№ბ-1439-8(ა-16) 08 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი _ შსს სსიპ მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჩ-ე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2016წ. №ბს-862-854(2კ-16) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჩ-ემ 01.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ შინაგან საქმეთა მინისტრის 19.09.2014წ., 20.01.2015წ. ბრძანებების ბათილად ცნობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ი. ჩ-ის სამსახურში აღდგენის და სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის იძულებითი გაცდენილი პერიოდის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2015წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19.09.2014წ. და 20.01.2015წ. ბრძანებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2016წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2015წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შსს სსიპ მომსახურების სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2016წ. განჩინებით შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასციო საჩივარი, როგორც გასაჩივრების ვადის დარღვევით შემოტანილი, განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე სსიპ მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა და ჩაბარდა 31.08.2016წ. (ს.ფ. 293). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 21.09.2016 წ. (ოთხშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარი მხარემ სასამართლოში წარადგინა 22.09.2016წ. (ს.ფ. 305), საკასაციო საჩივარზე თანდართული კონვერტი არ შეიცავს მითითებას საკასაციო საჩივრის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის სხვა თარიღის შესახებ (ს.ფ. 316), რის გამოც სსკ-ის 397.1, 61.3, 63-ე მუხლების საფუძველზე შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით შემოტანილი, დატოვებულ იქნა განუხილველად.
01.12.2016წ. შსს სსიპ მომსახურების სააგენტომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 04.11.2016წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა რომ „...“ წარმომადგენლის მიერ დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი: ფოსტამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაბარებულ კონვერტზე არ მიუთითა გზავნილის ფოსტაში შესვლის თარიღი. განმცხადებლის მითითებით საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილ იქნა 20.09.2016წ. - გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დაცვით, რასაც ადასტურებს მომართვა „...“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს განცხადებაზე თანდართულია „...“ მომართვა, რომლის მიხედვით N2357026 პაკეტის გაგზავნის თარიღია 20.09.2016წ., ამასთანავე, აღნიშნული პაკეტი სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 22.09.2016წ.. საქმეში დაცული შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნომრად მითითებულია N7 16 02357026 (ს.ფ.305), კორესპონდენცია სააპელაციო სასამართლოს მიღებული აქვს 22.09.2016წ..
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა ეწურებოდა 21.09.2016 წ. 24 საათზე. „...“ მიმართვის თანახმად, კორესპონდენცია ფოსტას წარედგინა 20.09.2016წ. . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი 21-დღიანი ვადის დაცვით არის შემოტანილი, ამასთანავე, საკასციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო „...“ მიერ დაშვებული ხარვეზით, რადგან კონვერტზე არ იყო მითითებული გზავნილის (საკასაციო საჩივრის) ფოსტაში შეტანის თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს გაცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.11.2016წ. განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შსს სსიპ მომსახურებისა სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2016წ. №ბს-862-854(2კ-16) განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი