Facebook Twitter

#ბს-689-682(კ-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 მარტს ლ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ ლ. დ-ის ნაწილში ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 10 მარტის #14 საოქმო გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 16 მარტის #3 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ, ასევე, ლ. დ-ის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 აპრილის #06/8 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 2015 წლის 20 აპრილიდან საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ხ-ი, რომელიც ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შეიცვალა უფლებამონაცვლით - მ. თ-ით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის 2015 წლის 20 აპრილის №06/8 ბრძანება ლ. დ-ის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 16 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილება ლ. დ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 10 მარტის №14 საოქმო გადაწყვეტილება ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის თაობაზე ატესტანტის ლ. დ-ის მიმართ მეორე ეტაპის გასაუბრების ნაწილში; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა მეორე ეტაპი - გასაუბრება ლ. დ-ის მიმართ და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ლ. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელე - ლ. დ-ის სასარგებლოდ გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 50 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტეის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ლ. დ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში; ლ. დ-ეს დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი; დანარჩენ ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტეის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი