286საზ ქ. თბილისი
4 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. თ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენით ვ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ”’ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით, ამავე კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ა”, ,,კ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (2000 წლის 5 დეკემბრის) თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით. მასვე სამოქალაქო მოსარჩელის _ მ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ნაწილში 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო ფიზიკური ზიანის ნაწილში _ 12636 ლარისა და 50 თეთრის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ვ. თ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ა”, ,,კ” ქვეპუნქტების საფუძველზე შერაცხული ბრალდება, ხოლო შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით _ შეუმცირდა 3 (სამი) წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ვ. თ-ი და მისი დამცველი, ადვოკატი ნ. ფ-ი საჩივრებით ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ვ. თ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ” პუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მართალია, საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. თ-ს ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომა დანიშნული აქვს ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, განჩინების ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
რაც შეეხება ვ. თ-ს ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განჩინების ამ ნაწილთან მიმართებით ასევე არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ვ. თ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. თ-ის და მისი დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ვ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.