Facebook Twitter

#ბს-783-775(2კ-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 აპრილს ო. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ო. კ-ის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 4 მარტის #06-8/1888 მიმართვის, 2012 წლის 26 სექტემბრის #06-8/10709 მიმართვის, 2012 წლის 17 დეკემბრის #06-8/13727 მიმართვისა და ამავე სააგენტოს 2013 წლის 16 აგვისტოს #08-9/578 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. თბილისი, ... რაიონი, ს/კ ...) საზღვრების კორექტირების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კორექტირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის (მდებარე - ქ. თბილისი, ... რაიონი, ს/კ ...) მოთხოვნით წერილობითი განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ საბოლოოდ ო. კ-ის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 4 მარტის #06-8/1888 მიმართვის, 2012 წლის 26 სექტემბრის #06-8/10709 მიმართვის, 2012 წლის 17 დეკემბრის #06-8/13727 მიმართვისა და ამავე სააგენტოს 2013 წლის 16 აგვისტოს #08-9/578 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 4 მარტის #06-8/1888 მიმართვა ქ. თბილისში, ... რაიონში ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ო. კ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, ... რაიონი, ...; არაუმეტეს 360 კვ.მ.) გადაფარვის ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 4 მარტის #06-8/1888 მიმართვა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 26 სექტემბრის #06-8/10709 მიმართვა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 17 დეკემბრის #06-8/13727 მიმართვა და ამავე სააგენტოს 2013 წლის 16 აგვისტოს #08-9/578 ბრძანება და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრისა და 25 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 21 ნოემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 21 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი