Facebook Twitter

ბს-296-294(კ-16) 26 იანვარი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ც. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-ემ 20.11.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 03.09.2013წ. გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზესტაფონში, ... ქ. N2-ში მდებარე N2 ბინაზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2013 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

ლ. ს-ემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა 11.12.1998წ. საჯარო ვაჭრობის აქტის ნამდვილობის აღიარება, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 03.09.2013წ. N882013275061-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2013წ. N192977 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო ვაჭრობის აქტით შეძენილი ზესტაფონში, ... ქ. N2-ში მდებარე N2 ბინაზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების აღირცხვის დავალება, ხოლო მოპასუხედ დამატებით მიუთითა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 18.03.2014წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღიარებულ იქნა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 11.12.1998წ. შედგენილი საჯარო ვაჭრობის აქტის ნამდვილობა, რომლითაც ც. და ლ. ს-ეებს საკუთრების უფლებით გადაეცათ ქ. ზესტაფონში, ... ქ. N2/2-ში მდებარე ბინა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13.08.2014წ. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ც. ბ-მა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 18.03.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.09.2014წ. განჩინებით ც. ბ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ც. ბ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2014წ. განჩინებით ც. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.09.2014წ. განჩინება და დაკმაყოფილდა ც. ბ-ის განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 18.03.2014წ. გადაწყვეტილება და ლ. ს-ის სარჩელთან დაკავშირებით განახლდა საქმის წარმოება, საქმე მომზადების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

10.12.2014წ. განცხადებით ც. ბ-მა მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.12.2014წ. განჩინებით ც. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ზესტაფონში, ... ქ. N2-ში მდებარე N2 ბინას, რაც გასაჩივრდა ლ. ს-ის მიერ.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 08.01.2015წ. განჩინებით ლ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2015 წ. განჩინებით ლ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ც. ბ-მა 22.12.2014წ. შეგებებული სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ლ. ს-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა 11.12.1998 წ. საჯარო ვაჭრობის აქტის ბათილად ცნობა, ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 30.05.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ზესტაფონში, ... ქ. N2-ში მდებარე N2 ბინის ც. ბ-ის სახელზე აღრიცხვა და 06.11.1998წ. ყადაღის არარსებობის აღიარება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 17.06.2015წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღიარებულ იქნა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 11.12.1998წ. შედგენილი საჯარო ვაჭრობის აქტის ნამდვილობა, რომლითაც ც. და ლ. ს-ეებს საკუთრების უფლებით გადაეცათ ქ. ზესტაფონში, ... ქ. N2/2-ში მდებარე ბინა, დანარჩენ ნაწილში ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ც. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ც. ბ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. განჩინებით ც. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ც. ბ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, ნ. ბ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ცაგო ბ-ის საკასაციო საჩივარზე 06.04.2016წ. =102 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. განჩინება;

3. ნ. ბ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს ც. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 06.04.2016წ. =102 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი