Facebook Twitter

250საზ 9 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე(თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. შ.-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით ს. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის «ზ», ,,კ” ქვეპუნქტების (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, ს. შ.-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებული ს. შ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. შ.-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179 მუხლის პირველი ნაწილი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179 მუხლის პირველი ნაწილი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. შ.-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო აღნიშნული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი მას უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა მას უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და ს. შ.-ს ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ს. შ.-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის «ზ», ,,კ” ქვეპუნქტებით (მითითებული რედაქცია), აგრეთვე იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, სპარტაკ შეროზიას მიმართ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი განსაზღვრულია მოქმედი კანონით დადგენილ ფარგლებში და მისი შეცვლისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. შ.-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ს. შ.-ს მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში აგრეთვე მსჯავრდებულ ს. შ.-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.