კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-948-940(კს-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმე დ. ხ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების მიმართ.
2015 წლის 27 აგვისტოს დ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების მიმართ.
მოსარჩელემ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს MCLA 1 15 00678135 განკარგულების ბათილად ცნობა და აღნიშნული განკარგულების საფუძვლეზე გაცდენილი 6 სატელეფონო საუბრის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ–კონტროლიორის – გ. ტ-ის და ინსპექტორის – ლ. ჩ-ის მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, მასზედ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 13:35 საათზე, №25 საკანში განთავსებული მსჯავრდებული დ. ხ-ი სასეირნოდ ეზოში ყოფნისას, გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა სხვა საკანში მყოფ პატიმრებს. დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსჯავრდებულმა დ. ხ-მა გააგრძელა ხმაური და გადაძახილი, რითაც დაირღვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება, ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
2015 წლის 18 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა MCLA 1 15 00678135 განკარგულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის დ. ხ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა მომდევნო 2 თვის განმავლობაში.
მსჯავრდებულმა - დ. ხ-მა სადავოდ გახადა აღნიშნული დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება გარანტირებულია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უზენაეს კანონს, უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პატიმრობის კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი (ანუ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა), აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანმხლები დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კანონით „პატიმრობის კოდექსით“.
„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული და არც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს.
საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს დისციპლინური დარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს დ. ხ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი