საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-956-947(კს-16) 26.12.2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი/მ კ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 20 ოქტომბერს ი/მ კ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 13 დეკემბრის №28647 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 14 დეკემბრის №081-204 საგადასახადო მოთხოვნის, 2013 წლის 15 აპრილის №15445 ბრძანების, 2013 წლის 25 ნოემბრის №81-558 საგადასახადო მოთხოვნის, 2014 წლის 25 მარტის №17511 ბრძანების, 2013 წლის 12 ივლისის №081-636 ბრძანების, 2011 წლის 20 დეკემბრის ალტერნატიული საგადასახადო აუდიტორული შემოწმების აქტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 სექტემბრის №7284/2/14//7901/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2015 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გარდა მოპასუხედ, ასევე, დაასახელა სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით ი/მ კ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ კ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით ი/მ კ. ბ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1146.50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა, ხოლო 2016 წლის 15 აგვისტოს და 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებებით ი/მ კ. ბ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი/მ კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით აპელანტმა კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება ი/მ კ. ბ-ს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 25 ნოემბერს, ვადის დენა 2016 წლის 26 ნოემბრიდან დაიწყო და 2016 წლის 7 დეკემბერს ამოიწურა. ი/მ კ. ბ-მა კი კერძო საჩივარი ფოსტას 2016 წლის 8 დეკემბერს წარუდგინა, ანუ, ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 416-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ კ. ბ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი