საქმე №ბს-718-710(2კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. მ. გ-ე (მოსარჩელე), 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 16 დეკემბერს მ. გ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N560 11 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; მ. გ-ე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის).
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის (პირადი №...) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 ნოემბრის N560 ბრძანება; მოპასუხე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე; მ. გ-ეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მ. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. გ-ისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ემ და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე