Facebook Twitter

209/საზ 15 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით რ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 4 სექტემბრიდან.

რ. ჩ-ს განაჩენით მსჯავრი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ასევე ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

მსჯავრდებული რ. ჩ-ი საჩივრით ითხოვს ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ რ. ჩ-ს საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის III ნაწილის “ა”, ,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებს (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის), რაც ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,ა”, “დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რაინდი ჩანქსელიანის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.