203/საზ 21 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1993 წლის 30 აგვისტოს განაჩენით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით _ 1 წლით, 150-ე მუხლის III ნაწილით _ 8 წლით, 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით, შთანთქმის პრინციპით, მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით.
უკრაინის კიროვოგრადის ოლქის გაივორონსკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. ხ--ს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2 წელი, 4 თვე და 25 დღე ჩაეთვალა სასჯელის მოხდის საერთო ვადაში და მას საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 წლით, 7 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული რ. ხ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ რ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილით (ქურდობა ბინაში შეღწევით, ძველი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და, მართალია, წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, მაგრამ აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა მაქსიმალური სასჯელის ზომა.
რ. ხ-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ძველი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორიაც და სასჯელიც.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1993 წლის 30 აგვისტოს განაჩენში, კერძოდ: მსჯავრდებულ რ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილიდან (ძველი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია)და ამ მუხლით სასჯელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტიდან (ძველი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, რ. ხ-ის მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ხ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და რომლისთვისაც შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (პატიმრობის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რადგან აღნიშნულ სასჯელს დაემატა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1993 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი, ცვლილება უნდა შევიდეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში და რ. ხ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა დარჩეს 6 (ექვსი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 5 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით, 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ რ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია)და ამ მუხლით მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მისივე ქმედება სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩეს 6 (ექვსი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 5 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.