Facebook Twitter

საქმე ბს-642-635 (გ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ვ. ე-ისა და კ. ფ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხაშურის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ე-მა და კ. ფ-ემ 2016 წლის 29 ივლისს საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 18 ივლისის №20/24-1784410 დადგენილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 აგვისტოს დადგენილებით ვ. ე-ისა და კ. ფ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი იყო ხაშურის რაიონი, ამდენად, მოცემული დავა ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო.

ხაშურის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ დადგენილებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულია ალტერნატიული განსჯადობა. საჩივრის ავტორებმა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მომჩივანთა მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ვ. ე-ისა და კ. ფ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.

მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-ე–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ე-სა და კ. ფ-ეს ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე აქვთ დაკისრებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საჩივრის ავტორების საცხოვრებელი ადგილია: ვ. ე-ის - ქ. თბილისი, ..., მე-2 კორპ. ბ. №68 და კ. ფ-ის - ქ. თბილისი, ... ქ. №14.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ხაშურის რაიონულ სასამართლოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. ე-ისა და კ. ფ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ე-ისა და კ. ფ-ის საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე