საქმე №ბს-675-668(3კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს „...“ (მოსარჩელე); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე); 3. სსიპ შემოსავლების სამსახურის (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 17 მარტს შპს „...-მ“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის N63891 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „... - ის“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 641339 ლარი, 2013 წლის 4 დეკემბრის შპს „... - ის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის №86-110 ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „... - ის“ საჩივარი და დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „... - ის“ საჩივარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს „...-ზე“ დამატებით დარიცხული თანხის - დღგ-ს ძირითადი თანხის სახით 328685 ლარის, დარიცხული საურავის 80484,07 ლარის, სულ 409169,07 ლარის გაუქმება, მათ შორის ამხანაგობა „...-ში‘‘ შპს „... - ის“ კუთვნილი წილის რეალიზაციის დღგ-ის ძირითადი თანხის 291007 ლარით დაბეგვრის და მასზედ დარიცხული საურავის - 61645,07 ლარის ნაწილში და იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვისა და შესაბამისად გადასახადებით დაბეგვრის - დღგ-ის ძირითადი თანხის 37678 ლარისა და მასზედ დარიცხული საურავის 18839 ლარის ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „... - ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „... - მ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შპს „... - ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „... - ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის №63891 ბრძანება შპს „... - ის“ მიერ ქ. ბათუმში, ურეხის დასახლება, ... ჩიხი №17ა-ში მდებარე უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე 2009 წლის ერთობლივ შემოსავალში აქტივის ნარჩენ საბალანსო ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის დადებითი სხვაობის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაანგარიშების ნაწილში და ამავე ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის №86-110 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №20404 ბრძანება; დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ქ. ბათუმში, ურეხის დასახლება, ... ჩიხი №17ა-ში მდებარე შპს „... - ის“ კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვროს სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) და ამ ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „... - ის“ საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში შპს „... - ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „... - მ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
3.კასატორს შპს „...-ის“ დაუბრუნდეს 22.08.2016 წლის №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის, 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე