ბს-461-456(კ-16) 12 იანვარი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-ემ 17.10.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მ. ქ-ის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომისიის 17.06.2014 წ. №22 სხდომის ოქმი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 11 836 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკადასტრო მონაცემების კორექტირების თაობაზე, ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 05.08.2013 წ. №1/1-658 ბრძანება მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული 682 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის ნაწილში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად და დაევალოს მოპასუხეს საკადასტრო მონაცემებში (კოდით N...) განახორციელოს საზღვრების კორექტირება დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით, შემდგომში უძრავი ქონების საჯარო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით.
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 31.10.2014წ. განჩინებით მ. ქ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო სოფ. ... მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული 11 836 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 682.38 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასრტო კოდი N...).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.02.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 18.03.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.06.2014წ. N22 სხდომის ოქმი მ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 05.08.2013წ. N1/1-658 ბრძანება მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული 682 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებულლი საცხოვრებელი სახლის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს მოახდინოს სოფელ ... არსებული 11 836 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. N...) საზღვრების კორექტირება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენა დაზუსტებული ფართის რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2016წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახემწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2016წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი