას. გარდა ამისა, სზაკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.). სსიპ არქიტექტურის სამსახურის სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, აქტი შეიცავს რამდენიმე ნორმის ციტირებას, აქტის შინაარსიდან გაურკვეველია თუ რა კავშირი აქვს ციტირებულ ნორმებს სადავო სამართალურთიერთობებთან, რატომ მიიჩნია სსიპ არქიტექტურის სამსახურმა რომ მშენებლობა არ იყო დაწყებული 2007 წლის 1 იანვრამდე, რა მოსაზრებების გამო მიიჩნია, რომ მშენებლობა დაუსრულებელია. სადავო აქტების კანონიერების გარკვევა საჭიროებს იმის დადგენას წარმოადგენს თუ არა მრავალბინიანი სახლის მინაშენი ერთიან კონსტრუქციას, ეყრდნობა თუ არა შენობის მე-4 დ მე-5 სართულზე ამჟამად უკვე ლეგალიზებული მინაშენი ქვედა სართულზე მდებარე მინაშენებს. საქმეზე უნდა გაირკვეს სადავო მინაშენების და აწ უკვე ლეგალიზებული ზედა სართულის მინაშენის კავშირი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს მე-3 სართულის ზემოთ მდებარე ლეგალიზებული მინაშენის მესაკუთრის განსახილველ წარმოებაში ჩაბმის საკითხი.
სადავო აქტების კანონიერებას არ ადასტურებს მოპასუხის - სსიპ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განხორციელებული სამუშაოებით მიშენებული ფართი არასაცხოვრებელი ფართიდან საცხოვრებელ ფართად გადაკეთდა, რამაც გაზარდა მოსარჩელის წილი საერთო საკუთრებაში. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს. საქმეში დაცულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 17.10.13წ. N7 კრების ოქმი, რომლითაც ხმათა 100%-ით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ გადაწყვიტა გ. კ-ისათვის უკანონო მიშენების ლეგალიზაციაზე ნებართვის მიცემა. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული მოსაზრება, აგრეთვე ის, რომ ბინის მესაკუთრე იმავდროულად საერთო საკუთრების თანამესაკუთრეცაა, ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის შეფარდებით მთელ ფართობთან, ქმნიდა წარმოებაში დაინტერესებული პირის სახით ამხანაგობის ჩაბმის საჭიროებას.
კასატორი მოითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის - სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის მიშენების ლეგალიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფართის ლეგალიზაცია უკავშირდება არა მხოლოდ მშენებლობის დასრულების ვადას, არამედ მთელ რიგ საკითხებს, რომელიც ცდება მოცემული დავის ფარგლებს და ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს შეადგენს (კონსტრუქციული მდგრადობა, იერსახე და სხვ.). ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციულ ორგანოს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ არ გასაჩვრებულა. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა არ დაიშვება (სსკ-ის 407-ე მუხ.), რის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. კ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმებით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იცნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 24.03.2014 წ. №602 განკარგულება „მოქ. გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.01.2014 წ. №1073149 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი