Facebook Twitter

206-საზ 29 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით თ. მ-ი, _ დაბადებული .... წელს, ქართველი, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელი და საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ თ. მ-ის მიმართ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

თ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით.

მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ-ძე საქართველოს სისხლის სამართლის კოედქსში განხორციელებულ ცვლილებებზე მითითებით, საჩივრით ითხოვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვილლებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხილს სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება – ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებს (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსს-კის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. -სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.