Facebook Twitter

272/საზ 24 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 21 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენით ქარელის რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება და გ. ი-ს სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

გ. ი-ს განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობისათვის დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად.

მსჯავრდებული გ. ი-ი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ი-ის საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება (ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 19, 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებდა 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 177-ე მუხლის III ნაწილის “ა”, ,,დ” ქვეპუნქტებს (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ესეც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ი-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.