საქმე №ბს-910-902(კს-16) 27 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. გ-მა 2015 წლის 25 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო საბჭოს 2014 წლის 15 დეკემბრის სხდომის № 4 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადწყვეტილებით ქ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინებით აპელანტ - ქ. გ-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა; განემარტა მხარეს, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩეოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს, ქ. გ-ს, ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ..., მე-... მ/რ, კვ.1, კორპ.1, ბინა 45 და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, რძალს - ქ. რ-ს, 2016 წლის 7 სექტემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს, ქ. გ-ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 7 სექტემბერს, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 8 სექტემბერს და ამოიწურა 2016 წლის 14 სექტემბრის 24 საათზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ იქნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ ქ. გ-ის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. გ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის რძალს ნამდვილად ჩაბარდა 2016 წლის 7 სექტემბერს ხარვეზის შესახებ განჩინება, მაგრამ იმ დროისათვის თვითონ შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა სოფელში. საფოსტო გზავნილის კონვერტზე არ იყო მითითება მისი მხარისათვის სასწრაფოდ გადაცემის აუცილებლობის თაობაზე და აღნიშნული ცნობილი გახდა სექტემბრის ბოლოს განჩინების მასთან მოხვედრის შემდეგ. ვადის დარღვევა მოხდა წინასწარი განზრახვის გარეშე. ქ. გ-ი ასევე მიუთითებს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში დაავადდა მწვავე ალერგიით, რაც დასტურდება შპს „...“ მიერ 2016 წლის 8 ნოემბერს გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინება ქ. გ-ს გაეგზავნა მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კვ.1, კორპ.1, ბინა 45. საქმეში დაცული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დგინდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 2016 წლის 7 სექტემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (რძალს) - ქ. რ-ს (ტ.2, ს.ფ. 6). აღნიშნულს ადასტურებს უკუგზავნილზე ქ. რ-ის პირადი ნორმის მითითება და მისი ხელმოწერა, რომლის ნამდვილობას ქ. გ-იც ადასტურებს წარმოდგენლი კერძო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შემცველ კონვერტზე არ იყო მითითება მისი ადრესატისათვის სასწრაფოდ გადაცემის თაობაზე, რის გამოც განჩინების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ქ. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ქ. გ-ის სრულწლოვან ოჯახის წევრს ჩაბარდა 2016 წლის 7 სექტემბერს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ითვლება განჩინების ჩაბარებად ქ. გ-ისათვის, თუმცა მას ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადაში არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. ამასთან, კერძო საჩივარში მითითებული გარებოებები არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა ქ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება ქ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე