საქმე Nბს-711-704(კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ც-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: `სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბ. ც-ის დაჯარიმების თაობაზე~ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №328 დადგენილების, `სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბ. ც-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის პირველი აგვისტოს №372 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №589 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბ. ც-ის დაჯარიმების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 1 აგვისტოს №372 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №589 ბრძანება, 2014 წლის 1 აგვისტოს №372 დადგენილების ბათილად ცნობაზე ბ. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 14 ივლისის №328 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №589 ბრძანება, 2014 წლის 14 ივლისის №328 დადგენილების ბათილად ცნობაზე ბ. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ბ. ც-ის მიერ ჩადენილ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით (მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმების წარუდგენლობის შესახებ). ღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სადავო აქტების ძალაში დატოვება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბერის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლისმე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე