Facebook Twitter

საქმე #ბ-1477-2(ბ-16) 09 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინების გაუქმების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა 01.11.2006 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999 წ. N48 ბრძანებულების და 26.02.2002 წ. N872 განკარგულების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს, დაეკისროს მოსარჩელისთვის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 2934 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.10.2008 წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2009 წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.10.2008 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის - 9780 ლარის ოდენობით, ნ. ბ-ის სარჩელი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ყოველთვიურად სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-მა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.11. 2009წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

29.05.2014წ. ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა - 9 780 ლარი შეადგენდა თუ არა 10 თვის სარჩოს ჯამს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2014 წ. განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2014წ. განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2014წ. განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ნ. ბ-ის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, განემარტა განმცხადებელს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდის 10 თვის სარჩოს - თვეში 978 ლარის გადახდა, სულ 9780 ლარის ოდენობით.

23.12.2015 წ. ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 23.06.2009წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 423-ე, 426-ე, 429-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახეზეა სსკ-ის 426.4 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის დაუშვებლობის საფუძველი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5-წლიანი ვადის გასვლა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.11.2009 წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2009 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ნ. ბ-მა სასამართლოს მიმართა 23.12.2015 წ., ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდგომ, ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ წარმოდგენილი განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინება.

08.12.2016წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ნ. ბ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო მოსამართლე მ. ვაჩაძეს, რადგან იგი მონაწილეობდა ნ. ბ-ის საქმეზე 12.11.2009წ. განჩინების მიღებაში, ამდენად დაირღვა სასკ-ის მე-7 მუხლის მოთხოვნა. ამასთანავე, სააპელაციო და საკასციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის 5-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების განმარტების და არა სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები. სსკ-ის 422.1 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება, რომელსაც ნ. ბ-ი კერძო საჩივარს უწოდებს, შინაარსობრივად წარმოადგენს განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ნ. ბ-ი აღნიშნული განჩინების გაუქმებას ითხოვს სსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, იმის გამო, რომ მისი მოსაზრებით გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინება. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ბ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სააპელაციო პალატის 23.06.2009წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რადგან განმარტების მეშვეობით ხდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებების განმარტება და აღსრულების ხელშეწყობა, რაც არ ცვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს. გადაწყვეტილების განმარტებისას არ ხდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა (სსკ-ის 262-ე მუხ.). პალატამ მიუთითა, რომ სსკ 426-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში კი კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, რასაც მოჰყვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (სსკ-ის 264.2 მუხ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. ბ-ი არ ეთანხმება დამდგარ სამართლებრივ შედეგს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შედეგი არღვევს მის კანონით დაცულ უფლებებს არ ქმნის განჩინების გაუქმების საფუძველს. განმცხადებელს დავის განხილვის განახლების ძირითად საფუძვლად ისეთ გარემოებებზე აქვს მითითებული, რომელთა შესახებ 03.11.2016წ. განჩინებაში იმსჯელა უზენაესმა სასამართლომ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის მოსაზრება, რომ სასკ-ის მე-7 მუხლის საფუძველზე მოსამართლე მ. ვაჩაძეს ეკრძალებოდა სადავო განჩინებაზე ხელმოწერა, საფუძველს მოკლებულია, რადგან სასკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსამართლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინიტრაციულ წარმოებაში. ამასთანავე, რაც შეეხება სსკ-ის 29-ე მუხლის დანაწესს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმა ადგენს ერთი და იმავე საქმის განხილვაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, 23.06.2009წ. განჩინება, რომელიც მოსამართლე მ. ვაჩაძის მონაწილეობით არის მიღებული, გამოტანილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ანუ იმავე ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომელმაც მიიღო 03.11.2016წ. განჩინება ნ. ბ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი